კინო "ორივენი ისეთი საყვარლები იყვნენ" - როგორ შედგა გიორგი შენგელაიას დებიუტი კინოში 2024, 11 მაისი, 12:00 ![]() დღეს მოგითხრობთ, თუ როგორ შედგა გიორგი შენგელაიას, როგორც მსახიობის დებიუტი ფილმში "ჩვენი ეზო". იხსენებს რეზო ჩხეიძე: "დავდივარ, ვეძებ მსახიობებს და მთავარი გმირები არ მყავს. ლამის ტრაგიკულ მდგომარეობაში ვარ. ვფიქრობ, ვფიქრობ: ვინ? ვინ? ამ ფიქრით მივედი ერთ აზრამდე: ვერიკოს და მიშა ჭიაურელს ჰყავთ ქალიშვილი, როგორ შეიძლება, ის უნიჭო და უინტერესო ადამიანი იყოს?! მივაკითხე სახლში. მითხრეს, მოსკოვში „ვგიკში“ სწავლობს და იქ არისო. ჩავჯექი თვითმფრინავში და გადავფრინდი. თან წავიღე სცენარის ორი ეგზემპლარი. მივედი „ვგიკში“, მოვიკითხე სოფიკო. მითხრეს, ბიბლიოთეკაში ზისო. შევედი ბიბლიოთეკაში, გადავხედე, ვათვალიერებ. ერთზე შევჩერდი, ვიფიქრე, ნამდვილად ის იქნება-მეთქი. მივედი და ვეკითხები: „ქალბატონი სოფიკო თქვენ ბრძანდებით?“ – გაიცინა, „ქალბატონი“ სოფიკო მე ვარო. თვითონ მიცნო, ვინც ვიყავი. ერთი შეხედვითვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეტყობოდა, რომ დაძაბული იყო და საოცრად მეტყველი თვალები ჰქონდა. მაშინვე ვუთხარი, სცენარი მაქვს წამოღებული და მინდა მთავარი როლი ითამაშოთ-მეთქი. ასე პირდაპირ მივაჯახე. გაწითლდა, აენთო ამ მოულოდნელი საჩუქრით, გადაიკისკისა. მერე მკითხა, კიდევ ვინ თამაშობსო? რომ გაიგო, ბიჭსაც ვეძებდი, გიორგი შენგელაია მირჩია. თურმე შეყვარებულები იყვნენ. ინსტიტუტშივე ვნახე გიორგი, გადავეცი სცენარი და ვუთხარი, თუ თანახმა იქნებით, სხვას აღარ მოვძებნი-მეთქი. დამთანხმდნენ, ჩამოვიდნენ თბილისში და დავიწყეთ გადაღებები. საოცრად ჰარმონიულად ვმუშაობდით. ორივე არაჩვეულებრივი იყო, ყველა აქებდა, უცებ გახდნენ პოპულარულები ![]() გიორგი შენგელაია: "დედის გარდაცვალების შემდეგ მე და ელდარმა გადავწყვიტეთ, მამის გზა გაგვეგრძელებინა. მოსკოვში ძალიან გვიჭირდა მარტო სტიპენდიით თავის რჩენა. საქართველოში ერთი ბიძაღა გვყავდა - სანდრო, ინჟინერი იყო და დიდი ოჯახი ჰყავდა შესანახი, ჩვენ რას დაგვეხმარებოდა... ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე ფილმებში არ ვითამაშე და შემოსავალი არ გამიჩნდა... ![]() რეზო ჩხეიძემ "ჩვენ ეზოში" სოფიკო ჭიაურელი მიიწვია - მაშინ მოსკოვის კინოინსტიტუტში, სამსახიობოზე სწავლობდა. ეძებდნენ დათოს როლის შემსრულებელს... სოფიკო, მოგეხსენებათ, როგორი თამამი და ახტაჯანა იყო. უთხრა: - რატომ კარგავ დროს, მე მოგიყვან ბიჭის როლის შემსრულებელსო. მე და სოფიკოს უკვე გვიყვარდა ერთმანეთი, ფილმის მერე ხელიც მოვაწერეთ... ![]() გიორგი და სოფიკო მაშინ ორივენი 19 წლისები იყვნენ. სოფიკო ჭიაურელი: ჩვენ ტოლები ვიყავით. ჯერ ვმეგობრობდით, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი. 5 წელი, უბრალოდ, „დავდიოდით“, კინოში, მეგობრებთან სტუმრად, ახლა კი ეგრეთწოდებული თავისუფლებაა, დღეს გაიცნობენ, ხვალ კოცნიან და ლოგინში წვებიან, სამი დღის მერე აღარ ცნობენ ერთმანეთს… 19 წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით. მე ვიყავი უბედნიერესი, როცა პირველი შვილი შეგვეძინა და დედა გავხდი. მერე შეგვეძინა მეორე ვაჟი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ის იღებდა კარგ ფილმებს, მე ვთამაშობდი თეატრში, მიღებდნენ კინოში. მაგრამ წლების შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში უთანხმოებამ იჩინა თავი. ჩემს ცხოვრებაში დააკაკუნა მეორე დიდმა სიყვარულმა – კოტემ… ცხოვრებაში, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა, რომ ორჯერ მეყვარებოდა…“ ![]() " მთელი ქართული კინოს ვარსკვლავები ამ ეზოში ტრიალებდნენ. სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, ორივე ისეთი საყვარლები, ისეთი შინაურები, რომ მეგონა, მართლაც ჩვენი ეზოს ბინადრები იყვნენ. სესილია თაყაიშვილი ყველას გვეფერებოდა. რომ დაგვინახავდა, აუცილებლად დაგვიძახებდა. ბატონ რეზოს მისალმებასა და მოკითხვას ვერ დაასწრებდი." ![]() "გიორგი შენგელაია მაშინ პატარა ბიჭი იყო, ალბათ 20 წლისა იქნებოდა, მაგრამ ცოტა პირქუში იყო. მიაფრთხიალდებოდა ეს სოფიკო, უნდოდა რაღაც ეთქვა, ეს კი თვალებში არ უყურებდა... თუმცა ეს რას უშლის სიყვარულს? სიყვარულის ყველაზე დიდი გამართლება ის არის, როცა ამ სიყვარულით შვილები ჩნდება. რაც უნდა მომხდარიყო მერე, მათ შვილები ჰყავთ, - მითხრა დეიდა ქეთომ და თავის ორასი წლის გამცილებელ საათს სევდით შეხედა. მერე, - წამო, დაგანახებ, გადაღებებს საიდან ვუყურებდი.." ![]() 341 4-ს მოსწონს
|