x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139019
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
"სიდი", "ჰორაციუსი" - პიერ კორნელი

ვეცდები ვისაუბრო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფრანგი დრამატურგის, პიერ კორნელის(1606-1684)შესახებ. ის დაიბადა ბურჟუას ოჯახში. რუანის ერთ-ერთ კოლეჯში მიიღო იეზუიტური განათლება. მოგვიანებით კოლეჯს "პიერ კორნელის სახელობის სკოლა" ეწოდა. აღსანიშნავია, რომ ძმა, ტომას კორნელიც ასევე პიესებს წერდა. მომავალი დტამატურგი 18 წლის ასაკში იწყებს იურისპრუდენციის სწავლას, თუმცა მისი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად მამამისმა მაინც დააწყებინა სამსახური რუანის დეპარტამენტში. კორნელი სწორედ ამ პერიოდში იწყებს წერას. მისი პირველი ნაწარმოების "მელიტა" (Mèlite) შექმნის თარიღი ზუსტად უცნობია, თუმცა ვიცით, რომ 1629 წელს წარმატებით დაიდგა პარიზის სცენაზე. ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ნაწარმოებებია "სიდი" და "ჰორაციუსი". მწერალმა 1641 წელს იქორწინა მარი ლამპერიერზე(Marie de Lampérière). მათ რვა შვილი ეყოლათ, რომელთაგანაც ექვსი ბიჭი იყო ორი კი გოგო. აღსანიშნავია, რომ პიერ კორნელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა კარდინალ რიშელიესთან. ამ უკანასკნელს თავდაპირველად მოსწონდა კორნელის შემოქმედება და მას მფარველობასაც უწევდა. რიშელიე რუანშიც იმყოფებოდა, სადაც კორნელი აირჩია "ხუთი მწერლის საზოგადოების" წევრად. საზოგადოება შედგებოდა ხუთი მწერლისგან. ეს იყო რიშელიეს ერთგვარი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ხედვის შემოტანას დრამატურგიაში. კარდინალს უნდა წარმოედგინა ახალი იდეები, რომელთაც შემდეგ მწერლები დრამატურგიის ფორმებში გამოხატავდნენ. რა თქმა უნდა, ეს უკვე იყო შეზღუდვა, რაც ჩარჩოში აქცევდა ახალ ნაწარმოებებს. დრამატურგი კი პირიქით მონდომებული იყო, რომ შეზღუდვების გარეთ გასულიყო და შეექმნა ახალი და ორიგინალური პიესები. ცხადია ასე თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდებოდა და კორნელმა დატოვა "ხუთი მწერლის საზოგადოება". აუცილებლად უნდა აღვნიშონთ, რომ მე-17 საუკუნის საფრანგეთი ეს იყო აბსოლუტური მონარქიის ხანა, სადაც ყველაფერი ხელისუფლების ცენტრალიზაციის გაძლიერებას ემსახურებოდა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კლასიციზმი, როგორც ერთიანი სისტემა სწორედ მე-17 საუკუნეში იკიდებს ფეხს და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა არქიტექტურა, ლიტერატურა, თეატრი და ა.შ. ამ პერიოდში თეატრის როლი მნიშნელოვნად გაიზარდა. ის ფაქტობრივად საზოგადოებრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად გვევლინება, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლება ცდილობდა ხელოვნებაზე გავლენის მოეხდენას. ასეთ ვითარებაში საფრანგეთში ვხვდებით დრამატურგებს, რომელთაც თავიანთი შემოქმედებით განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანეს თეატრალური ხელოვნება. პიერ კორნელის შემოქმედება მართლაც გამორჩეულია. მას აქვს წერის საოცარი სტილი, რითაც ზუსტად და გარკვევით გადმოსცემს სათქმელს. ვისაუბროთ ყველაზე ცნობილ ტრაგედიაზე, რომელსაც ჰქვია "სიდი". ეს პიესა ყოველმხირვ განსაკუთრებულია, თავისი შინაარსით, პერსონაჟებით, ენით და იმ ვნებათაღელვით, რაც მან გამოიწვია. თავად კორნელიც აღნიშნავს, რომ "სიდის" სიუჟეტი არ არის მისი მოგონილი და ის ეკუთვნის მის წინამორბედს, ესპანელ დრამატურგს გილემ დე კასტროს. პიესაში მოქმედება ხდება არა საფრანგეთში არამედ ესპანეთში, კერძოდ, სევილიაში. ეს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, რაც როგორც ჩანს არ არის შემთხვევითი მოვლენა და დამახასიათებელია საფრანგეთში კლასიციზმის ეპოქისთვის. დრამატურგი ცდილობს შექმნას განსხვავებული და ყოველდღიურობისგან დაშორებული რეალობა, რითაც მიიღწევა ორიგინალურობა. შეგვიძლია ვახსენოთ ასევე ცნობილი ტრაგედია "ჰორაციუსი"(პიერ კორნელმა ეს პიესა კარდინალ რიშელიეს მიუძღვნა), სადაც მოქმედება ხდება რომში. მართლაც ასეა, როდესაც ვცდილობთ ყოველდღიურობას დავაღწიოთ თავი, მაგალითად დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იმავე საქმის კეთებით გადაღლილი