x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
არავინ თქვას ცხოვრებაში არაფრის შემშინებიაო, რადგან ეს დაუჯერებელია - რეალური ისტორია
image
მეფე გიორგი|-ს მემატიანე ასე ახასიათებს: "უშიში ვითარცა უხორცო", ანუ საუბარია მეფეზე რომლისთვისაც უცხო იყო შიში, მაგრამ მეფე გიორგი უშიშარი იყო, როგორც მებრძოლი და არა, როგორც მოკვდავი ადამიანი.


არ არსებობს ბუნებაში საღი აზროვნების ადამიანი რაიმე სახის შიშის გრძნობა ან არ გააჩნდეს ან განცდილი არ ჰქონდეს.



ახლა ხმლით და შუბით ბრძოლა აფრიკულ ტომებში თუა შემორჩენილი, ასე რომ ხმლით აჩეხვის ან შუბლზე წამოგების შიში ნაკლებად აქვს მებრძოლს, მაგრამ სიკვდილის შიში ომში მყოფ ნებისმიერ ადამიანს აქვს და ეს სრულებით ნორმალური მოვლენაა, მთავარია შიშს სძლიო, შიშზე კონტროლი ისწავლო და შიშმა პანიკაში არ ჩაგაგდოს, რადგან ერთ დაპანიკებულ მებრძოლს ძალიან ბევრის დაპანიკება შეუძლია, რასაც ხშირად "დომინოს პრინციპით" მასიური პანიკა მოყვება ხოლმე.

მეც ბევრჯერ მქონია სიკვდილის შიში, მაგრამ ბრძოლაში ჩართვის პირველივე წამებიდან შიშს ვივიწყებ, ყურადღების კონცენტრირებას მოწინააღმდეგეზე ვახდენ და ვიწყებ "მუშაობას". ამ დროს შეიძლება შენგან რამდენიმე ათეულ მეტრში ნაღმი დაეცეს ან ყუმბარა აფეთქდეს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ომში.


"ერთ ადგილზე ნაღმი და ბომბი ორჯერ არ ეცემაო"-ეს ფართოდ გავრცელებული მითია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან.




შიშზეა სტატია და მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია ჩემი წარსულიდან, როცა ქართველი და არა მარტო ქართველი პარტიზანები ოკუპირებულ აფხაზეთში სეპარატისტებზე "ვნადირობდით".



ჩემი ძირითადი პროფესია იმ დროისათვის გამნაღმველის პროფესია იყო, მეც სეპარატისტების სავალ ბილიკებს ვნაღმავდი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით, წვრილი მავთულით ვჭიმავდი ნულოვანი დეტონატორის მქონე ხელყუმბარებს მათ სავალ გზაზე.


არასდროს დამიდია ნაღმი ისეთ ადგილზე, სადაც მშვიდობიან მოსახლეობას უწევდა გავლა.


ერთხელაც გალის რაიონში ერთერთ მდინარეზე გადასასვლელის დანაღმვა დამევალა ტანკსაწინააღმდეგო 4 ერთეული ნაღმით, ხიდი მდინარეზე აფეთქებული იყო და სეპარატისტები ხიდის გვერდით წყალმარჩხ ადგილზე გადმოდიოდნენ სამხიდიანი სატვირთოებით და ქვეითთა საბრძოლო მანქანებით ძირითადად.


მეორე პარტიზანი დამეხმარა და ოთხივე ნაღმი მივიტანეთ საჭირო ადგილზე, დამხმარე წესისამებრ სწრაფად გაეცალა იქაურობას და შემაღლებულ ადგილზე პოზიცია დაიკავა, რადგან სეპარატისტების საპატრულო ჯგუფებშიც არ იყვნენ მთლად იდიოტები და ხშირად პატრულირებას უხმაუროდ 10-15 კაციან ჯგუფებად ახორციელებდნენ.


ვინაიდან ავტომატი ხელს შემიშლიდა მუშაობაში მდინარის ნაპირზე დავტოვე, 2 ნაღმი ზუსტად მუხლუხოების და ბორბლების ნაკვალევის ორივე მხარეს დავდე მდინარის ჩასასვლელთან და ის იყო უკან მობრუნებას ვაპირებდი მდინარიდან ამოსასვლელის დასანაღმად, როცა სამხრე ფანრის შუქზე, რომელსაც ცვლადი ფერის ამრეკლები ჰქონდა დავინახე 5 მეტრის მოშორებით როგორ მიყურებდა მგელი, მის უკან კიდევ 3 მგელი დავაფიქსირე და პირველად მაშინ წამის მეასედში მივხვდი თუ რას ნიშნავდა ტერმინი-"ცივმა ოფლმა დამასხა".


ავტომატამდე 15 მეტრი მაინც იყო, ყელყუმბარები კი მქონდა, მაგრამ საკუთარი თავის აფეთქება არც ისე ადვილია, როგორც ბევრს წარმოუდგენია (ომში დიდი ალბათობით ტყვედ ჩავარდნას თავის აფეთქებას ვამჯობინებ), ბასრი დანა კი მქონდა, მაგრამ 4 მგლის მოგერიება არა მგონია ვინმემ დანით შესძლოს.
წინა მგელი რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა, ტყუილია როცა ამბობენ მგელს შუქის ეშინიაო, უბრალოდ მგელი ძალიან ჭკვიანი და ფრთხილი ნადირია და სინათლეზე გამოსვლას შეგნებულად ერიდება და არა შიშის გამო (მქონდა ამაზე საუბარი, თბილისის ზოოპარკის დირექტორთან, ბატონ ზურაბ გურიელიძესთან).


დღემდე ვერ ვხვდები რატომ არ ვიყვირე ან რატომ არ ვცადე გაქცევა, თუნდაც უშედეგო, მეტიც რატომ არ ამოვიღე დანა, რომელიც ავტომატის მჭიდების გვერდით მქონდა ბუდეში ჩასმული.


მგელმა ჰაერი დაყნოსა, მდინარეში არც კი ჩამოსულა ისე მიტრიალდა და ხროვაც გაიყოლა.


არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიდექი ლამის წელამდე ცივ წყალში, არც სიცივეს ვგრძნობდი და არც სეპარატისტების საპატრულო ჯგუფთან გადაყრის შიში მქონია.


როგორც კი გამეცალნენ მგლები ეგრევე გავტოპე მდინარე და ავტომატი ავიღე ხელში, მაგრამ მგლებმა ტყეს შეაფარეს თავი.


დარჩენილი ნაღმებიც დავდე და იქაურობას გავეცალე. არ დავწერ იმაზე იმ ნაღმებმა როგორი შედეგი დადო, რადგან არ იქნება მკითხველისთვის საინტერესო.


იმ დღიდან წლების შემდეგ მწყერზე სანადიროდ მიმავალი გადავაწყდი უკვე მეორედ მგელს, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს ის მგელიც გამეცალა.

ისტორია რომელიც დღეს დილით მწყერზე სანადიროდ წასულს შემემთხვა.

0
125
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
125