x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
რა შემთხვევაში არქმევდნენ ძველი ქართველები ახალდაბადებულს სულის სახელს

imageსახელის დარქმევა ახალშობილისათვის რიტუალურ წესებს ექვემდებარებოდა. ქართველმა ტომებმა ადრიდანვე იცოდნენ ბავშვებისათვის სულთა და ხატთა სახელების დარქმევა და ამას თავისი ახსნა ჰქონდა. ხევსურეთსა და ფშავში ახლაცაა შემორჩენილი სახელის დარქმევის უძველესი წესების ნაშთები. მიცვალებულს უჩნდებოდა მოსახელე, ე. ი. გარდაცვალებულის სახელს არ ივიწყებდნენ, არქმევდნენ ახალმობილს. ვაჟა ფშაველა 1888 წელს წერდა: „გარდაცვალებულის ვინაობა გვაროვნების წრეში არ იკარგება: იმის სახელს ახლად დაბადებელს ბალღს არქმევენო“. ოჯახსა და გვარში ტრიალებდა ანთროპონიმთა გარკვეული ფონდი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა ხოლმე: ჩვეულებრივ ბებიისა და პაპის სახელებს შვილიშვილებს არქმევდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ერთ-ერთ მთავარ ადგილს სულის, ან ხატის სახელი იჭერდა.

სულის სახელი რელიგიურ წარმოდგენებს უკავშირდება. ანიმისტური რწმენით, მიცვალებულის სული მოითხოვს, რომ ახალშობილს რომელიმე მიცვალებულის სახელი ეწოდოს. სულის სახელს მესულთანე ან მკითხავი არჩევდა. ამ სახელით ადამიანს შინაურობაში იცნობდნენ, ოფიციალურად კი მას სხვა სახელი ერქვა; რიტუალი უკანასკნელ ხანებამდისაც ცოცხლობდა ხევსურთა შორის და მთლად ჯერაც არ არის დავიწყებული.
„როდესაც ბავშვი, – წერდა ს. მაკალათია 1935 წელს, – აკვანში ანჩხლობს და ტირის, იტყვიან, ბავშვს აწუხებს მიცვალებულის სულიო, რომელსაც სურს, ბავშვი თავის მოსახელედ დაიყენოსო. ზოგჯერ დედა სიზმარში დაინახავს, რომ მიცვალებული ბავშვის აკვანს არწევს. მაშინ მშობლები მესულთანესთან მივლენ და სთხოვენ მიცვალებულის სულის გამოცნობას. მესულთანესთან ოჯახის მიცვალებულის სუფრას დადგამენ, სანთლებს აანთებენ და მესულთანე დაიწყებს სულების ჩამოთვლას, ბოლოს ის ერთზე შეჩერდება და იტყვის იმ მიცვალებულის სახელს, რომელიც ბავშვს ატარებს. ამის შემდეგ მშობლები ბავშვს ამ მიცვალებულის სახელსაც არქმევენ.

ხევსურეთში სხვა სახელის დარქმევაც იცოდნენ. ზოგჯერ ბიცოლას შეეძლო მაზლიშვილის მონათვლა ახალი სახელით. ასევე წესად იყო მიღებული რძლის მიერ მაზლისათვის სახელის გადარქმევა. რძლისა და ბიცოლას ეს უფლება ზოგ კუთხეში პატივისცემით სარგებლობდა, ამიტომ ხშრად ერთ კაცს სამი-ოთხი სახელი ერქვა: კალენდრისა, რომლითაც იგი რეგისტრირებული იყო დაბადების (მეტრიკის) წიგნში, მეორე – სულისა, მესამე – რძლისა, მეოთხე - ბიცოლასი.
სერგი მაკალათიას ხევსურეთში შეხვედრია ერთი კაცი (დავით ბალიაური), რომელსაც ხუთი სახელი ჰქონია: კალენდრისა – პეტრე, სულისა – დავითი, ხატისა – გიორგი, რძლისა – ხირჩლა და ბიცოლასი – ბეწიკუა.
სახელის დარქმევის ანალოგურ წესებს იცავდნენ ფშავშიაც. კალენდრის სახელის პარალელურად სულის ან ხატის სახელის დარქმევა აქაც ტრადიციას წარმოადგენდა, თანაც სულის სახელებად, ჩვეულებრივ, ძველ ქართულ სახელებს არჩევდნენ.

ხატის სახელებს ხანგრძლივი ისტორია აქვს. მთაში ყველაზე გავრცელებული ხატის სახელებია: აშექალი, სამძიმარი, მზექალი, გიორგი.
ორი-სამი სახელი ჰქონიათ არა მარტო მამაკაცებს, დედაკაცებსაც. ზოგჯერ ქალსაც და ვაჟსაც ერთსა და იმავე სახელს არქმევდნენ. მაგალითად, ხვიჩა სამეგრელოში მსოლოდ ვაჟის სახელია, კახეთში ქალსაც ჰქვია. ასევე არეთა, ძუკუ, ლეო, კასიანე და მრავალი სხვა ქალ-ვაჟთა საზიარო სახელებია.
მთამ შემოინახა ადამიანის საკუთარ სახელთა ტაბუირების ტრადცია, რის კვალს, უწინარეს ყოვლისა, ფშაურსა და ხევსურულ ყოფაში ვნახულობთ.
ფშავში, მაგალითად, ცოლს აკრძალული ჰქონდა ქმრის სახელის ხსენება, ქმარს კი ცოლის სახელის ხსენება. ვაჟას სიტყვებით რომ ვთქვათ, „ფშაველი ქმარი და მისი ცოლი ისე დაჰბერდებიან, რომ ერთმანეთს სახელს არ დაუძახებენ, ეს უნამუსობად, სირცხვილად მიაჩნიათ!“
საკუთარ სახელთა ტაბუირებას მოწმობს აგრეთვე ხევსურული რძლისა და ბიცოლას სახელები, ე.ი. რძლის (ბიცოლას) უფლება მაზლისა და მაზლიშვილისათვის სახელის გადარქმევისა და, რ.ხარაძის დაკვირვებით, ტაბუირება ჩანს თიკუნშიაც (შერქმეულ სახელში). ტაბუირების გამოძახილს ვპოულობთ ამერიკელ ინდიელებში, სადაც, მორგანის ცნობით, უხეშობად ითვლებოდა საკუთარი სახელით მიმართვა ან სახელის კითხვა.

სახელის დარქმევის რიტუალი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ხალხებში სხვადასხვანაირი იყო. პირველყოფილი კულტურის ისტორიკოსები მოგვითხრობენ, რომ ეს რიტუალი უფრო ხშირად ბავშვის დაბადების თავისებურ გააზრებას უკავშირდებოდა: ახალშობილის სახით რომელიღაც მიცვალებული ბრუნდება ამქვეყნადო. ამიტომ ცდილობდნენ ამ მიცვალებულის ვინაობის ამოცნობას, რათა მისი სახელით მოენათლათ ახალშობილი.
ახალ ზელანდიის ტომებს ასეთი წეს-ჩვეულება ჰქონიათ: ახალშობილთან მიდიოდა ქურუმი და უკითხავდა წინაპართა სახელების გრძელ სიას, ხოლო ბავშვს არქმევდნენ იმ წინაპრის სახელს, რომლის ხსენებისას ცხვირს დააცემინებდა. ხონდები სახელის დარქმევას ზეიმობდნენ ბავშვის დაბადების მეშვიდე დღეს, იმართებოდა მთელი სოფლის დღეობა. სახელს არჩევდა ქურუმი, რომელიც წყლით სავსე ჭურჭელში ყრიდა ბრინჯის მარცვლებს და თითოეული მარცვლის ჩაგდებისას იმეორებდა რომელიმე წინაპრის სახელს. წყალში მარცვლის მოძრაობასა და ბავშვის მიმიკაზე დაკვირვებით ქურუმი არკვევდა იმ წინაპრის ვინაობას, რომელიც თითქოს ამ ბავშვის სახით დაბრუნდა სააქაოს და ბავშვსაც იმის სახელს არქმევდა. ედვინ ჯემსის გადმოცემით, ბავშვის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით საგანგებო დღეობას მართავდნენ ამერიკელი ინდიელებიც, რომლებიც ამ დღეობას ვინ-დახ-ვას-სო-ვინ-ს უწოდებდნენ.

ლ. ლევი-ბრულის ცნობით, განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ ტომებში მამაკაცები მარტო ერთი, პირველდარქმეული, სახელით არ კმაყოფილდებოდნენ. მათ უფლება ჰქონდათ სახელის შეცვლისა თავიანთი ცხოვრების რომელიმე ღირსსახსოვარ ეტაპზე, მაგალითად, დაქორწინების, პირველი მტრის მოკვლის, გარეული ფრინველის დაჭერის, საიდუმლო საზოგადოებაში შესვლისა და სხვა.
იროკეზზთა გვარში ბავშვს სახელს არქმევდა დედა ახლო ნათესავთა მონაწილეობით, მაგრამ ეგ სახელი საბოლოო მაშინ გახდებოდა, როდესაც საჯაროდ გამოცხადდებოდა ტომის საბჭოს უახლოეს სხდომაზე. ხსენებულ გვარში სახელთა ორი კლასი არსებობდა: ბავშვობის ასაკისა და მოზრდილთათვის. თექვსმეტი ან თვრამეტი წლის ასაკში ახალგაზრდას გვარის ერთი რომელიმე ბელადი მოხსნიდა ბავშვობის სახელს და დაარქმევდა ახალ სახელს, რაც საჯაროდ გამოცხადდებოდა ტომის საბჭოს უახლოეს სხდომაზე. გვარში უხსოვარი დროიდან ტრიალებდა გარკვეული სახელები, რომლებიც მხოლოდ ამ გვარის კუთვნილებას წარმოადგენდნენ. შაუნთა და დელავართა ტომებში დედას უფლება ჰქონდა თავისი შვილისათვის ეწოდებინა სხვა გვარისათვის კუთვნილი სახელიც, მაგრამ ამ სახელს ბავშვი გადაყავდა იმ გვარში რომელსაც ეგ სახელი ეკუთვნოდა. იროკეზთა გვარში მიცვალებულის სახელის დარქმევა ახალშობილისათვის შეიძლებოდა მხოლოდ მიცვალებულის უფროსი შვილის თანხმობით.

ბავშვებს გვაროვნული სახელი ჩვეულებრივ ეძლეოდათ დედის ან მამის მხრით. ბაულთა ტომებში (სპილოს ძვლის ნაპირის მცხოვრებნი) ჯერ კიდევ შენახულია მატრიარქატის საზოგადოებრივი ნორმები: მემკვიდრეს სახელი მხოლოდ დედის მხრით ეძლევა. ამიტომ მამასა და შვილს სხვადასხვა გვაროვნული სახელი აქეთ. აქ ადამიანი თვითონ ირქმევს საკუთარ სახელს, ამასთან ვალდებულია თავისთვის შეირჩიოს სრულიად ახალი სახელი, რადგან სხვის მიერ ამორჩეული სახელის დარქმევა არ შეიძლება.
ამერიკელ ინდიელებს საკუთარ სახელებად, ჩვეულებრივ გამოყენებული აქვთ ტოტემის (ცხოველი, ფრინველი, საგანი, მოვლენა) სახელწოდებანი.
ჯონ ტენერი, რომელმაც 30 წელი გაატარა ამერიკის ინდიელთა შორის XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში, მოგვითხრობს, რომ მის დედობილს ერქვა წავის დედაკაცი („ნე-კიკ-ოუზ-კე-ჩიმ-ე-კუა“), რადგან წავი მათი გვარის ტოტემი ყოფილა. აქ ადამიანებს ასეთი სახელები ჰქონიათ: შევარდენი, აბედი, ელვა. ის, ვისიც ყველას ეშინია, ფრთებგაშლილი, მრუდფეხა, პატარა ქორი, კუ, ბატის ჭუკის ბუმბული (ქალია), თეთრი ყანჩა, ყვითელთავა, გარეული კაცის თავი, პატარა ნიჟარა, შავი შაშვი, გახაფხულის ირემი, დაფრენილ არწივთა გუნდი, ჩიბუხი და ა.შ.
ინდიელებს სცოდნიათ მეტსახელებიც. ერთისათვის შეურქმევიათ მოკვეთილი ხელი. მას მარჯვენა ხელით მოუკვეთია საკუთარი მარცხენა ხელი. მეორისათვის – აფრა, რადგან ყოფილა ჩამრგვალებული მოყვანილობისა და ა.შ. ასეთი მეტსახელებიდან ბევრი ანთროპონიმი, ასე გასინჯეთ, ეთნონიმიცაა წარმოქმნილი. ცნობილია, მაგალითად, რომ უმი ხორცის მჭამელს ამერიკის ინდიელთა ოჯიბვეების ტომის ენაზე აშკიმეკი ეწოდება, საიდანაც შემდეგ წარმოდგა ესკიმოსი, ე.ი. მეტსახელი – უმიჭამია, რაც ამჟამად ეთნონიმია.

სახელი ინდივიდუმს გამოარჩევს კოლექტივისაგან, ზოგჯერ ის თვით კაცობის მაჩვენებლადაცაა მიჩნეული. უსახელოდ არა თუ პიროვნება, ნივთიც არაა დარჩენილი. ამასთან კაცის სახელი განმეორებადია, ნივთისა კი – არა, ნივთის სახელი განმეორების უნარს მოკლებულია, ადამიანის სახელი იმდენია, რამდენიც ინდივიდუმი. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი ტომები სახელს ასე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ესკიმოსთა წარმოდგენით, მაგალითად, ადამიანი სხეულის, სულისა და სახელის ერთობლიობაა, მაგრამ ამ სამი ელემენტიდან კაცს სიკვდილისაგან მხოლოდ სახელი იფარავს.
image სხვადასხვა ხალხებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად თუ ბავშვი მძიმე სენით დაავადდებოდა, მას სახელს უცვლიდნენ, ავი სული ვერ შეეყრება, განიკურნებაო. ა.გ. გაფუროვის ცნობით, ტაჯიკი მშობლები ვაჟიშვილებს სანგ-სა (ქვა) ან ტაბარ-ს (ნაჯახი) არქმევდნენ და ამით სურდათ თავიანთი შვილები ქვასავითა და ნაჯახსავით გამძლენი გამოსულიყვნენ. სახელის დარქმევასთან მრავალი ცრურწმენა და რიტუალი იყო დაკავშირებული. სახელის დარქმევა მაგიურ ძალას უკავშირდებოდა. ხშრად ნამდვილ სახელს საიდუმლოდ ინახავდნენ, ტაბუს ადებდნენ, ხოლო პიროვნებას გამოგონილი სახელით (ფსევდონიმით, თიკუნით) მიმართავდნენ, ამით ადამიანს ბოროტ ძალებს უმალავდნენ და იცავდნენ. მაგიასთან გაიგვებულ სახელს სულის სახელსაც ეძახდნენ.
ზ.ბ. მუხამედოვას გადმოცემით, თურქმენთა ტომებში გავრცელებული იყო ტრადიცია, რომლის თანახმად ბავშვს ორ სახელს არქმევდნენ – ნამდვილს და მოგონილს. მოგონილს იმიტომ, რომ ნამდვილი სახელი ავმა სულმა არ გაიგოსო, ხოლო მოგონილი სახელით, თითქოს, ავი სული ბავშვის გამოცნობას ვერ შეძლებდა. შესანიშნავ გერმანელ მეცნიერს ჰ.ნევერმანს, აღწერილი აქვს დასავლეთ ირიანის (ახალი გვინეა) ერთი მკვიდრი ტომის, მარინდანიმის, კულტურა, რომლის მიხედვით ბავშვის სახელის დარქმევა ადამიანის თავის ქალაზე ნადირობას უკავშირდება. მეცნიერის წიგნებში ამ ტომის ყოფა-ცხოვრების შესახებ ბევრი, მეტად საინტერესო რამაა გადმოცემული, მაგრამ აქედან, საკუთარ სახელთან დაკავშირებით, ყურადღებას ადამიანის თავის ქალაზე ნადირობის წეს-ჩვეულება იქცევს.
ადამიანზე ნადირობა აქ გავრცელებული ჩვეულებაა. მეზობლები ერთურთს თავს ესხმიან და ცდილობენ, რათა ალაფის სახით, რაც შეიძლება მეტი სახელი წამოიღონ თავიანთი ბავშვებისათვის. ადამიანებს ხოცავენ, მათ ხორცს ჭამენ, ხოლო მოკლულთა სახელები ნადავლად მოაქვთ და თავიანთ ბავშვებს არქმევენ. საკუთარი სახელის ტაბუირების ჩვევები მდიდარი მასალის ჩვენებითაა განხილული ი.ფრეზერის შრომებში.

