პოლიტიკა ირანის ახალი პრეზიდენტი ჰიჯაბის წინააღმდეგია და დასავლურ სამყაროსთან კავშირის მომხრეა-რამდენად აასრულებს იგი დანაპირებს? 7 ივლისი, 17:33
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტების ფრთის კანდიდატმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა. ისინი დაინიშნა მას შემდეგ, რაც ირანის წინა ლიდერი, იბრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მასუდ პეზეშკიანმა 53, 3% დააგროვა, მისმა კონსერვატორმა მოწინააღმდეგემ საიდ ჯალილიმ კი 44, 3%. არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც ირანის წინა პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი 19 მაისს ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა, (მასთან ერთად კიდევ შვიდი ადამიანი დაიღუპა). არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარებულიყო მას შემდეგ, რაც 28 ივნისს პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ, პეზეშკიანმა მადლობა გადაუხადა თავის მხარდამჭერებს, რომლებიც ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალულები მივიდნენ ხმის მისაცემად და ქვეყნის დასახმარებლად, იუწყება AFP. „ჩვენ ყველას გავუწვდით მეგობრობის ხელს; ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის ხალხი ვართ; ჩვენ ყველა უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის წინსვლისთვის“, - განაცხადა მან სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეზეშკიანს პრეზიდენტად არჩევა შაბათს მიულოცა. კრემლის მილოცვაში აღნიშნულია, რომ „რუსეთ-ირანის ურთიერთობები მეგობრული და კეთილმეზობლურია“, ხოლო „მოსკოვი და თეირანი ეფექტურად კოორდინირებენ ძალისხმევას საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში“. პეზეშკიანს არჩევა მიულოცა საუდის არაბეთის ხელისუფლებამ, რომელიც შეერთებული შტატების დიდი ხნის მოკავშირეა. მასუდ პეზეშკიანმა, ყოფილმა კარდიოქირურმა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააკრიტიკა ირანის მორალის პოლიცია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, აკონტროლებს ქალების მიერ „მუსლიმური ჩაცმულობის კოდექსის“ დაცვას. მან ასევე საჯაროდ გააკრიტიკა რაისის მთავრობა იმის გამო, რომ სათანადოდ ვერ გამოიძია 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების ფაქტი, რომელიც გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მორალის პოლიციამ დააკავა ჩაცმულობის წესების დარღვევისთვის. დაკავების თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ სცემა მაჰსა ამინის, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა. მასუდ პეზეშკიანმა Twitter-ზე (ამჟამად სოციალური ქსელი X) ერთ-ერთ პოსტში მოითხოვა საგამოძიებო ჯგუფის შექმნა, რომელიც გამოიძიებს ახალგაზრდა ირანელი ქალის გარდაცვალების გარემოებებს. "ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას ვინმეს მიმართ, მაგრამ ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს დებსა და ქალიშვილებს. ჩვენ არ დავუშვებთ მათ მიმართ მსგავს ქმედებებს“, - განაცხადა მასუდ პეზეშკიანმა. საარჩევნო კამპანიის დროს არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ მოიხსნება გარკვეული შეზღუდვები ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით ირანში, სადაც დაბლოკილია თითქმის ყველა რესურსი. რაც შეეხება თეირანის საგარეო პოლიტიკას, პეზეშკიანმა პირობა დადო, რომ შეაჩერებს ირანის "იზოლაციას" დანარჩენი მსოფლიოსგან. მან ასევე განაცხადა, რომ დასავლეთთან "კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს დაიწყებს" 2015 წლის ბირთვული შეთანხმების თაობაზე, რომლის თანახმადაც ირანი დათანხმდა შეზღუდოს ბირთვული პროგრამა დასავლური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ”თუ ჩვენ შევძლებთ სანქციების მოხსნას, ხალხის ცხოვრება უკეთესი გახდება, ხოლო სანქციების შენარჩუნება ნიშნავს, რომ ხალხი ისევ გაჭირვებაში დარჩება”, - თქვა პეზეშკიანმა სატელევიზიო ინტერვიუში საარჩევნო კამპანიის დროს. მიუხედავად იმისა, რომ პეზეშკიანი რეფორმისტად ითვლება, ის ერთგულია ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის. ექსპერტების ნაწილის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში, ირანს მეტი მოლოდინები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილება აქვს. ისლამურ რესპუბლიკაში გადაწყვეტილებებს უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი იღებს. საგარეო პოლიტიკა კი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) პრეროგატივაა. აზერბაიჯანული და ქურთული ფესვებით მასუდ პეზეშკიანი 69 წლისაა. იგი დაიბადა ქვეყნის დასავლეთში, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, სადაც ძირითადად აზერბაიჯანელები და ქურთები ცხოვრობენ. მასუდის მამა ირანული წარმოშობის აზერბაიჯანელი იყო, დედა ქურთი. თავად პეზეშკიანი თავისუფლად საუბრობს აზერბაიჯანულ და ქურთულ ენებზე. ჯარში სამსახურის შემდეგ პეზეშკიანი ჩაირიცხა სამედიცინო სკოლაში და ზოგადი პრაქტიკოსის დიპლომი მიიღო. მოგვიანებით კი კარდიოქირურგი გახდა. ირან-ერაყის ომის დროს (1980–1988) პეზეშკიანი მუშაობდა ექიმად და მის მოვალეობაში შედიოდა ფრონტზე სამედიცინო ჯგუფების გაგზავნა. 1997 წელს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. 2021 წელს ცდილობდა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ეყარა, მაგრამ მისი კანდიდატურა არ დაუშვეს. პეზეშკიანმა მეუღლე და ერთი შვილი 1993 წელს ავტოკატასტროფაში დაკარგა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარტომ გაზარდა ორი ვაჟი და ქალიშვილი. 76 2-ს მოსწონს
|