საქართველო
"აწვებოდნენ, რომ მიშა ელანძღა, რაზედაც პასუხიც მიიღეს"- რა ინფორმაციას ავრცელებს მეგი გოცირიძე
17 აგვისტო, 9:21
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და ყოფილი პარლამენტარი მეგი გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი წერეთელსა და ბოკერია-ჩერგოლეიშვილის გუნდს შორის არსებულ იმ დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს, რამაც მათი პარტიიდან წასვლა გამოიწვია:
"რაც შეეხება გიგი წერეთელს, უამრავი წელია ვიცნობ და ვმეგობრობ მასთან, რაც მიშა ტუსაღია, ერთი ზედმეტი სიტყვა არ დასცდენია მიშაზე ( არც იქამდე)კი არა-მეტიც, არცერთ შეკრებას არ დაკლებია მისი თავისუფლებისა თუ გადაყვანის მოთხოვნით გამართულს და სწორედ ეს გახდა მათ შორის მიზეზი დაპირისპირებისა .... ჩერგოლეიშვილი და ბოკერია პირდაპირი მნიშვნელობით აწვებოდნენ, რომ მიშა ელანძღა, რაზედაც საბოლოოდ პასუხიც მიიღეს და გიჟები გარეკეს ევროპული საქართველოდან გიგის გაუმარჯოს"– წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.
"ევროპული საქართველოდან" წასული პოლიტიკოსები, გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ახალ პარტიას აფუძნებენ. პარტია "ფედერალისტების" პრეზენტაცია ჩერგოლეიშვილმა გახსნა, რომელმაც აუდიტორიას პარტიის ახალი ლოგო წარუდგინა და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
ჩერგოლეიშვილმა პარტიის სახელწოდების შერჩევის მიზეზზეც ისაუბრა და განმარტა, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხები სექტემბერში გაეცემა. ასევე, მისივე განცხადებით, პარტიის დამფუძნებელი ყრილობაც სექტემბერში ჩატარდება.
ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია "ევროპული საქართველო" ცოტა ხნის წინ დატოვეს. ბოკერის თქმით, პარტიაში უთანხმოება პრაიმერიზის ჩატარების წესმა გამოიწვია. მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე დაპირისპირებამ გამოავლინა სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი პარტიის გენერალურ მდივანთან, აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერ გუნდთან.
კერძოდ, ბოკერიას თქმით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ და პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრაიმერიზში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც, ამ ყველაფერმა კი პარტიაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, მათ შორის, დაისვა თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი.