ქვეყნიერების მერვე საოცრება
"თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ ნახოთ, სხვა ქვეყანაში წასვლა რაღად გინდათ - იგი აქ არის, ინდონეზიაში, ფლორესის კუნძულებზე", ასე ეუბნებიან ინდონეზიელები ტურისტებს.
ეს საოცრება რომ ნახოთ, კელიმუტუს მთის მწვერვალზე უნდა ახვიდეო. იქიდან მართლაც საოცარი სანახაობა გადაგეშლებათ თვალწინ.
ერთ მხარეს რომ გაიხედავ, დაინახავ ტბას, რომელშიც რძესავით თეთრი წყალია, მაგრამ მეორე მხარეს გაჰხედავ, თვალწინ გადაგეშლება სისხლისფერად წითელი ტბა; კიდევ შებრუნდები და... თვალს მოგტაცებს მოლურჯოიმწვანე ტბა, სანახაობა ისე იცვლება, თითქოს კალეიდოსკოპში იყურები. თვალით ხედავ და ვერ დაგიჯერებია, რომ მართლა ასეა - ზღაპარში გგონია თავი! ტბების ფერთა ასეთი საოცარი გამა გაოცებას და აღგაფრთოვანებს კიდეც.
მეცნიერებმა ამოიცნეს "ქვეყნიერების მერვე საოცრების" საიდუმლოება. სამივე ტბა ჩამქრალი ვულკანების კრატერებში მდებარეობს. მათი წყალი სხვადასხვა ფერის იმიტომ არის, რომ სხვადასხვა ფერის მინერალებია მასში გახსნილი. წითელ ფერს წყალს აძლევს რკინის შენაერთები, თეთრ და მოლურჯო-მწვანე ფერს კი - გოგირდის სხვადასხვანაირი ნაერთები.