სენსაციური განცხადება გააკეთა კოალიცია "ერთსულოვნება"-მ, მათი განცხადებით მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის.
კოალიცია "ერთსულოვნება", რომელშიც გაერთიანებულია სამოცდაათამდე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის.
გთავაზობთ ჯი-ეიჩ-ენი მიმართვის ტექსტის ნაწილს:
"ჩვენ, კოალიცია "ერთსულოვნება", სადაც გაერთიანებულია სამოცდაათამდე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ერთ მილიონზე მეტ ხელმომწერ, საქართველოს მოქალაქეთა და ქვეყნის უზენაესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის სახელით, ვაცხადებთ:
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 2013 წლის 21 იანვრიდან, კონსტიტუციის 70-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა და იგი დღეს 24:00 საათიდან საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის!!!
აღნიშნული მომენტიდან საქართველოს პრეზიდენტის რანგში მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ჩაითვლება ხელისუფლების მითვისებად.
ყველა ვინც მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებს საქართველოს პრეზიდენტის რანგში, დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას და გაკეთოს განცხადება თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ვადის ამოწურვით განპირობებული საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის გამო და ხელისუფლების უწყვეტობის პრინციპის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით ვაცხადებთ: პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება უნდა დაეკისროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს."