x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
დადიანები და სხვა სვანური გვარების გავრცელება საქართველოში

image

დადიანი პირველად ნამდვილად გვარი იყო. შემდეგ ეს გვარი სამოხელეო თანამდებობად იქცა. ის ყველა ისტორიკოსისათვის ცნობილია. დადიანის გვარის თანამდებობად გადაქცევის შემდეგ ოდიშის მთავარ დადიანთა თავდაპირველი გვარი ლიპარტიანი იყო, გვიანდელი დადიანებისა – ჩიქოვანი.
ნიკო ბერძენიშვილმა გაარკვია, რომ „დადიანი" თავდაპირველად მართლაც გვარი იყო და შემდეგ მოხდა ამ საგვარეულო სახელწოდების თანამდებობის სახელად გარდაქმნა.
ნიკო ბერძენიშვილი წერდა: „...გვიან ხანაში (ვთქვათ, ლევან II დადიანი ან სხვა რომელიმე) ტერმინი დადიანი უკვე „საგვარეულო სახელწოდება“ აღარაა ისევე, მაგალითად, როგორც არაა „საგვარეულო სახელწოდება“ „გურიელი“ ან „შარვაშიძე“. ყველა ესენი ამ გვიან ხანაში მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის ტერმინებია, თანამდებობის („მთავრის“) აღმნიშვნელია. ამიტომაც იყო შესაძლებელი, მაგალითად, რომ ზოგიერთი „გურიელი" „დადიანიც“ იყო და პირუკუ („დადიან“- „გურიელი"), როცა ესა თუ ის გურიელი ოდიშსაც ფლობდა, ანდა როცა ესა თუ ის დადიანი გურიასაც იჭერდა” (ნ.ბერძენიშვილი, სის, I, გვ. 339). ჩვენი მხრით შეიძლება დავუმატოთ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში მოხსენიებული „ლომა დადიანი-გურიელი" (XIV ს. პირველი ნახევარი). ნიკო ბერძენიშვილისავე დასკვნით, „დადიანის საგვარეულო სახელწოდებას“ საფუძვლად უდეგს მამაკაცის საკუთარი სახელი „დად", რომელიც საშუალო საუკუნეების სვანეთში გავრცელებული სახელი იყო.

XIII-XIV სს. სვანეთში დადისძეების (დადის შვილთა) გვარიც მკვიდრობდა. იმავე
სვანეთის XIV ს. მეორე ნახევრის სულთა მოსახსენიებელში ჩაწერილია „ერისთავთ-ერისთავი გიორგი დადიანი". ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, „ერისთავ-ერისთავი" თანამდებობაა გიორგისა, რომლის გვარიც იყო დადიანი. ჯვრის მონასტრის აღაპებში იკითხება: „აღაპი და პანაშვიდი ერისთავისა შერგილ დადიანისა“ (XIII ს.). „აღაპი და პანაშვიდი ერისთავ-ერისთავის გიორგი დადიანისა", რომელიც 1348 წელს გარდაცვლილა როგორც ჩანს, საჭიროა კიდევ ერთხელ დავესესხოთ ნიკო ბერძენიშვილს და კიდევ ერთი ციტირება მოვახდინოთ: „ორბელიანი (საერთოდ გულისხმობს -იან(-ან) ფინალიან გვარებს) იმის მოწმობაა, რომ „საგვარეულო სახელწოდება" სხვაგანაც საქართველოში, ისევე როგორც სვანეთში და სამეგრელოში, ადამიანის საკუთარ სახელთან დაკავშირებით, გვარის სახლის მეთაურის სახელთან დაკავშირებით იწარმოებოდა და ამ პირის მიკუთვნებას აღნიშნავდა ხსენებული კრებულისადმი".
image
ქართული გვარსახელების შესწავლის თვალსაზრისით საინტერესო სურათს იძლევა სვანეთის XIII საუკუნის სულთა მატიანეები, რომლებიც კარგა ხანია გამოცემულია და ყველა მეცნიერისათვის ხელმისაწვდომია.
სვანეთის სულთა მატიანეებში მოხსენიებული გვარები დღესაც იმავე სოფლებში არიან განსახლებულნი, ნაწილი კი დასავლეთ საქართველოს მთისწინეთსა და ბარის ზოლში ჩასახლებულა. პავლე ინგოროყვას მიერ გამოცემულ „სვანეთის საისტორიო ძეგლებიდან" ამოწერილია მხოლოდ ზოგიერთი მათგანი:

