უპირველეს ყოვლისა, მინდა ავღნიშნო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პოზიტიური დამოკიდებულება ნატოსთან ინტეგრაციის თაობაზე.
განსაკუთრებით ავღნიშნავ იმ მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს სტაბილურ, ლიბერალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც პოლიტიკური ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლა ან ხელისუფლების ცვლა საფრთხეს არ შეუქმნის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, კერძო საკუთრებისა და არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფას ნატოს წევრი ქვეყნების სდანდარტების დონეზე. ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ალანსში შესვლა საქართველოსათის და მისი მოქალაქეებისათვის ნიშნავს შემდგომ წარმატებულ სვლას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარების გზაზე. ასევე დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების პროცესის შეუქცევადობას.
ნატოს პოლიტიკაა დაიცვას მშვიდობა, თავიდან აიცილოს ომი, გაზარდოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დონე. პოლიტიკურ ასპექტში ნატო-ს წევრობა იძლევა საერთაშორისო პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობას, ეს კი თავისთავად წევრ სახელმწიფოებს აძლევს საშუალებას ხელი შეუწყოს საკუთარი ეროვნული ინტერესების განხორციელებას საერთაშორისო პროცესში, ასევე მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის და რეგიონისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების გადაწყვეტაში.
ნატოს წევრობა პოზიტიურად აისახება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რამდენადაც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით გასატარებელი რეფორმები ევროკავშირის გაწევრიანებისათვის დაწესებული კრიტერიუმების შემადგენელი ნაწილია. ორივე ორგანიზაცია იზიარებს საერთო ფასეულობებს და მიზნებს, ამასთან ისინი თანამშრომლობენ უსაფრთხოების მთელ რიგ ასპექტებში.
სამხედრო-პოლიტიკური თვალისაზრისით, ნატოს წევრობა საუკეთესო ხელმისაწვდომი გარანტია ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ის არის წინაპირობა და საშუალება თანამედროვე და სათანადოდ აღჭურვილი შეიარაღებული ძალების მშენებლობისათვის. საგანგებო შემთხვევებში ადეკვატური და კოლექტიური რეაგირების უნარით.
ეკონომიკური თვალსაზრისით, ალიანსის წევრობას მოაქვს პირდაპირი და არაპირდაპირი სარგებელი. უსაფრთხოება, როგორც ეკონომიკური განვითარების ზრდის წინაპირობა, ხელს უწყობს პოტენციურ ინვესტორებში სავაჭრო პარტნიორებსა და ტურიზმის სფეროში ნდობის ჩამოყალიბებას. აღნიშნული, თავის მხრივ, დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და შრომის ანაზღაურებაზე.
ნატოს თავისთავად მოაქვს ეკონომიკური შესაძლებლობები, როგორც ერთობლივად დაფინანსებული ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების აღწურვილობის პროგრამების მონაწილეებს, ასევე წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, ისეთი აღჭურვილობისა და ინფრსატრუქტურის მოდერნიზაციასა და აგებაში, როგორიცაა აეროპორტები, კომუნიკაციები, საინფორმაციო სისტემები, რადარები, სანავიგაციო სისტემები და ა.შ. ქვეყნებს ხელი მიუწვდებათ სამხედრო ტექნოლოგიების უფრო მაღალ სტანდარტებზე, ისევე როგორც შესაძლებლობებზე - მონაწილეობა მიიღონ უცხოური კვლევითი ცენტრების საქმიანობაში და ჩაერთონ ნატოს მიერ დაფინანსებულ ან წევრ სახელმწიფოთა მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებში.
საქართველო დღეს საჭიროებს სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას, ეკონომიკის განვითარება კი აუცილებლად მოითხოვს უსაფრთხოების საგარეო პოლიტიკურ გარანტიებს და ამის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა ნატო. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც თავის დროზე შექმნა დასავლეთ ევროპის სტაბილური ეკონომიკური განვითარების პირობები. სწორედ მან არ დაუშვა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ნაკლებად განვითარებული წევრი სახელმწიფოების ეკონომიკის დაცემა. ნატოს წევრი სახელმწიფოს მეწარმეებისათვის აცხადებს ტენდერებს და ასეთ ტენდერებში ქართველ მეწარმეთა გამარჯვება ჩვენი ეკონომიკისათვის დამატებით სტიმულს, ხოლო მოქალაქეებისათვის დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას ნიშნავს.
საქართველო დაზღვეული იქნება საგარეო აგრესიის საფრთხისაგან, რაც ასევე მკვებავ წყაროებს გადაკეტავს ქვეყნის შიგნით უკვე არსებული თუ პოტენციური კონფლიქტებისათვის. ნატოსთან ინტეგრაცია შექმნის ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაციისათვის და მსხვილი ინვესტორებისათვის აუცილებელ მიმზიდველ გარემოს.
საქართველოს ნატოსთან გაწევრიანება შეესაბამება თვით მოკავშირეთა სტრატეგიულ ინტერესს. ეს ინტერესი არის სტაბილურობის გავრცელება რეგიონში, რომელიც ევროატლანტიკური სივრცის ნაწილსაც წარმოადგენს და იმავდროულად პოტენციური თუ რეალური საფრთხის შემცველ რეგიონებსაც ესაზღვრება, ამასთან უმოკლესი მისადგომია ენერგეტიკული რესურსების უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებთან. საქართველოს ამჟამადაც შეაქვს თავისი წვლილი ანტიკრიზისულ, სამშვიდობო თუ სამაშველო ოპერაციებში, რაც თავის მხრივ უპირატესობას ანიჭებს ჩვენ ქვეყანას ალიანსთან ინტეგრაციის მიმართულებით.
გაწევრიანების შემთხვევაში საქმე დღევანდელობისაგან არსებითად განსხვავებულ რეალობასთან გვექნება. ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი ქვეყანა შეუდარებლად უფრო მიმზიდველი იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის, რამაც არ შეიძლება ჩვენთვის სასურველი, დადებითი გავლენა არ იქონიოს მოლაპარაკების პროცესზე და რაც მთავარია, გამოირიცხება 90-იანი წლების დასაწყისის მოვლენათა განმეორება, რადგან საქართველო დაცული იქნება გარე, დესტრუქციული ძალების ზემოქმედებისაგან.
ნატო უთუოდ არის ყველაზე ეფექტური საერთაშორისო თანამედროვე ორგანიზაცია უსაფრთხოების სფეროში. ალიანსის წარმატების გასაღები იმ პრინციპებსა და ფასეულობებშია, რომელთა საფუძველზეც ის აღმოცენდა საფღტხეების გადანაცვლების ფონზე.
დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა პატივისცემა და კანონის უზენაესობის ფასეულობები - ეს არის ის, რაც აერთიანებს წევრ სახელმწიფოებს. ღია კარის პოლიტიკით ალიანსი ისწრაფვის გააერთიანოს ძალისხმევა მის ახალ წევრებთან, რომლებიც იზიარებენ ევროატლანტიკურ ფასეულობებს. ალიანსის ევროატლანტიკური სივრცის მიღმა ხმელთაშუა ზღვისპირეთის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან პარტნიორულ ურთიერთობებზე ფოკუსირებით წარმოაჩენს მის მზადყოფნას, იმოქმედოს როგორც ორგანიზაციამ, რომელსაც შესწევს უნარი აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს თანამედროვე საფრთხეების გამოწვევა.
მიმაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია არის საუკეთესო არჩევანი, რომელიც გაზრდის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ვინაიდან ალიანსის ფუნდამეტურ პრინციპს წარმოადგენს წევრ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ან მრავალმხრივი თანამშრომლობისათვის მუდმივი მზადყოფნა. ეს კი იმის გარანტია, რომ საფრთხის დადგომისას წევრი ქვეყანა მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს არ დაეყრდნობა, რაც გამოდმინარეობს ჩრდილო-ატლანტიკური შეთანხმების მე-5 მუხლიდან, რომლის თანახმად: “მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაზე, ან ჩრდილოეთ ამერიკაზე შეიარაღებული თავდასხმა განხილულ იქნება, როგორც შეტევა ყველას წინააღმდეგ. შესაბამისად, ასეთი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში თითოეული მათგანი, ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლებაზე დაყრდნობით (გაერთიანებული ერების ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით), დაუყონებლივ დაეხმარება მხარეს ან მხარეებს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად, თუ ასეთი მოქმედება გახდება საჭირო, მათ შორის შეიარაღებული ძალების გამოყენებით, რათა აღდგეს და შენარჩუნდეს ჩრდილო-ატლანტიკური მხარის უსაფრთხოება’’.