სხვა მამამ დაბადების დღე კოშმარად მიქცია 2012, 8 დეკემბერი, 22:00 ერთი თვეა 18-ის გავხდი. მშობლები თავს დამტრიალებდნენ და ცდილობდნენ არაფერი მოეკლოთ. მეც მინდოდა სანაქებო შვილი ვყოფილიყავი და კარგად ვსწავლობდი. ჩემმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გავხდი. როგორც უკვე გითხარით, წინა თვეში დაბადების დღე მქონდა. სწორედ მაშინ იქცა ჩემი ცხოვრება კოშმარად. მშობლებმა დაბადების დღის გადახდა შემომთავაზეს, ოღონდ სურდათ, რომ ახალი მეგობრები დამეპატიჟა. მე კი ეს არ მინდოდა, რადგან მათ ჯერ წესიერად არც კი ვიცნობ. თან თვითონაც უნდოდათ იმ "ახლების" შეთვალიერება. ახალი მეგობრების ნაცვლად, ძველი კლასელების დაპატიჟება ვთხოვე და სასტიკი უარი მივიღე. ეს იმიტომ, რომ ჩემს კლასში სწავლობდა ერთი ბიჭი, რომელიც ძალიან მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. ჩემს მშობლებს კი მისი დანახვაც არ უნდათ, უსახლკარო მათხოვარს ეძახიან, ისინი სულ ხუთნი არიან, ორი და და სამი ძმა. სანამ სკოლაში ვსწავლობდი რა მიჭირდა, ყოველ დღე ვხვდებოდი, მაგრამ ახლა, ყველგან მამას დავყავარ მანქანით და მას ახლოსაც არ მაკარებენ. ჩემი დაბადების დღე რა თქმა უნდა, ჩემს შეყვარებულსაც ახსოვდა და ძალიან ორიგინალურად მომილოცა. მეორე სართულზე ვცხოვრობ და ფანჯრის წინ გაზით გაბერილი გულის ფორმის ბუშტები ამოფრინდა, ზედ ლამაზი თაიგული ეკიდა. ლენტით ისე იყო მობმული ქვემოთა მოაჯირს, რომ ფანჯარასთან გაჩერდა. ჩემმა მშობლებმა ეს რომ დაინახეს, ატეხეს ერთი ამბავი, თავი მოგვჭერიო, ბუშტები შიგნით შემოათრიეს და სულ დაწიწკნეს, მგონი 18 იყო. ყვავილებიც ზედ მიაყოლეს. ამას ჩემი 7 წლის ძმის ტირილიც დაერთო, მასაც ძალიან მოეწონა ბუშტები და დედას ეხვეწებოდა ერთი მაინც მომეციო. მე კი ვზივარ და ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავ, არ ვიცი რა მეშველება. მხოლოდ ხანდახან ვახერხები ჩემი შეყვარებულისთვის მიმეწერა. ახლა აღარც ეს მინდა, იმ დღის მერე მრცხვენია, ვიცი, ყველაფერს მიხვდა. (გოგონამ ვინაობის გამხელა არ ისურვა და სახელებიც არ მოვიხსენიეთ) 294 12-ს მოსწონს
|