x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ნიკა გვარამია, იღებდა 88,500 ლარს, მხოლოდ ყოველთვიური ანაზღაურების სახით"-ზაზა ოქუაშვილი
imageზაზა ოქუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


მივმართავ ტელეკომპანიებს „ფორმულას“ და „ტვ პირველს“,
მე მზად ვარ რომ ჩავერთო პირდაპირ ეთერებში, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრულ ინფორმაციაზე წვდომა.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან მთავარი არხის გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია.
საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის საზოგადოების ბრძოლა თვითმარქვია რეჟიმის წინააღმდეგ, ასევე, ჟურნალისტების მიმართ არსებული თავდასხმის ფაქტებიდან გამომდინარე არსებული ფონი, ნიკა გვარამიას ადმინისტრაციული პატიმრობა, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მიერ გამოყენებული იქნა პიარულად ფეიქ ნიუსის შესაქმნელად საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის.
კვლავ ვაცხადებ, რომ არხთან დაკავშირებით არავითარი ხელშემშლელი ან მიმდინარე პერიოდში რაიმე ნაბიჯი ჩემი, როგორც პარტნიორის მხრიდან არ გადადგმულა, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ თითქმის ერთი წელია იგივეა.
ჩემი პოზიცია იყო და არის, რომ არხმა უნდა იმუშავოს, ოღონდ არ უნდა იძარცვებოდეს. ჩემი სახსრებით შექმნილი არხი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არ უნდა გამოიყენებოდეს ერთი კონკრეტული პირის პიარ და პარტიული ინტერესებისთვის, გასაძარცვად და პირადი კეთილდღეობისთვის.
სხვა ბევრ კანონდარღვევასთან ერთად, არ შეიძლება კომპანიას უგროვდებოდეს მილიონობით ვალი, ედოს საგადასახადო ინკასო, რაც საბოლოო ჯამში მას გაკოტრებამდე მიიყვანს და პრივილეგირებული პირები, მაგალითად ნიკა გვარამია, იღებდეს 88, 500 ლარს, მხოლოდ ყოველთვიური ანაზღაურების სახით, მისი შემოსავლის სხვა მაქინაციებზე ცალკე ვისაუბრებ.
ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას არასწორი მენეჯმენტის და არა ჩემი, როგორც პარტნიორის გამო, კომპანიის დავალიანება 13 მილიონ ლარს აღწევს. ეს არის სწორედ ის, რასაც მიჰყავს კომპანია გაკოტრებამდე და არხი გაჩერებამდე და რის გადაფარვასაც ცდილობენ გვარამია და გაბუნია.
ამ მიზნით, რამდენიმე თვის წინ, არხის ამჟამინდელი მენეჯმენტისთვის, რომლებიც საუბრობენ სხვა დამფუძნებლების სახელითაც, ჩემს მიერ შეთავაზებული იქნა ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო უარის მიღების შემდეგ განვიხილავდი გია ჭანტუარიას კანდიდატურას, თუმცა ორივესთან პირადი მოლაპარაკების გარეშე.
ეს შეთავაზებები, ორივე, ახლაც ძალაშია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები კარგად იცნობენ ტელევიზიის სპეციფიკას, აქვთ შესაბამისი გამოცდილება და შესძლებენ კომპანიის კეთილსინდისიერად მართვას.
ცალკე ვუპასუხებ ნიკა გვარამიას ფეისბუქ სტატუსში აღწერილ ყალბად შეფუთულ ცილისწამებებს."
შეგახსენებთ, რომ ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს "მთავარი არხი".არხის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
„იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში იბრძვის თავისი უფლებების დასაცავად და არალეგიტიმური ხელისუფლების მოსაცილებლად, როდესაც მომიტინგეებზე ღიად ძალადობენ, სასტიკად აწამებენ, ძარცვავენ, უკანონოდ აკავებენ, ასამართლებენ და ციხეებში ყრიან, და როდესაც ამ მოვლენების წინა ხაზზე მდგომი ჟურნალისტები მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმის სამიზნეები არიან (რამდენიმე მათგანი შემთხვევით გადაურჩა სამუდამო დასახიჩრებას ან სიკვდილს), აი, ამ დროს „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, ფაქტობრივად, თვითონაც ჩაერთოს „ქართული ოცნებისგან“ წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადაც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე, რათა მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს – იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარებაში დამფუძნებელი, პირიქით, ყველაფერს აკეთებდეს თავისი გუნდის დასახმარებლად.

ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით. ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის წარდგინებით ერთადერთი ამოცანით – რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად, თორემ სხვა მხრივ გოგი ქურდაძეს არ გააჩნია ტელევიზიის სპეციფიკასთან დაკავშირებული არანაირი კომპეტენცია, არც კი იცნობს არხის თანამშრომლებს, აიგნორებს მათ თხოვნას, რომ, უბრალოდ, შეხვდეს მაინც მათ! და საერთოდ არც კი დადის სამსახურში.

ერთადერთი, რასაც გოგი ქურდაძე ოქუაშვილის დავალებით აკეთებს, არის ის, რომ ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე. მაგალითად, ჩვენს თანამშრომლებს მისი წყალობით შეუჩერდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სისტემატური ძალადობა მიმდინარეობს, მაგრამ ოქუაშვილს და ქურდაძეს ეს არ აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი – როგორც დამფუძნებელი და დირექტორი – პასუხისმგებელნი არიან კომპანიის თანამშრომლებზე.


ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით და მისი დირექტორის ქმედებებით „მთავარი არხი“ უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელ-ნელა წყდება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც საბოლოოდ არხის მუშაობას შეუძლებელს გახდის – ეს კი ზუსტად ის არის, რაც დღეს სჭირდება ბიძინა ივანიშვილს.

თავისი გადაწყვეტილებების გასამართლებლად ოქუაშვილი გვიყენებს ისეთ აბსურდულ, გამოგონილ ბრალდებებს, რომლებსაც განხილვის ღირსადაც კი არ ვთვლი აქ – იმდენად შორს წავიდნენ თავიანთ სიცრუეში, რომ ამტკიცებენ, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვმფარველობს და ოლიგარქთან ვართ გარიგებული. თან ამას თურმე თვითონ ვეუბნებით ხოლმე ქურდაძეს…

სინამდვილეში, ყველაფერი ნათელია და ზუსტად პირიქით არის – თუ დღეს ვინმე „მთავარ არხზე“ აკეთებს „ქართული ოცნების“ საქმეს, ეს არის ზაზა ოქუაშვილი, რომელსაც მიზანმიმართულად მიჰყავს არხი დახურვამდე. და არსებობს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამას სწორედ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ან მასთან სავაჭროდ აკეთებს – როგორც ალბათ იცით, ოქუაშვილს აქვს მძიმე სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილთან, რაც კი არ გამორიცხავს მათ შორის თანამშრომლობას, არამედ პირიქით – სწორედ ამ დავაში შეთანხმების მისაღწევად ოქუაშვილს ძალიან სჭირდება „მთავარი არხით“ მანიპულირება.

„ქართულ ოცნებასთან“ გარიგება ოქუაშვილის მხრიდან სიახლე არ არის – შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი ოჯახის წევრებმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა მისცეს ხმა „ოცნებისთვის“ სასურველ იუსტიციის საბჭოს წევრებს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას აკლდებოდა საკუთარი ხმები ამ კანდიდატების გასაყვანად და აუცილებლად სჭირდებოდა რამდენიმე ოპოზიციური ხმაც. მაშინ მაშველ რგოლად სწორედ ოქუაშვილის ოჯახის წევრები გამოჩნდნენ.

ჩვენ არ გვიბრძოლია ამდენი იმისთვის, რომ საბოლოოდ არხი – ზაზა ოქუაშვილის სახით – ბიძინა ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში. ამიტომ სადამდეც შევძლებთ, ისევ ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვის.

მთავარი ხართ თქვენ და ჩვენთვის მთავარია, ბოლო წუთამდე ვიდგეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად ყველაზე ცხელ წერტილებში და მოგიყვეთ, რა ხდება იქ, სადაც წყდება საქართველოს ბედი და ვერანაირი გოგი, ვერანაირი ზაზა და ვერც პუტინის მეგობარი ბიძინა ვერ შეგვაჩერებს“.


ოქუაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც:


მინდა მოგიყვეთ ‘მთავარ არხში“ მიმდინარე მოვლენებზე, უფრო სწორედ კი, ჩემს ყოფილ პარტნიორზე და მის ერთ ერთ დამფუძნებელზე - ზაზა ოქუაშვილზე.
ყველაფერი დაიწყო ჩემი პოლიტიკაში წასვლით. დირექტორობიდან უნდა გადავმდგარიყავი, რომ პარტია ოფიციალურად დამერეგისტრირებინა და ახალ დირექტორად კი ის დანიშნულიყო, ვისაც კოლექტივი უჭერდა მხარს: გიორგი გაბუნია - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი, გამორჩეული ინტელექტუალი და კაცი, რომელმაც ჩემი ციხეში ყოფნის დროს შეუცდომლად იარა, როგორც მენეჯერმა (არადა ამის გამოცდილება აქამდე არ ქონია). უცებ და გაურკვევლად (იმ ეტაპისთვის), ოქუაშვილმა უარი განაცხადა ჩემს გადადგომაზე (პარტნიორთა კრების თანხმობა იყო საჭირო) და გიორგის დანიშვნაზე. „ჭიდაობა“ რამდენიმე თვე გაგრძელდა და ბოლოს, მიზნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეთანხმება შედგა: მეც ვნიშნავდი „ჩემს“ დირექტორს (რაც კოლექტივის არჩევანს მივანდე), ოქუაშვილიც და მესამე მსხვილი დამფუძნებელიც. დაინიშნა გიორგი გაბუნია, მანუჩარ ახალაია და ვინმე გოგი. მთავარი ნაღმი კი ის იყო, სამივეს ხელმოწერას ითხოვდნენ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე და ასეც ჩაიწერა წესდებაში.
გოგის ხელფასის გარდა არხი აიძულეს თვეში 15 000 ლარი ეხადა ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძესთვის, რომელიც იმ დროს დეპუტატი იყო. შეუთავსებლობის გამო რომ უარი მიიღეს, იჯარის გაზრდა მოითხოვეს ერთ პატარა შენობაზე (აბა დანარჩენი მათი აღარაა და ამაზე მოგვიანებით) და ამ გზით ფაქტიურად ხელფასი დაენიშნა ჩხეიძეს.
გაბუნია და ახალაია წელებზე ფეხებს იდგამდნენ და არხს აფუნქციონირებდნენ უზარმაზარი პრობლემების მიუხედავად. გოგი, ცხადია, არაფერს აკეთებდა - კაბინეტი და ხელფასი, - სულ ეს იყო მისი ინტერესი.
მოახლოვდა არჩევნები. ერთ დღესაც პარტიის ოფისში გამომეცხადა ნატო ჩხეიძე, ტექსტით: “ჩვენ სამი კაცი გვეკუთვნის სიაში - მე მეხუთე ნომერი (ნუ რაკიღა 4 ლიდერი ხართ), ჩემი ძმა, როსტომ ჩხეიძე - მეათე და ვინმე კიდევ ოცეულში”. კი არ გავბრაზდი, ან მეწყინა, ან რამე სხვა - ყბა ჩამომივარდა გაკვირვებისგან. არა, ის არ გამკვირვებია, რომ სიაში ყოფნა ენდომებოდა, მაგრამ მთლად 3 ადამიანი? და თან ამ ადგილებზე? ისეთივე პასუხი მიიღო, რაც ერთის თხოვნის შემთხვევაში იქნებოდა - გამორიცხულია. ან ვინ ან საიდან გადაწყვიტეთ, რომ რაიმე გეკუთვნით? როგორ, ტვ ხომ ჩვენია და მაგიტომო. ტვ თქვენი არაა, ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ, და ამას გარდა, ტვ-ს მეწილეები კოალიციასთან კავშირში არ არიან და არაფერი ეკუთვნით საერთოდ, - იყო ჩემი პასუხი.
ამის მერე დაიწყო უარების სერია - გოგი ყველაფერს აპრობლემებდა, სამაგიეროდ ნატო ჩხეიძის „იჯარას“ და მის ხელფასს ერთი დღე მაინც გადაცდენოდა, გოგიც გამოჩნდებოდა ხოლმე. არხზე დაიწყო გოგის „რევიზიები“. მიიღო ყველა დოკუმენტი, რაც მოითხოვა ყველას ახსნა - განმარტება, ვისიც მოითხოვა. ყველა წლის აუდიტის დასკვნა. მიადგა გაყიდვების სახლს, რომელიც დაქირავებული ცალკე ორგანიზაციაა, რომელიც რეკლამას ყიდის (ყველა დიდი ტვ ამგვარად მუშაობს).
ამ, მათი ტვინით, შანტაჟის ფონზე ახლა უკვე ოქუაშვილმა ჩამოწია მოთხოვნა 1 ადგილამდე სიაში - მხოლოდ ნატო. ეს იცით რომელი ნატო ჩხეიძეა? მე რომ ციხეში ვიჯექი და მან და მისმა ამფსონებმა ქოცებს რომ იუსტიციის საბჭოს წევრები აარჩევინეს. ბიძინასთან ერთხელ მაინც გარიგებულს სიაში მე რომ ჩავწერდი, ეს, ხვდებით, რეალურობის მარცვალსაც არ შეიცავს. ცხადია - უარი.
ჰო, მართლა, ხმა რატომ მისცა ივანიშვილის კანდიდატს ნატო ჩხეიძემ და მისმა ამფსონებმა, ეს უკვე პარტიის დაფუძნების მერე აღმოვაჩინე. დოკუმენტურად აღმოვაჩინე. საზოგადოებისთვის ალბათ ცნობილია, რომ საარჩევნო ნომერი 4 - ის გამო ჩვენ გადავიბარეთ ნიკა მაჭუტაძის პარტია, რომლის პარტნიორებიც იყვნენ და-ძმა ჩხეიძეები. ამ პარტიით ისინი ერთად შევიდნენ ნაცმოძრაობის სიაში და იმ სამარცხვინო კენჭისყრის შემდეგ სამივე ერთად გარიცხეს. ჰოდა, ბუღალტერიის გადმობარებისას წავაწყდი მეტად საინტერესო დოკუმენტს: 300 ათასზე მეტი იყო პარტიის საგადასახადო დავალიანება და ხმის მიცემიდან 1 კვირის თავზე, თითქმის 200 ათასამდე ჩამოაწერეს საგადასახადო შეთანხმებით! თქვენ წარმოგიდგენიათ, რომელიმე ოპოპარტიას საგადასახადო შეთანხმებას უფორმებდეს ქოცი?! აი ესაა პოლიტიკური კორუფცია, თან სამშობლოს ინტერესების ხარჯზე! და ამათ ჩავწერდი სიაში? კი, და ახლა უკვე ისხდებოდნენ ივანიშვილის პარლამენტში და ლეგიტიმაციის ელფერს შესძენდნენ. უკვე ბევრად მეტს გამოივაჭრებდნენ, ალბათ და ამჯერად უკვე, ალბათ ოქუაშვილი, რომელიც ახლა უკვე სიგნალებს უგზავნის ივანიშვილს, რომ მზადაა მთავარი არხით ივაჭროს. ჩვენ კი ზუსტად ვიცით და მოვლენათა ლოგიკური განვითარებაც ცხადყოფს, რომ ივანიშვილმა ეს სიგნალი მიიღო და თანხმობითაც უპასუხა.
ამის მერე დაიწყო ის, რაც ივანიშვილმა რ2-ში აკეთა - გვარამიამ, გაბუნიამ და ნაყოფიამ (რომელიც დამფუძნებელი საერთოდ არაა) გააკოტრეს კომპანია. სახეზე ააფარეს ჩემი გადადგომის მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ადასტურებენ, რომ იდეალურად ვუძღვებოდი არხს, არათუ რაიმე სახის პრეტენზია არ აქვთ, დითირამბებით და მადლობებით მაცილებენ. ნაყოფიას ხსენება იმიტომ დასჭირდა, რომ არც ნაცებმა ჩაუწერეს ვინმე სიაში, მათდა სასახელოდ უნდა ითქვას.
მერე გაჩნდა ძალიან ნაცნობი შეკითხვა, რ2 - ის საქმეზე რომ მისვამდა ივანიშვილის პროკურორი: თუ ფული იყო, ხელფასებს კი არა, გადასახადებს რატომ არ იხდიდით, არხი გაკოტრებამდე მიიყვანეთო. არ კი არა, ვერ ვიხდიდით, მაშინ არხი უნდა გაჩერებულიყო და აბა შეხედეთ რ2 და იმედი იხდიან გადასახადებს? რა თქმა უნდა, არა და რესტრუქტურიზებული აქვთ ყოველ ჯერზე. ჩვენ ვადეკლარირებთ გადასახადებს სრულად და გაკოტრება ქოცებს არ მოუთხოვიათ და გოგიმ გადაწყვიტა, რომ გაკოტრების კონდიციაში ვართ. სასაცილოა ისე, ოქუაშვილი რომ გადასახადებზე გელაპარაკება. კაცი, რომელმაც ქონება საგადასახადო უსამართლო პრეფერენციებით დააგროვა, რაც მთელმა საქართველომ იცის.
ბანკში შეიტანა განცხადება, რომ გადარიცხვები არ მოხდეს, რომ მე და ნაყოფია ფულს ვათეთრებთ. შეიტანა ეროვნულ ბანკში და თბს-ში. სხვათა შორის მანამდეც ცდილობდა საქართველოს ბანკთან პრობლემები შეექმნა არხისთვის. საქ-ბანკი ის ბანკია, ვის გაშავებასაც ოქუაშვილი წლებია მოითხოვდა ტვ-სგან დავა ჰქონდათ საკრედიტო. ჩვენ პასუხად ყოველთვის უარს ვეუბნებოდით - ტვ არ იქნება დამფუძნებლის ხელში შურისძიების და შანტაჟის იარაღი, მით უფრო, უმსხვილესი ბანკის წინააღმდეგ, რომელიც შავმა კამპანიამ შეიძლება მძიმედ დააზიანოს და ზედ მიაყოლოს ქვეყნის ეკონომიკა (მოგეხსენებათ, ბანკები ლამის საქართველოს ეკონომიკის ნახევარია).
თბს-ს რაც შეეხება, ასევე ოქუაშვილს პირადი ანგარიშსწორების ამბავი იყო ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან. ისინი არ უნდა გამოჩენილიყვნენ ეთერში. მეტიც, მათზეც და ბანკზეც შავი კამპანია უნდა გვეწარმოებინა, ან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს მისი სასარგებლო ჩვენება უნდა მიეცათ ლონდონის არბიტრაჟში. ამასაც პირადად ჩემგან ითხოვდა და ცხადია, პასუხი იგივე, რაც ზემოთ, მკაფიო უარი.
სამართლიანობისთვის ვიტყვი, რომ ოქუაშვილის წვლილი ტვ-ს სწრაფად გახსნაში დიდია. მან ტექნიკა და შენობა იჯარით მოგვცა (არ გეგონოთ, რომ კომპანიაში შემოიტანა). მაგრამ, მოგვიანებით გაირკვა, რომ უძრავი ქონებები დატვირთული ქონია იპოთეკით და დღეს ყავლგასული ამორტიზებული ტექნიკის გარდა, აღარაფერია მისი ყოფილი ქონებიდან არხის სარგებლობაში. ჯერ პავილიონები წაიღო ბანკმა (გახსოვთ ალბათ ჩვენი გადაცემები საიდანაც გადიოდა) და ახლა სადაც არხია, ის შენობაც ბანკისაა და მარტო იმიტომ ვართ, რომ საქართველოს ბანკი უწევს ანგარიშს იმას რომ ტვ-ს გამოგდება მძიმე შეცდომა იქნებოდა.
რა ვითარებაა ახლა?
ამ წუთას ეს შანტაჟისტი გოგი, ცხადია ოქუაშვილის მითითებით და უკვე სრულიად დარწმუნებული ვარ ივანიშვილთან გარიგებით, არხს ფაქტობრივად ხურავს. საკმარისი ფული ანგარიშზე გაყიდვების სახლს აქვს (სარეკლამო შემოსავლებიდან) და გოგის ხელმოწერაზე უარის გამო, ასევე ბანკებში შეტანილი წერილების და პროკურატურაში შეტანილი საჩივრების გამო, ფულს ვერ ურიგებენ თანამშრომლებს და ვერც სხვა ხარჯებს წევენ, მათ შორის, კომუნალურ და ტვ-ს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხარჯებს, რის გარეშეც ეთერის ტრანსლირებაც კი შეუძლებელი იქნება. ცხადია, რომ ეს ივანიშვილის თამაშის მოთამაშე ხალხი (სხვას ამ ქვეყანაში არავის აწყობს მთავარი არხის დახურვა) ყველაფერზე წამსვლელია. ფაქტია, ერთი ხელმოწერის გარდა, მისგან არაფერია საჭირო: არც ფული, არც რაიმე სხვა. მხოლოდ ხელმოწერა კანონიერი შემოსავლის კანონიერად განსაკარგად.
მოვუწოდებ დამფუძნებლებს, ვთხოვ საზოგადოებას, მედიას, ბიზნესმენებს - აპოვნინეთ არხს გამოსავალი ოქუაშვილის მეშვეობით ივანიშვილის რეიდერული დარბევის (რაც დახურვით დასრულდება) წინააღმდეგ! ეს მხოლოდ მათ არა, ჩვენ ყველას გვჭირდება, ჩვენს საერთო ბრძოლას სჭირდება!
წინასწარ გიხდით მადლობას!
მთავარი არხის ყოფილი დამფუძნებელი, ყოფილი დირექტორი, ყოფილი ჟურნალისტი და მუდმივი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი.
ნიკა გვარამია, ივანიშვილის ციხიდან (და არა ლონდონიდან).

