x
image
t.x.
გაყიდული შვილის ფულით ნაყიდი ჯინსის კაბა

imageმაროს ბიჭმა ცოლი მოიყვანაო, გავარდა ხმა. ეს მაროს ბიჭი საცოლე ასაკს უკვე კარგა ხნის გადაცილებული იქნებოდა და ამიტომ მიიქცია ჩემი ყურადღება, თუ შემდგომ განვითარებული მოვლენებით, აღარ მახსოვს. ის კი მახსოვს, რომ ატყდა ერთი ამბავი, მოვიდნენო, გაისმა სიგნალების ხმა და ღობეებზე გადმოეფინნენ მეზობლის ქალები, მუშტრის თვალებით მომზირალნი აფასებდნენ პატარძალს. ბევრი იქაქან-იყაყანეს და დაასკვნეს - ლამაზიაო. ისიც თქვეს, ასეთი ლამაზი ქალი მაროს ბიჭს როგორ გამოჰყვებოდაო. (მაროს არც წესიერი სახლი ჰქონდა და არც ქონება ებადა რამ. ისედაც, დიდი სწავლა- განათლებითაც არ გამოირჩეოდა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, წერა-კითხვა ძლივს იცოდა) გამოჰყვებოდა, აბა რა ექნა, თან რამხელა კუდი მოჰყვაო. კუდის გაგონებაზე თვალები დავჭყიტე. რაღა თქმა უნდა, კუდი ნამდვილი მეგონა. შემდეგი დღეები მაროს ეზოსთვის თვალი არ მომიშორებია. ძალიან მინდოდა კუდიანი პატარძლის დანახვა. ერთხელაც თვალი შევასწარი შოლტივით ქალს. მოკლე კაბა ეცვა. კუდი კი... რა მოგახსენოთ, არსად უჩანდა. მალე მისი კუდიც დამავიწყდა.

ერთ-ორ კვირაში მათ ეზოში თვალებბრიალა სამიოდე წლის გოგონა დავინახე. მერე ისევ ატეხეს უბნის რძლებმა ჭორაობა. მამა რომ ჰყოლოდა კი ვერ გაჰყიდდაო... ის რომ არ მომკვდარიყო, თვითონაც მეორედ ხომ აღარ გათხოვდებოდაო... ჩემს მიახლოვებაზე ქალები ჩუმდებოდნენ. ძალიან მწყინდა და ინტერესი მიმძაფრდებოდა. მეც ხომ ექვი- შვიდი წლის ძლივს ვიქნებოდი. image
იმ დღეს დედაჩემს ფორიაქი ეტყობოდა. თვალი სულ ფანჯრისკენ ეჭირა. აივანზე ხშირად გადიოდა და კისერწაგრძელებული, მალულად გადახედავდა ხოლმე მაროს ეზოს. შუადღისას ქუჩაში მოწითალო-მოაგურისფრო მანქანა გაჩერდა. დედაჩემი ჩამოფარებული ფარდის უკანიდან იჭვრიტებოდა. მეც მას მივბაძე, ოღონდ ეზოში, ღობეში კარგა მოზრდილი ჭუჭრუტანა მეგულებოდა და მას ავეწებე. დიდხანს არც დაყოვნებულან, მალე სახლიდან ორი ქალი გამოვიდა, აღრიალებულ პატარას მოათრევდნენ. ერთმა აიყვანა, ჩაიხუტა და მანქანაში ჩასხდნენ. სახლიდან არავინ გამოჰყოლიათ. გარშემო ავი სიჩუმე იდგა. ქუჩაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ახლა ვხვდები, რომ ყველა ეზოდან აცილებდნენ დამალული თვალები პატარას.

ქვეყნის რამე იყიდესო, ჭორაობდნენ მეზობლები. მაროს რძლის დანახვაზე კი ცხვირს იბზუებდნენ და ამბობდნენ: მიწა კი დაგეყაროს, შვილი გაყიდა და ჯინსის კაბა იყიდაო...

ის მალე მაროს ბიჭსაც გაშორდა და მესამედ გათხოვდა. მე კი დღესაც ჯინსის კაბის დანახვაზე პატარას შავი, ცრემლიანი თვალები მახსენდება.

4
159
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
159
  
2012, 19 დეკემბერი, 0:10
შემიძლია დავიფიცო. ნამდვილი ამბავია. გინდ დაიჯერე, გინდ არა.
2012, 18 დეკემბერი, 22:35
ბარონი მიუნჰაუზენი შენი რა არი ტო???
2012, 12 დეკემბერი, 8:55
გადასარევი ნოველაა. ზეკლასი.
2012, 11 დეკემბერი, 22:24
ბოზანდარა:D
0 1 4