ქართველ ტომებში ძველად წარმოდგენილი სულის სახელიც, როგორც აღინიშნა, მაგიურ რწმენასთანაა დაკავშირებული, მაგრამ საკუთარი სახელის სულ სხვაგვარ გააზრებას ექვემდებარება. სულის სახელი, ასე თუ ისე, მაინც ოჯახის (იშვიათად გვარის) წრეში ტრიალებს და ტომთა მტრობასთან ან კაციჭამიობასთან არავითარი დამოკიდებულება არა აქვს.
საკუთარი სახელის შექმნისა და დარქმევის რიტუალის საფუძველი პრაგმატიზმია. როცა ახალამეტყველებული საზოგადოება გამრავლდა, შრომის პროცესმა დიფერენცირებული სახე მიიღო, თანაც ადამანთა საკვებითა და სხვა მატერიალური და სულიერი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო ნივთებით უზრენველყოფა გაძნელდა, ხოლო მათთვის კოლექტიური ძალა უფრო და უფრო აუცილებელი გახდა, როცა განმტკიცდა ოჯახი და გვარი, აღმოცენდა უმარტივესი
გაერთიანებები თავიანთი ატრიბუტებით, ბუნებრივია, ადამიანთა ეკონომიკური და სულიერი კავშირის ჰორიზონტმაც შორს გაიწია, ენის ლექსიკაში შეიჭრა ცხოვრების ამსახველი ახალი შენაკადები, მომწიფდა ნიადაგი საზოგადო და კერძო ერთეულთა გამიჯვნისათვის.
ასეთ პირობებში, საზოგადოების განვითარების გარკვეულ საფეხურზე, უეჭველია, ერთურთის რაღაც ნიშნით გარჩევის პრაქტიკული საჭიროება აუცილებელი გახდა. გარჩევის ეს ნიშანი, რაღა თქმა უნდა, სოციალური ნიშანი იყო. საკუთარი სახელი სწორედ ინდივიდუმის სოციალური ნიშანია საზოგადოებაში: ერთს გამოჰყოფს მრავლისაგან, ამიტომ იყო, რომ თავდაპირველად სეხნია სახელები უფრო იშვიათი უნდა ყოფილიყო, ვიდრე დღესაა, მათ გზა მოგვიანებით უნდა გახსნოდა. საკუთარი სახელი ადამიანის ინდივიდუალური ნიშანი იყო და არა საერთო.
სახელის შემდეგ ეგრევე უნდა ითქვას გვარზეც. სეხნია გვარებიც თადაპირველად იშვიათი მოვლენა უნდა ყოფილიყო და არა ისე მოდებული, როგორც ამჟამად გვაქვს. სეხნია გვარები ახლა ისე ხშირია, რომ ზოგჯერ ორიენტაცია ძნელდება, გვიჭირს იმის ამოცნობა, თუ რომელ გვარსა და სახელზეა კონკრეტულად ლაპარაკი.