1
258
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
258
  
12 დეკემბერი, 18:29
ტიპები არ მალავენ,რა გარიგებებით აკეთებდნენ პარტიულ საქმეს და ვინ რანაირად ისაკუთრებდა ადგილს პარტიულ სიაში. მერე გამოდგებიან და იტყვიან,ჩვენი არხი არ არის პარტიის გაგრძელებაო და ობიექტურობაზე დადებენ თავს. ერთი ამათი დდშვც,სხვა რამე მინდოდა დამეწერა.

ხშირად ისმის "საზოგადოება" სხვადასხვა კონტექსტში,რითაც მანიპულაციურ ქმედებებს ახორციელებენ. ეს ყველაფერი გამოიყენება ადამიანების ტვინის გამორეცხვისთვის,თითქოს საზოგადოება მართავს ქვეყნებს და მთავრობებს,რაც სრული იდიოტობა არის. ამ სტატიაშიც არის გამოყენებული "ემსახურებოდეს საზოგაოდების ინტერესს" და რას უნდა ნიშნავდეს ეს? ანუ ეს ოქუაშვილი იმიტო იხდის ფულს რო საზოგადოების ინერესები იყოს გატარებული თუ პირადი ინტერესის გამო აკეთებს ამას? ის არის შენიღბვა,ასე აკეთებენ და ასე აბოლებენ ხალხს. როცა ევროპა ახსენებს მსგავს რამეს,ის გულისხმობს თავისი ინტერესის(კონკრეტული დეპუტატების ევროპიდან) გატარებას და ხელის მოთფობას. საზოგადოება არის მრავალნაირი,ყველას თავისი აზრი აქვს და მიდგომა,მათი ინტერესებით არ იმართება ქვეყნები და საქმე ეგრე არ კეთდება. ვიღაცაც ხის დარგვა უნდა და ვიღაცას კორპუსის აშენება ერთიდაიმავე ადგილას,ხოდა მესამეც თუ დაემატა იქნება ბარდაგი. დავითს რო საზოგადოებისთვის მოესმინა,გაგიჟებდნენ კაცს და გაიქცეოდა აქედან. საზოგაოდება,ხალხი არის ბრბო და ბრბოს ხუშტურზე არაფერი არ უნდა მართო. ეს უნდა იცოდეს ხელისუფალმაც და ეს უნდა იცოდეს ჩვეულებრივმა მოქალაქემ,რათა მანიპულაციების მსხვერპლი არ გახდეს.
0 1 1