– ქალდიანი (დღევანდელი ქალდანები);
– დევდარიანი;
– უბილიანი (დღევანდელი ვიბლიანი. უბილავა);
– ცხვიმიანი (დღევანდელი ჩხვიმიანი);
– ქელბაგიანი;
– გობეჩიანი (დღევანდელი გობეჩია);
– აფაქიანი (დღევანდელი აფაქია, აფაქიძე);
– ფანჯიკიანი (დღევანდელი ფანჯიკიძე);
– ქურდიანი (გვარს საფუძვლად უდევს ძველ საქართველოში გავრცელებული მამაკაცის სახელი „ქურდია“. ეს „სახელი ფიქსირებულია „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში");
– ლიპარტიანი;
– რატიანი;
– ღოღელიანი (დღეს ლეჩხუმში მოსახლენი);
– ნაკვეხელიანი (ლეჩხუმში მოსახლე ლაკვეხელიანთა წინაპრები);
– გოლბიანი;
– ჩიქოვანი;
– წერედიანი;
– კუარაცხელიანი (დღევანდელი კვარაცხელია);
– ბენდელიანი;
– გოგორელიანი;
– სანიგიანი (დღევანდელი სანიკიანი, იგივე სანიკიძე);
– ჭაბუკვანი (ჭაბუკიანი);
– გოშუანი;
– ნაკიანი (ნაკანი);
– ჩხუმიანი;
– გულედიანი (გულედანი);
– გურეჩიანი (გურჩიანი);
– გიგიანი (იგივე გიგანი);
– წიფურიანი (წიფურია);
– ჭითიანი;
– მეიფარიანი;
– ხაზალიანი (ხაზალია);
– მუშკუდიანი;
– კვირკველიანი (კვირკველია);
– ჯამბურიანი (ჯამბურია და ჯამბურიძე);
– გვარამიანი (გვარამია);
– გაბლიანი;
– ბებიანი (ბებია);
– ხვერგუანი (ხორგუანი);
– უშუხვანი (უშხვანი);
– ჟორუჟოლიანი;
– კახიანი;
– ჯაფარაისძე;
– ხერგიანი.
imageვალერი სილოგავას მიერ გამოცემულ „სვანეთის წერილობითი ძეგლების“ პირველი ტომიდან (თბილისი 1986) ამოწერილ იმ გვარსახელებს შემოგთავაზებთ, რომლებიც დღესაც აგრძელებენ არსებობას:

– გოშქოთელიანი (გოშხეთელიანი, 1299-1327 წწ., XIV ს. | ნახ., XV ს.);
– გელუანი (დღევანდელი გელოვანი. XIII-XIV სს.);
– ავალიანი (XIV ს.);
– ჩარკვიანი (XV ს., XV ს., XVI-XVII სს.);
– მარეგიანი (იგივე მარგიანი. XIV ს. | ნახ., XV ს.);
– იოსელიანი (XIV ს. | ნახ.);
– ფალიანი (XIV ს. | ნახ. XIV-XV სს. მიჯნა);
– ჯაფარიანი (იგივე ჯაფარიძე, XV ს.);
– კორძიანი (იგივე კორძაია. XIV ს. | ნახ.);
– ყიფიანი (XIV ს. I ნახ.);
– მარგველიანი (XIV ს. | ნახ.);
– მაჭავარიანი (XIV ს. | ნახ.);
– ინასარიანი (XIV ს. | ნახ.);
– გაბუნიანი (დღევანდელი გაბუნიების წინაპრები; XIV ს. I ნახ.);
– ამროლიანი (XIV ს. II ნახ.);
– ქურდიანი (XIV ს. | ნახ.);
– ხერგიანი (XV ს.);
– ონიანი (XIV-XV სს.);
– ჩარგასიანი (ჩარგაზიების წინაპრები. XIV ს.);
– გადრანი (XVI ს.);
– გოჩუანი (XVIII ს.);
– გურჩიანი (XVXVI სს.);
– ნავარიანი (XVIII ს.);
– კვიციანი (XV-XVI);
– კვანჭიანი (XVI-XVII სს.);
– ჭანტურიანი (ჭანტურიების წინაპრები. XV-XVI სს.);
– პაიკელანი (პაკელიანი; XVI-XVII სს.);
– ცინდელიანი (XV-XVI სს.).

იგივე გვარსახელები ფიქსირებული მოგვიანო პერიოდის, XVII-XVIII საუკუნეების სვანურ დოკუმენტებში, რომლებშიც ბევრი ისეთი გვარია შეტანილი, რომლებიც წინა საუკუნეების საბუთებში ვერ მოხვდნენ:
– ჩართველიანი (ჩართოლანი);
– კაჭარანი (კაჭარავა);
– დადვანი;
– მილდანი;
– ცალანი.

წყარო: როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურა – როდის წარმოიქმნა ქართული გვარსახელები
0
160
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0