საზოგადოება "რატომ არ ხართ გულწრფელები? ნუთუ ძნელია ამის თქმა?" – ვის მიმართავს ნინო ჯანგირაშვილი 1 ნოემბერი, 11:32
ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც 4 ბარიერგადალახულ პარტიას არასაკმარის რეაგირებასა და არაგულწრფელობაში ადანაშაულებს და მათ მეტი აქტიურობისკენ და კოორდინირებული ქმედებებისკენ მოუწოდებს:
"ვინც გეგმას გპირდებათ არის სულელი, და ვინც გეგმას ელით და ითხოვთ ისინიც არანაკლებ. რა გეგმა? რა ვადიან გეგმას ითხოვთ? ერთკვირიანს? ერთთვიანს? თუ ერთწლიანს? რუსულ რეჟიმთან ომში ვართ შესული და ხვალ ვინ სად ვიქნებით არ ვიცით. ერთადერთი, რაც ერთმანეთს შეგვიძლია შევპირდეთ, ის არის, რომ სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ და თავს არ დავზოგავთ, უკან არ დავიხევთ. ძვირფასო ოპოზიცია, მე არ ვიცი, რა ბმა გაქვთ თქვენ ხალხთან ემოციური თუ ინფორმაციული, და რატომ გადაწყვიტეთ, რომ უნდა დამწკრივდეთ და სასაცილო რაღაცეები გვითხრათ, რომ აი, გეგმა არის ის, რომ ორშაბათს უნდა მოვიდეთ და გვეტყვით გეგმას. რას გვეტყვით?
ვერ გექნებათ ვერანაირი გრძელვადიანი გეგმა, რატომ არ ხართ გულწრფელები? რატომ აღვივებთ ხალხში აპათიას და ნიჰილიზმს? რატომ იგდებთ თავს მასხრად? გამოდით და გულწრფელად თქვით: ხალხო, მაგარ ქაქში ვართ, როგორმე ერთად უნდა ამოვიდეთ აქედან. ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, ჩვენ თავს არ დავზოგავთ, ინდივიდუალურად ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია, ის არის, რომ აი, ხვალ მივდივართ თითოეული ჩვენგანი და ცესკოში ვწერთ განცხადებას რომ შეგვიწყვიტოს სიის წევრობა.
ჩვენი მხრიდან ეს არის ამ ეტაპზე იმის დემონსტრირება, რომ უკან არ ვიხევთ, გამოვა, არ გამოვა, არ ვიცით, ეს არ გამოვა, სხვა რამე გამოვა, დღეს არ გამოვა, ხვალ გამოვა, მთავარია ერთმანეთს ვენდოთ და ბოლომდე ერთად ვიბრძოლოთ, რომ ეს არჩევნები არ ჩაითვალოს ლეგიტიმურად. ნუთუ ძნელია ამის თქმა? თუ ძაააან ჭკვიანმა კონსულტანტებმა გირჩიეს, რაღაც იდუმალების ბურუსი შემოიხვიოთ? კისერიც გიტეხიათ, ასეთ კრიტიკულ ვითარებაში რომ არ იყოს ქვეყანა, მაგრამ ეს თქვენი არაგულწრფელობა პირდაპირ გვანადგურებს და მორჩით რა."- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამი ოპოზიციური პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა 4 ნოემბერს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მორიგი მიტინგი დაანონსეს, სადაც მათივე თქმით, საზოგადოებისთვის მათი სამოქმედო გეგმა გახდება ცნობილი.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ, საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერები სამოქმედო გეგმას მოქალაქეებს სწორედ ამ დღეს გააცნობენ.
ცნობისთვის, ოპოზიციის შეხვედრას "ძლიერი საქართველოს" ოფისში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ესწრებოდნენ.
|