ადამიანი, როდესაც ცოტა ხნით მოსწყდება რუტინას ის ხდება უფრო შემოქმედებითი, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ განსხვავებულობა, ორიგინალურობა ხშირად არსებული რეალობის უგულებელყოფით მიიღწევა, თუმცა ეს ვრცელი თემაა და დაუსრულებლად შეიძლება მსჯელობა. ჩვენ ამ შემთხვევაში თეატრი გვაინტერესებს. დავუბრუნდეთ "სიდი" - ს, სადაც პერსონაჟები არიან მაღალი წრის ადამიანები. ეს დრამატურგის კიდევ ერთი ხელწერაა. მის პიესებში მთავარი პერსონაჟები სწორედ არისტოკრატები არიან. შეიძლება ეს განპირობებული იყოს იმ დროს აბსულუტური მონარქიის არსებობით. დონ როდრიგოს და ხიმენას უყვართ ერთმანეთი, თუმცა მათი მამების დაპირისპირება ყველაფერს თავდაყირა აყენებს. როდრიგოს მამას დონ დიეგოს, ხიმენას მამა დონ გომესი შეურაცხყოფას მიაყენებს ( სახეში გაარტყამს ხელს), რის შემდეგაც როდრიგო იძულებულია მოკლას ხიმენას მამა და ამით შეურაცხყოფილი მამის ღირსება დაიცვას. დონ როდრიგო დიდხანს ფიქრობს და ძალიან წუხს ამ ყველაფერზე. არ იცის როგორ მოიქცეს, თუმცა საბოლოოდ გადადგამს ამ ნაბიჯს და მოკლავს თავისი შეყვარებულის მამას. ამის შემდეგ ხიმენა სთხოვს მეფეს როდრიგოს სიკვდილით დასჯას. ნათლად ჩანს, რომ კორნელის პიესებში მოვალეობა ანუ ღირსების დაცვა უპირისპირდება ადამინურ გრძნობებს. ამის დადასტურებაა, როგორც როდრიგოს საქციელი, შეურაცხყოფილი მამის ღირსების დაცვა, ასევე ხიმენას ქმედება, როდესაც ის მეფეს სთხოვს თავისი შეყვარებულის სიკვდილით დასჯას. ასევე გავიხსენოთ "ჰორაციუსის" სიუჟეტი, სადაც აუცილებლობა მოითხოვს ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოლონ კამილის ძმამ ჰორაციუსმა და კამილის სატრფომ კურაციუსმა. ამ შემთხვევაშიც მოვალეობა უპირისპირდება ადამიანურ გრძნობას. კამილი იძლებულია უყუროს თუ როგორ ებრძვიან ერთმანეთს მისთვის საყვარელი ადამიანები. საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ კორნელის პიესებში მთავარი მოქმედების პერსონაჟები არიან მამაკაცები. ეს ჩანს პიესების სახელებზეც. იმავე პერიოდის ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული დრამატურგის ჟან რასინის შემოქმედება პირველ რიგში სწორედ ამ კუთხით არის განხვავებული. მისი პიესების მთავარი მოქმედი პირები არიან ქალები, "ფედრა", "იფიგენია და სხვა. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ ის დიდი გამოხმაურება, რაც მოჰყვა "სიდის". კლასიციზმმა დაადგინა თავისი წესები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეეხო ლიტერატურას. მან დაყო მაღალი და დაბალი ჟანრები. ერთ-ერთი მაღალი ჟანრი არის ტრაგედია. ტრაგედიას კი სამი ერთიანობის კანონი დაუწესა. ეს არის ადგილის, დროის და მოქმედების ერთიანობა, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ მოქმედება აუცილებლად უნდა ხდებოდეს ერთ კონკრეტულ ადგილას და არ უნდა სცილდებოდეს მას, დროის ერთიანობა ანუ მოქმედების დრო უნდა იყოს 24 საათი და მოქმედების ერთიანობა, ანუ როდესაც სიუჟეტი მიდის ერთი მიმართლებით. ვთქვათ, როდესაც შეყვარებულ წყვილს უყვართ ერთმანეთი, ან ორი ადამიანი ებრძვის ერთმანეთს იქ არ უნდა ჩნდებოდეს ვინმე მესამე, რომელიც სიუჟეტის კიდევ ერთ ახალ ხაზს განავითარებს, მოკლედ რომ ვთქვათ უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი ინტრიგა. "სიდი" არღვევს სამივე მათგანს, რაც პიესის მსვლელობისას ნათლად ჩანს. პიერ კორნელი ეჭვის თვალით უყურებდა სამი ერთიანობის პრინციპს და მიიჩნევდა, რომ ის არც ისე სწორად გადმოიტანეს არსიტოტელეს დებულებებიდან, რომელიც შემდგომ ნიკოლას ბუალომ ჩამოაყალიბა თავის"პოეტურ ხელოვნებაში". კორნელი მიიჩნევს, რომ ეს დებულებები მიზნად არ ისახავდა შეზღუდვების დაწესებას. "სიდი" - ს წაკითხვის შემდეგ კარდინალი რიშელიე და საფრანგეთის აკადემია იკვლევდა პიესას, რათა სრულად შეესწავლათ დარღვეევბი. თავდაპირველად პიესის დადგმა აკრძალული იყო. პიერ კორნელთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჟან რასინი და მოლიერი. ისინი ერთ ეპოქაში მოღვაწეობდნენ. მათი შემოქმედება კი გამორჩეულ ადგილს იკავებს მსოფლიო ლიტერატურაში.

image

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ბოლქვაძე.
გიორგი ბოლქვაძე.
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0