სხვა რატომ უნდა შეინახოთ გაზეთის ბურთები მაცივარში? 9 ხრიკი ოჯახის ბიუჯეტის დასაზოგად 8 აგვისტო, 20:09 თუ დღემდე ყიდულობთ ძვირადღირებულ საყოფაცხოვრებო ქიმიას და შემდეგ განიცდით, რომ ოჯახის ბიუჯეტი „დაღმართისკენ მიდის“, ეს სტატია თქვენთვისაა. გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ იმპროვიზებული საშუალებები, პროდუქტების ნარჩენები და შეფუთვა საყოფაცხოვრებო ამოცანების გადასაჭრელად. 1. გამოიყენეთ კვერცხის ნაჭუჭი ბლენდერის დანის გასალესად ბლენდერი შეუცვლელი დამხმარეა სამზარეულოში. მისი დახმარებით შეგიძლიათ მოამზადოთ სმუზი, კრემსუპი, პაშტეტი, კოქტეილი და ა.შ. დააქუცმაცოთ პროდუქტები სხვადასხვა კერძებისთვის და სასმელებისთვის. რაც უფრო ხშირად იყენებთ ბლენდერს, მით უფრო სწრაფად ბლაგვდება მისი დანები. ბლენდერის დანების გასალესად სპეციალისტთან მისვლა არ დაგჭირდებათ. კვერცხის ნაჭუჭიც საკმარისია. კვერცხის ნაჭუჭი კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და ბლენდერში მოათავსეთ. ფხვნილის მიღებამდე დააქუცმაცეთ. ასე დანები კვლავ ბასრი გახდება. კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი ოთახის მცენარეების გამოსაკვებად გამოგადგებათ. 2. გაწმინდეთ მიკროტალღური ღუმელი ლიმონით მაშინაც კი, თუ მიკროტალღურ ღუმელში გამუდმებით იყენებთ დამცავ თავსახურს, ღუმელის ძირზე და კედლებზე პერიოდულად ჩნდება ცხიმის ლაქები. იქ სამუდამოდ რომ არ დასახლდეს, ჭუჭყთან საბრძოლველად ეფექტური საშუალება უნდა იპოვოთ. ცხიმის ლაქებს ლიმონიც შესანიშნავად უმკლავდება. პატარა თასში წყალი ჩაასხით და დაჭრილი ლიმონი ჩაყარეთ, ღუმელში მოათავსეთ და 4-5 წუთი ჩართეთ. ორთქლი ჭუჭყს დაარბილებს და მის მოშორებას სალფეთქით ან სველი ღრუბლით მარტივად შეძლებთ. ასეთი პროცედურის შემდეგ ღუმელში ლიმონის სასიამოვნო არომატი დადგება. 3. დაუბრუნეთ დანა-ჩანგალს ბზინვარება მინერალური წყლით მინერალური წყალი კარგია არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ უჟანგავი ფოლადის დანა-ჩანგლისთვის. თუ დანა-ჩანგალი გამუქდა და ბზინვარება დაკარგა, ღრმა თასში მოათავსეთ და მინერალური წყალი დაასხით. 3 საათი გააჩერეთ, შემდეგ სუფთა წყალში გაავლეთ და გაამშრალეთ პირსახოცით. პროცედურის დაწყებამდე დანა-ჩანგალი კარგად უნდა გაირეცხოს. 4. გაათეთრეთ ტანსაცმელი ნიშადურის სპირტით თუ გაქვთ თეთრი ტანსაცმელი, რომელსაც ცხელი წყალი ვერ უმკლავდება, გჭირდებათ ხრიკი, რომელიც გაათეთრებს ტანსაცმელს სარეცხი მანქანის გარეშე. გამოიყენეთ ნიშადურის სპირტი. ღრმა ტაშტში 6 ლიტრი თბილი წყალი ჩაასხით, 15 მლ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ და აურიეთ. ამ ნარევში გაყვითლებული ტანსაცმელი ჩაალბეთ. 12 საათი გააჩერეთ, შემდეგ სარეცხ მანქანაში დელიკატურ რეჟიმზე გარეცხეთ. წყალბადის ზეჟანგიც გამოგადგებათ. იმავე აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს, მაგრამ დაბალი კონცენტრაციით. მათეთრებლისგან განსხვავებით წყალბადის ზეჟანგი უსაფრთხოა ნებისმიერი ქსოვილისთვის. 200 მლ წყალბადის ზეჟანგი სარეცხ მანქანაში კონდიციონერის განყოფილებაში ჩაასხით და რეცხვის სტანდარტული რეჟიმი ჩართეთ. შედეგი გაგაოცებთ. 5. გაწმინდეთ ჩაიდანი სოდით და ლიმონის წვენით ყველამ ვიცით, რომ ჩაიდანში ნაქაფს ლიმონმჟავა აშორებს. რა ვუყოთ ნამწვს, რომელიც გარედან დაგროვდა? თუ ჩაიდანი ქურასთან ახლოს დევს, შხეფები, ცხიმის წვეთები და სხვა ჭუჭყი ჩაიდნის კედლებზე სწრაფად ჩნდება. ჭურჭლის სარეცხი საშუალებით ლაქების მოცილება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ სანერვიულო არაფერია, რადგან სამზარეულოს კარადაში უფრო ეფექტური პროდუქტებია, სოდა და ლიმონი. 3 სუფრის კოვზი სოდა და 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი აურიეთ, რეაქციას დაელოდეთ, შემდეგ ღრუბელი ამ ნარევში დაასველეთ და ჩაიდანს წაუსვით. ფრთხილად იმოქმედეთ, ნარევი არ უნდა მოხვდეს სადენს, ან ჩართვა/გამორთვის ღილაკს. 5-10 წუთი გააჩერეთ, შემდეგ სველი ჩვრით ნარჩენები მოაშორეთ. ბოლოს მშრალი ჩვრით გაწმინდეთ. 6. განაახლეთ ჰაერი ოთახში ჩაის პაკეტით ჩაის პაკეტს ჰაერის განახლება შეუძლია. აიღეთ ერთი პაკეტი შეფუთვიდან, რამდენიმე წვეთი ეთერზეთი (ფორთოხალი, ლავანდა, პიტნა და ა.შ.) დააწვეთეთ, ხელისგულებს შორის მსუბუქად გასრისეთ და კარის სახელურზე ჩამოკიდეთ. კარის გაღებისას ჰაერის ნაკადები სასიამოვნო არომატს შემოიტანს მთელს სამზარეულოში და ოთახში ატმოსფერო გაცილებით სასიამოვნო გახდება. 7. გააქრეთ სუნი მაცივარში გაზეთის გამოყენებით ჩვენი დედები და ბებიები ძველ გაზეთებს არასდროს ყრიდნენ. მას ყოველდღიურად იყენებდნენ. მაგალითად, სარკის ან ფანჯრის გასაპრიალებლად, სველი ფეხსაცმლის გასაშრობად, ბოსტნეულის შესაფუთად, რომ შენახვის ვადა გახანგრძლივებულიყო. ასევე გაზეთი შეუცვლელი იყო მაცივარში უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ ბრძოლაში. გაზეთი დაჭმუჭნეთ ისე, რომ მკვრივი ბურთები მიიღოთ. მაცივრის თაროზე მოათავსეთ და დაივიწყეთ. გაზეთი უკვე ერთ საათში დაიწყებს არომატების შეწოვას, მაგრამ სრულად გაწმენდას რამდენიმე დღე დასჭირდება. გაზეთის ბურთები არა მხოლოდ საბრძოლველად, არამედ პროფილაქტიკისთვის გამოგადგებათ. პერიოდულად მაცივარში შეინახეთ. 8. ფხვიერი პროდუქტები წვენის თავსახურით შეინახეთ დღემდე ყრით წვენის შეფუთვას ნაგვის ურნაში? არადა მისი გამოყენება შეგიძლიათ. მაგალითად, ფხვიერი პროდუქტების შესანახად. თავსახური მუყაოს ნაჭერთან ერთად გადაჭერით. მასში მარცვლეულის შეფუთვა გაატარეთ და კიდეები შემოახვიეთ. ბოლოს თავსახური დაახურეთ. ასე მარცვლეული აღარ დაიყრება კარადის თაროზე, ასევე ადვილი იქნება დოზირება. 9. მოაშორეთ მარკერის ნიშნები კბილის პასტით ტანსაცმელზე მარკერის ნიშნები ჩვეულებრივი ამბავია, თუ სახლში პატარა ბავშვები ცხოვრობენ. არ იდარდოთ. კბილის პასტა ლაქებს ადვილად გაუმკლავდება. კბილის პასტა ლაქას სქელ ფენად წაუსვით და 2 საათი გააჩერეთ. შემდეგ ხელით ნაზად გარეცხეთ, ბოლოს სარეცხ მანქანაში მოათავსეთ. თუ მარკერის ლაქა მაგიდაზე დაინახეთ, კბილის პასტა წაუსვით და 15 წუთი გააჩერეთ. ამ დროში ლაქა გაქრება, ბოლოს სველი ჩვრით გადაწმინდეთ. ასევე დაგაინტერესებთ: „ეს ხომ გენიალურია“ – 15 მარტივი იდეა ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად ხარახურიდან სასარგებლო მოწყობილობამდე – ხალხური კრეატივის 12 მაგალითი როგორც აღმოჩნდა ძველი საბურავისგან ასეთი ნივთების გაკეთება შეიძლება. უბრალოდ წარმოუდგენელია! 18 ბრწყინვალე იდეა, რომელთა დახმარებით ჩვეული ნივთების სრულიად სხვაგვარად გამოყენებას შეძლებთ რატომ უნდა გადაყაროთ ძველი ნივთები, თუ შეგიძლიათ გამოიყენოთ აგარაკის ექსკლუზიური დეკორის შესაქმნელად 496 1-ს მოსწონს |