ქალი და მამაკაცი "ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს?" - გალაკტიონის სასიყვარულო წერილი 31 აგვისტო, 16:04
პოეზიის მეფედ აღიარებული გალაკტიონი 20 წლის იყო, როდესაც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ქალი გაიცნო. მათი შეხვედრა 1912 წელს შემთხვევით მოხდა — ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალმა გალაკტიონმა და მისმა ნათესავმა ტიციან ტაბიძემ ქუჩაში მარტო მომავალი გოგონა შენიშნეს. ეს იყო ძველი ბოლშევიკების მიხეილ და ვასილ ოკუჯავების და, სოციალისტური ხელისუფლებისთვის მებრძოლი ოლია ოკუჯავა. იგი გალაკტიონზე უფროსი იყო, ლამაზიც არ ეთქმოდა, მაგრამ მათ ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდათ (ამავე 1912 წელს, ოლიასთან შეხვედრამდე, გალაკტიონი მერი შერვაშიძეს ეტრფოდა, ლექსებსაც უძღვნიდა, თუმცა მათ ურთიერთობა არ ჰქონიათ).
დღეს გთავაზობთ 110 წლის წინ წინანდელ წერილს, რომელიც გალაკტიონმა ოლღა ოკუჯავას გაუგზავნა. "ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე მგონია, არა!.. ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს? დადებითად ძლიერი ჩემში არაფერი არ არის. რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე... მაშინ შემიყვარებდნენ. მე კი ისე პატარა და დაწვრილმანებული კაცი ვარ... მაგრამ არაფერია, "Мы еще повоюем" (ჩვენ კიდევ წავიბრძოლებთ - ი.ხ.). შენ ის მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? ... მომწერე, ოლკინ, რანაირად და რისთვის გიყვარვარ... რას იზამ ოლკინ, მე რომ მოვკვდე? მაგალითად მოვკვდი და აღარაა ქვეყანაზე გალონი. მოკვდა საწყალი გალონი და დაასაფლავეს. რას იზამ მაშინ? მოხდა ისე, რომ მე მოვკვდი სადღაც შორს, ცივ ქვეყანაში, ან მოვკვდი საზიზღარი და სამარცხვინო სიკვდილით... მოკვდა გალონი ძაღლივით. რაც იზამ ჩმოკლინ? იტირებ თუ არ იტირებ? ჩემო ძვირფასო, ერთადერთო მეგობარო, ერთადერთო ნუგეშო"... 31 აგვისტო, 1914 წ. ქუთაისი გალაკტიონმა და ოლიამ ამ წერილის გაგზავნიდან ორი წლის შემდეგ იქორწინეს-2016 წლის 23 აგვისტოს. 1929 წელს ოლღას ტროცკიზმში დასდეს ბრალი, მიესაჯა გადასახლება სამი წლის ვადით, რომელიც მან უზბეკეთში გაატარა და საქართველოში 1932 წელს დაბრუნდა. ოლღა ოკუჯავა მეორედ დააპატიმრეს 1936 წლის 11 ნოემბერს. დეპორტირებული იყო ორიოლის ოლქში. 1937 წელს გალაკტიონმა ოლღას ლექსი „უკანასკნელი მატარებელი“ მიუძღვნა. 1941 წლის სექტემბერი სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, ხოლო სამ დღეში ის 157 პოლიტ-პატიმართან ერთად დახვრიტეს ქალაქ ორიოლთან, მედვედის ტყეში. 1956 წლიდან ხრუშჩოვის მთავრობამ რეპრესირებულთა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 1957 წლის დეკემბერში გალაკტიონ ტაბიძეს შეატყობინეს, რომ ოლღა ოკუჯავა რეაბილიტირებულია, თუმცა პოეტს მისი დახვრეტის შესახებ არაფერი უთხრეს. მთავარ ფოტოზე:გალაკტიონი და ოლღა-1919 წელი. 80 3-ს მოსწონს
|