საზოგადოება რას ნიშნავს შენი სახელი? - საქართველოში გავრცელებული ქალის სახელების განმარტება 2020, 8 ოქტომბერი, 11:06 ![]() ამჟამად ქალების სახელებზე შევჩერდებით და საქართველოში გავრცელებულ ზოგიერთ ცნობილ სახელს გაგაცნობთ, რომელთა წარმომავლობის ისტორია პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის ცნობილ წიგნში "რა გქვია შენ?" არის მოცემული. ანა - (ძველი ებრაული სახელი) სასურველი, სანდომიანი, საამო, რომელიც ღვთისმშობელ მარიამის დედა ერქვა. ეს სახელი ერქვა ასევე წინასწარმეტყველს და რამდენიმე მოწამეს. სახარებასა და სხვა უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დაწერილობით (ანა||ანნა): "იყო ანა (მუნ ანნა ჩ) წინასწარმეტყუელი, ასული ფანუველისი" (ლუკა 2, 36). მოფერებითი ფორმებია: ანო, ანუკა, ანიკო, ანი. ანასტასია - (ბერძნული) "მკვდრეთით აღმდგარი, " "სიცოცხლეს დაბრუნებული". იგივე ფუძე გვხვდება ვაჟის სახელადაც (მათ შორის, არიან მოწამენიც). ბერძნულში ერთი ფუძიდან ნაწარმოები ქალისა და ვაჟის სახელები ფორმით განსხვავებულია: ანასტას და ანასტასია, ათანასე და ათანასია, ალექსანდრე და ალექსანდრა, ევგენი და ევგენია... სხვა ენებში ეს განსხვავება ზოგან შენარჩუნებულია, ზოგან - არა. ქართულში ანასტასია მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება, ვაჟის სახელი ანასტასი კი თარგმნილია (ესაა აღდგომელა, რომელიც დღეს სახელად აღარ გვხვდება, მაგრამ შემონახულია აღდგომელაშვილის გვარში). ანასტასიას შემოკლებული ფორმებია: ტასო, ტასიკო, ნასტა, ნასტია. ბაია - ქართული მინდვრის ყვავილის სახელია, რომელიც ქალის სახელად იქცა (შეადარეთ: ია, ვარდო, ენძელა...). ბაია გვხვდება ვაჟის სახელადაც, საიდანაც მიღებულია გვარი ბაიაშვილი (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XIII ს-დან), მაგრამ ეს ვაჟის სახელი სულ სხვა წარმოშობის უნდა იყოს. ასინეთ - ძველი ებრაული სახელია, მომდინარე კოპტურიდან. ზუსტი ეტიმოლოგია არ მოეპოვება. განმარტავენ როგორც "ნეითისა" ("ნეითისადმი შეწირული" ან "ნეითის მსახური". ნეითი და ნეითა ეგვიპტელთა სიბრძის ღვთაების სახელწოდებაა). ასმათ - (არაბული) "უმწიკვლო", "უმანკო, " "პატიოსანს" ნიშნავს. არაბულში იხმარება ქალის დასახასიათებლად, საპატიო ეპითეტად. საკუთარ სახელად პირველად " ვეფხისტყაოსანში" გვხვდება და მისი მეშვეობით ფართოდ გავრცელდა. ბაბალე - (ბერძნული) "უცხოელი, " "არაბერძენი". ბერძნულსა და ზოგ სხვა ენაში გვხვდება როგორც ქალის, ისე ვაჟის სახელად. ამ სახელით ცნობილია რამდენიმე წმინდანი. მრავალ ენაში ეს სიტყვა ნასესხებია საზოგადო სახელის მნიშველობითაც ("ბარბაროსი, " რუსული варвар). ქართულში ქალის სახელად ბერძნულიდან ნასესხები პირველადი ფორმაა ბარბარე, მისი დისიმილაციით მიღებულია ბარბალე, რ-ს დაკარგვით - ბაბალე, შემოკლებით - ბაბი. გვხვდება აგრეთვე ნაირფეროვანი საალერსო ფორმები: ბაბე, ბაბული, ბაბულია, ბაბუცი, ბაბუცა. ამავე სახელის რუსული გზით შემოსული ფორმებია: ვარვარა, ვარა, ვარიჩკა. ზოგი მკვლევარის აზრით, ეს სახელი უკავშირდება არა ბერძნულს, არმედ შუმერული ქალღმერთის სახელს. ბაბილინა - (ლათინური) "ბაბილოსი". ვაჟის სახელს ბაბილოს, რომელიც წარმოშობით სირიულია და "აჯანყებულს" ნიშნავს, დართული აქვს ლათინური სუფიქსი ინ(ა) და ქცეულია ქალის სახელად (შეადარეთ აგრაფინა, ანგელინა). საალერსო ფორმებია: ბაბი, ბაბილა. არიადნა - (ბერძნული) "ძლიერ მოსაწონი". ანტიკურ მითოლოგიაში ეს სახელი ჰქვია მეფე მინოსის ასულს, რომელასც შეუყვარდა ეგეოსის შვილი - გმირი თეზევსი და დაეხმარა, დაემარცხებინა კაციჭამია ურჩხული მინოტავრი და მშვიდობიანად დაეღწია თავი ლაბირინთისათვის, სადაც ურჩხული იმყოფებოდა. დარეჯან - არის სახელის ნესტან-დარეჯანის ნაწილი. მისი მოფერებითი ფორმებია დარია, დარო, დარიკო. დარეჯან-ისაგან ნაწარმოებია გვარი დარჯანია. დარია დამოუკიდებელი სახელიც არის, ნიშნავს "მფლობელს". დოდო - (ქართული) მოფერებით: დოდონა, დოდიკა, დოდიკო. წარმოადგენს გოგო-ს სახეცვლილ ფორმას, ისე, როგორც ჩვილი ბავშვები გამოთქვამენ. დოდო გვხვდება აგრეთვე კაცის სახელად, რომელიც სულ სხვა წარმოშობისაა (ბიბლიური სახელია და "ღვთის მეგობარს" ნიშნავს). ანგელინა - ამ სახელის ფუძე ბერძნულია: ანგელ, ანგელოს თავდაპირველად ნიშნავდა "ამბის მომტანს, " "მოამბეს, " შემდეგ მხოლოდ "ღვთის მოამბეს ", " ღვთის მახარობელს " (ანგელოზს). ამ სიტყვას ლათინურში დართული აქვს "ინ" სუფიქსი (ისევე არის მიღებული, როგორც აგრაფინა). გვანცა - (ქართული) სვანურად გვანც - "ჭინჭრაქა, " გადატანით ნიშნავს "ცელქს, " "მოუსვენარს". გიული - სპარსული სახელია, შემოსულია თურქულიდან "ვარდი". ელო - ელენე-ს შემოკლებული ფორმაა. ენძელა - ქართული სახელია. ესმა - შესაძლოა მოდიოდეს არაბულიდან და ნიშნავდეს "ამაღლებულს" (ზ. სიხარულიძის ეტიმოლოგიით). გოგოლა - (ქართული) მნიშვნელობა დაუდგენელია. საეჭვოა, რომ გოგონა-ს ფონეტიკურ ვარიანტს წარმოადგენდეს, რადგან წინათ კაცის სახელიც ყოფილა (შეადარეთ გვარები გოგოლაძე, გოგოლაშვილი, გოგოლაური). გულიკო - (ქართული) ნაწარმოებია სიტყვისაგან "გულ" საალერსო "იკო" სუფიქსის დართვით, გვხვდება კაცის სახელადაც. მის სრულ ფორმად ითვლება გულისა. ევა - (ძველი ებრაული) "ცოცხალი". ბიბლიის მიხედვით, ეს სახელი ერქვა ქვეყნად პირველ ქალს, რომელიც ღმერთმა პირველი კაცის - ადამის ნეკნისაგან შექმნა და მის მეუღლედ აქცია. მისი კნინობითი ფორმაა ევროპულ ენებში გავრცელებული - ეველინა. ეთერ - (ძველი ებრაული) "ვარსკვლავი, " ან (ბერძნული) " ჰაერი, " "ეთერი". აქედანაა გვარი ეთერია. ქართულ ხალხურ ლეგენდაში ეთერი ჰქვია ულამაზეს მწყემს ქალიშვილს, რომელიც შეუყვარდა მეფისწულ აბესალომს. ამ ლეგენდის სიუჟეტზეა აგებული ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი"... განაგრძეთ კითხვა <<< 15319 შეფასება არ არის
|