ამის საილუსტრაციოდ, გნებავთ, საგულისხმოა ტელეფონის წიგნების ჩვენება. თბილისის საქალაქო სატელეფონო ქსელის აბონენტთა სიის თანახმად აბაშიძე გვარსახელი 121-ია, გაბუნია – 136 კაპანაძე – 179, მაისურაძე – 327 და ა. შ. ეს მარტო თბილისზე არ ითქმის. ასეთი ვითარება გვაქვს დღეს სხვა დიდ ქალაქებშიაც, ჩვენშიცა და საზღვარგარეთშიც.
ლონდონის სატელეფონო წიგნში გვარი სმიტი 6 ათასჯერაა განმეორებული; ბრაუნს 20 სვეტი უჭირავს. შვეციაში ანდერსენი 381 ათასი კაცია, იოჰანსონი – 364 ათასი, კარლსონი – 334 ათასი და ა. შ. ე.ი. ქვეყანაში, სადაც 7 მილიონი კაცი ცხოვრობს, სამ გვარს მილიონზე მეტი კაცი ატარებს. 30 მილიონიან კორეაში მხოლოდ 250 გვარია. ტომსკის ოლქის სოფ. ბელოუსოვოში ყველა მოსახლე ბელოუსოვი იყო. მოსკოვში დღეს 90 ათასი ივანოვი ცხოვრობს, მათგან ათასზე მეტი ივანე ივანეს ძე ივანოვი; სამი ათასზე მეტი კაცის სახელი და გვარია ანდრია ანდრიას ძე ანდრეევი. მოსკოვში ცნობა რომ მოითხოვოთ, თუ სად ცხოვრობს ალექსანდრე სერგის ძე პუშკინი, დაგისახელებენ 15 მისამართს. რუსეთში ახლა მილიონობით ქალს ტატიანა ჰქვია. ძველ რუსულ სოფელში გლეხობის 16-25 პროცენტს ივანე ერქვა, ყოველი მეხუთე კაცი ივანე გახლდათ. სეხნია სახელები ოჯახშიაც ხშირი იყო. მაგალითად სოფ. ბალახნეში, 1674 წლის აღწერით, ნაუმკებს ჰყავდათ სამი ვაჟი ივაშკო 17 წლისა, ივაშკო 15 წლისა და ივაშკო 1 წლისა. სოფ. ლეპეხინოში (კოსტრომის ოლქი) 1777 წელს ცხოვრობდა ქალი, სახელად ანა, რომელსაც ორი ქალიშვილი ჰყავდა და ორივეს ანა ერქვა. სარეკორდო მაჩვენებელი ჰქონია ერთ პოლონურ ოჯახს (კრაკოვში). აქ მცხოვრებ იან დლუგოშს ათი ძმა ჰყოლია და ათივეს ერთი სახელი, იანი, რქმევია.

ქართულ მოსახლეობაში ასეთი შემთხვევა არ გვხვდება, მაგრამ ფაქტი მაინც უნდა აღინიშნოს. მშობლების სახელები შვილებსა და შვილიშვილებზე გადადიოდა, ერთი და იგივე სახელი მამასა და შვილს, დედასა და შვილსაც ჰქონდა. ეს გარემოება ერთგვარად არღვევდა სახელის ინდივიდურ საზღვრებს. საკუთარი სახელის გრძნობა სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა ასპექტითაა განცდილი. ბევრი, განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი ტომი, სახელში მაგიურ ძალას რომ აქსოვდა, მას სიკეთესაცა და უბედურებასაც უკავშირებდა. თითოეულ სახელს, მათი წარმოდგენით, თავისი ბედი ჰქონდა და ამიტომ ყოველი ახალდაბადებულისათვის ახალ სახელს ეძებდნენ. ახალი სახელის გაჩენა ოჯახში ახალი თაობის განვითარებას გულისხმობდა.

ბავშვი ისე ვერ გაიზრდებოდა, თუ მას ახალ სახელს არ შეურჩევდნენ. ამით იყო ახსნილი სახელზე, თავის ქალაზე ნადირობის ინსტიტუტი, ახალი გვინეის ტომებში რომ ვრცელდებოდა. აქ მარინდანიმის ტომის ენაში, ახლაც არის ანდაზა, რომელსაც ასეთი გაგება აქვს: „თავის ქალაზე ნადირობისას მოპოვებული ბევრი სახელი ბევრი პატარა ბავშვიაო“.
ჰ.ნევერმანი გადმოგვცემს: ადამიანის თავის ქალაზე ნადირობა, რომელიც მარინდანიმის ტომშია ფეხმოკიდებული, კანიბალიზმს იმდენად არ უკავშირდება, რამდენადაც სახელის მოპოვებას, სახელის ალაფად აღებასო. მოკლული ადამიანის სახელი და თიკუნი (მეტსახელი) ბავშვის შემატებად იყო გააზრებული, ამიტომ თავის ქალაზე მონადირენი შეპყრობილ და განწირულ ტყვეებს სახელსა და მეტსახელს ეკითხებოდნენ, მათ კლავდნენ და სახელი ნადავლად მიჰქონდათ, რომ თავიანთი ბავშვებისათვის დაერქმიათ.

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0