x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რას ეხვეწებოდა კუკური ლაფერაძეს "ღვინის ქურდების" გადამღები ჯგუფი?
image

15 ივნისს (1926წ.)დაიბადა თეატრის და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი კუკური ლაფერაძე.მარჯანიშვილის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დასამახსოვრებელი როლების გარდა – ზურაბი (მ. ბარათაშვილის "მარინე"), უშანგი (გ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი") და სხვა, მაყურებლებს ახსოვს ფილმებიდან "ჩრდილი გზაზე" (გიორგი ჩოხელი), "საბუდარელი ჭაბუკი" (გიორგი), "მე ვიტყვი სიმართლეს" (მერაბი), "მამლუქი" (ჰუსეინ–აღა) "დათა თუთაშხია"(მოსე ზამთარაძე) და "ღვინის ქურდები"(თედო), სწორედ ამ უკანასკნელ ფილმზე გვექნება საუბარი.


რეჟისორმა ვალერიან კვაჭაძემ ფილმი შიო არაგვისპირელის მოთხრობის მიხედვით გადაიღო.


ფილმში ქართველ მსახიობთა ნამდვილი თანავარსკვლავედია შეკრებილი – კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, კარლო საკანდელიძე, გულჩინა დადიანი და კუკური(ზურაბ)ლაფერაძე.




“ქართული ფილმის” მაშინდელმა დირექტორმა რეზო ჩხეიძემ მოსკოვიდან ახლადდაბრუნებულ ვალიკო კვაჭაძეს შესთავაზა მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება და მანაც არჩევანი “ღვინის ქურდებზე” შეაჩერა. ფილმის რეჟისორი აღფრთოვანებული იყო შიო არაგვისპირელის ნაწარმოებით. მასზე ყოველთვის აღტაცებით საუბრობდა, რაც მსახიობებში გაკვირვებას იწვევდა, ასე რამ გააგიჟაო.


თითქოს ფილმის სცენარი მარტივია – ელიბოს მარანში მისი მეგობრები შეიპარებიან, ელიბო ამას გაიგებს, მოვარდება, მერე ერთად დალევენ და დათვრებიან. როგორც ჩანს, რეჟისორი თავიდანვე გრძნობდა, ფილმი კარგი და მაყურებლისთვის ერთ-ერთი საყვარელი ქართული კინოკომედია რომ იქნებოდა.


ფილმზე მუშაობის პროცესში გამოვიდა ბრძანება, რომელშიც ეწერა, რომ ფილმში აკრძალული იყო სიგარეტის მოწევა, სმა, მღვდელი, ეკლესია, ჯვარი… ფილმი კი სწორედ ღვინის სმაზე იყო და კიდევ იმაზე, რომ ქართველ კაცს შეუძლია დალევაც, კარგი ქეიფიც, მეგობრობაც და გულწრფელი სიყვარულიც. კანონის გამოსვლამ გადამღები ჯგუფი იძულებული გახადა, ფილმი შეემცირებინა. ე.წ. კადრების ჭრას უნიკალური ეპიზოდები შეეწირა… მაშინ ყველა ფილმი მოსკოვში იგზავნებოდა, სადაც მათი ბედი წყდებოდა. რეჟისორმა თავისი ნამუშევარი მოსკოვში გულის კანკალით გააგზავნა, თუმცა ნამუშევარი მოიწონეს და დაამტკიცეს.

image

წარმოგიდგენთ სახალისო ისტორიებს ფილმის გადასაღები მოედნიდან:


***

კახი კავსაძე ყოველთვის აღნიშნავს, კაცო, ბოლოს და ბოლოს ისეთი როლები მაქვს ნათამაშევი – დონ კიხოტი, ივანე მრისხანე და ქუჩაში რომ მხედავენ, ყველა ელიბოს მეძახისო. თავიდან ამ როლზე კახი კავსაძე არ იყო დამტკიცებული, მაგრამ რეპეტიციები რომ დაიწყო, კუკური ლაფერაძეს ელიბოს როლის შემსრულებელზე უთქვამს, ამის როგორ უნდა შემეშინდესო. რეჟისორმაც კახი კავსაძის მიწვევა გადაწყვიტა. როგორც გივი ბერიკაშვილი იხსენებს, “ჩააცვეს თუ არა კოსტიუმი და გაუკეთეს ულვაში, გამოვიდა გიჟი.” ფილმის გადაღებები კახი კავსაძისთვისაც საინტერესო და მხიარული აღმოჩნდა – მსახიობმა ჰონორარის ნახევარი ხინკალში დახარჯა, ნახევარი კი შინ წაიღო. მისი ცნობილი ფრაზა ფილმიდან “შენ გაჩუმდი!” ნაწარმოებში არ არის, ეს ფრაზა რეჟისორმა ჩასვა.

***

ფილმის გადაღებები კინოსტუდიის პავილიონში მიმდინარეობდა, სადაც ელიბოს მარანი მოაწყვეს, გააკეთდა ქვევრის ყელი და შიგ წყლით სავსე პატარა ჭურჭელი ჩადგეს. მსახიობებმა წყალი ჩუმად გადაღვარეს და ღვინო ჩაასხეს. მალე ისე დათვრნენ, გადაღებები ჩაიშალა. როდესაც ეს კადრები მსახიობებმა ნახეს, საკუთარი თავების თვითონაც შეეშინდათ.

***

“ღვინის ქურდებში” არის ერთი ასეთი კადრი – გივი ბერიკაშვილის პერსონაჟი ფირუზა ხორცს ხარშავს და ქვაბთან ტრიალებს. კუკური ლაფერაძე წამდაუწუმ ეკითხებოდა, ფირუზ, ხორცი აღარ მოიხარშაო. ფირუზა კი პასუხობს, მგელი სულ უმ ხორცს ჭამს და მე ჯერ ის პოლიკლინიკაში მისული არ მინახავსო. გადაღებები მეორე დღეს უნდა გაგრძელებულიყო და მსახიობებს სცენარის მიხედვით ხორცი უნდა ეჭამათ. მეორე დღეს გადაღებებზე მისულებს წინა დღეს მოხარშული ხორცი დაუდეს. კუკური ლაფერაძე წამომხტარა და უთქვამს, არ გრცხვენიათ, ასეთ ფილმს ვიღებთ, ასეთი მსახიობები არიან და ეს როგორ უნდა ვჭამოთო. გადამღები ჯგუფი კი ამტკიცებდა, გადასარევი ხორცია, ბაზარში ნაყიდიო. ჰოდა, თუ კარგია, თვითონ მიირთვითო, უთქვამს მსახიობს და თერმოსიდან ხაშლამის უგემრიელესი ნაჭრები ამოულაგებია. თურმე წინა დღეს სტუმრად ყოფილა, სადაც უთქვამს, ფილმში ერთ-ერთი კადრისთვის ხორცი გვჭირდება და თუ შეიძლება ცოტას ავიღებო. ხორცის დანახვაზე მთელი გადამღები ჯგუფი კუკური ლაფერაძეს ეხვეწებოდა, ცოტა ჩვენც გაგვასინჯეო.


image

0
815
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
815
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0