დრამატურგია ნაპოლეონის გამონათქვამები და მაქსიმები. (ნაწილი II ) 2017, 5 აგვისტო, 18:31 - ისინი, ვინც ფუფუნებასა და მფლანგველობაში ეძებენ ბედნიერებას, იმათა ჰგვანან, სანთლების სინათლეს რომ არჩევენ მზის ბრწყინვალებას. - მე ოქროს ვაფრქვევდი ჩემს მომხრეებს, მაგრამ უნდა მცოდნოდა, რომ გამდიდრებული კაცი უკვე ნაკლებად იგდებს თავს სასიკვდილო საფრთხეში. - ვინც ქველმოქმედებით აკეთებს საქმეს მხოლოდ იმის იმედით, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს, ახლოა ბიწიერებასთან. - ამ ცხოვრებაში ყველაფერი გათვლის საქმეა: შუაგულს უნდა მოეჭდო სიკეთესა და ბოროტებას შორის. - მე ჩემთვის შევქმენი ჩემი საუკუნე, ისევე, როგორც მე ვიყავი შექმნილი მისთვის. - როცა მთელი ქვეყანა ხიშტების მეშვეობით ეწყობა, ეს სავსებით ლოგიკურია! საღი აზრი მაშინ სამართლიანობაში კი არა, არამედ ძალაშია. - არიან ერთგვარი ქურდები, რომლებსაც კანონები არ სდევნიან და რომლებიც ადამიანებს ჰპარავენ იმას, რაც ყველაზე ძვირფასია მათთვის, სახელდობრ, დროს. - ჩამოაწიკწიკეს დიადი სიბრიყვენი სულის შესახებ, არადა უნდა ეცადო, იცოდე ის კი არა, რაც ადამიანებს უთქვამთ ამის შესახებ, არამედ - ის, რაც შეიძლება ჩვენმა საკუთარმა გონმა გაგვიმჟღავნოს სხვათა აზრებისაგან დამოუკიდებლად. - მართალია, მე მინდოდა ამეღორძინებინა ძველი დრო, მაგრამ ეს არასოდეს არ მისულა იქამდე, რომ აღმედგინა ათენის დემოკრატია. ბრბოს მმართველობა მე არასოდეს მიზიდავდა. - მე ვაშენებდი სოფლებს, ვაშრობდი ჭაობებს, ვაღრმავებდი ნავსადგურებს, ხელახლა ვასხვაფერებდი ქალაქებს და მანუფაქტურებს, არხით ვაერთებდი ორ ზღვას, ვაგებდი გზებს, აღვმართავდი ძეგლებს, მე მადარებდნენ ჰუნების ბელადს - ატილას! სამართლიანი განაჩენია, არა?! - სიმამაცე ხურდა ფულივით პირობითია: ზოგიერთი, ვინც თამამად დაეძებს სიკვდილს მტერთან ბრძოლაში, ჯალათის წინ კანკალებს. ისე რომ, ყალბი მონეტებისა არ იყოს, მიმოქცევაში არიან უღირსი მამაცნიც. მართალი გითხრათ, სიმამაცე თანდაყოლილი თვისებაა - არ იყიდება. - ბევრს ყვიროდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ჩემს დესპოტიზმად თვლიან. თუმცა მე ყოველთვის ხმამაღლა ვამბობდი, რომ ერები არ არიან იმათი საკუთრება, ვინც მათ მართავს. კონსტიტუციონარად ქცეული ზოგიერთი მონარქი სწორედ ამის დავიწყებას ცდილობს. - საზოგადოების მანკი იმდენადვე აუცილებელია, რამდენადაც გრგვინვა ატმოსფეროში. თუკი წონასწორობა სიკეთესა და ბოროტებას შორის ირღვევა, ჰარმონია ქრება და იწყება რევოლუცია. - მხდალი გაურბის იმას, ვინც მასზე უფრო ავია; სუსტს ამარცხებს ძლიერი, - აი, პოლიტიკური სამართლის წარმომავლობა. - საჭიროა ხშირად იცვლებოდნენ არა მარტო გარნიზონები, არამედ ხელისუფლების სათავეში მდგომი ადამიანებიც; ეს აუცილებელია. სახელმწიფოს ინტერესებში შედის, რომ თანამდებობის პირნი გამუდმებით იცვლებოდნენ; თუ ამ პრინციპს არ დაიცავ, აუცილებლად მოგვევლინებიან საუფლისწულო მამულები და სენიორული მართლმსაჯულება. - აქვე..... "ძალიან შორს აბიჯებს, დროა აილაგმოს ეს ყმაწვილი!" 1796 წელს, იტალიის კამპანიის ჟამს სუვოროვი ნაპოლეონზე. 230 1-ს მოსწონს
|