საქართველო
"ეს აფერისტი. ვინც მიყვარს, ყველას ვფიცავარ ესაა სიმართლე."- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
2024, 28 დეკემბერი, 10:03
"ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში "ცოცხალი ჯაჭვის შესახებ" მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქსტატუსს ეხმაურება და წერს:
"ეს აფერისტი.
ჯაჭვის იდეა მას თავს მოვახვიე მე.
აგვისტოს ბოლოსკენ დამირეკა ჩვეულებრივი აქციის ორგანიზებას მთხოვდა.
მე გადავუტანე 1 სექტემბერს – ნატოში რუსეთ – საქართველოს ომის საკითხი იხილებოდა.
და ვუთხარი, რომ განსხვავებული ფორმა ჯობია, რადგან არც ომია რიგითი მოვლენა.
ეს იდეა არსებობდა თბილისის ფორუმზე. მე ძალიან მომწონდა. უშუალოდ იმ კონტექსტში გაუჩნდა ნუცა კუხიანიძეს (გუკა რჩეულიშვილი და ნუცა პროტესტის ფროდაქშენს აკეთებდნენ ჩვენთან ერთად)
ვინც მიყვარს, ყველას ვფიცავარ რომ მთელი 10 დღე მეჩხუბებოდა
რომ ეს საშინელი იდეაა და ქართველებს ეს არ გამოუვათ.
იმდენად დამსტრესა, რომ ერთ კვირა დღეს დილის 6 საათზე წამოვხტი, კოშმარებით, რომ ჩაიშალა და მივუვარდი მძინარე გიგი უგულავას, რომელსაც მშრალი შიმშილობით დავემუქრე, თუ პატრიარქთან არ წავიდოდა, არ აუხსნიდა ჯაჭვის არსს ისე, რომ მას მოსწონებოდა, და სთხოვდა საკვირაო წირვაში “ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს” ეხსენებინა (რომელსაც მე დავეტაკებოდი, ამოვჭრიდი, გავაკეთებდი კლიპს და იტრიალებდა ყველგან) – თქვა პატრიარქმა.
1 სექტემბრის ღამესაც მეჩხუბებოდა.
მეუბნებოდა რომ ხალხი არ მოვა, და არც თვითონ მოვა.
მაგრამ საკრებულოს აივანზე მიკროფონი მაინც დავუდგი.
გამოვიდა მილიონზე მეტი ადამიანი.
მიშა მოვიდა და ექსტაზში ღრიალებდა საკრებულოს აივნიდან.
ესაა სიმართლე."- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ჩერგოლეიშვილის პოსტი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მიერ "ცოცხალ ჯაჭვთან" დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატუსს მოჰყვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ძალიან მაგარი იდეაა "ცოცხალი ჯაჭვი".
პარალელს ავლებენ ბალტიის ქვეყნების მაგალითთან, თუმცა რატომღაც დაივიწყეს 2008 წელს, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩემი ინიციატივით გაკეთებული საერთო-სახალხო ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც, საბედნიეროდ, მთელმა ერმა აიტაცა”, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
ცნობისთვის, დღეს, 28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში "ერთობის ჯაჭვი" გაიმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე ჩადგებიან.
თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე. ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც შეიკვრება.