ფოტოგრაფია ზღაპრული და მისტიკური გამოსახულებები სინა დომკეს ფოტოებში 1 მაისი, 16:28 ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი სვამს კითხვას „ვინ ვარ?“. ბევრი ადამიანი გაურბის საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრს და მხოლოდ მამაცი და გაბედული ადამიანები არიან მზად თვალი გაუსწორონ რეალობას.
გერმანელი ფოტოგრაფი სინა დომკე თავის ფოტოებში აღადგენს თვითანალიზის რთულ პროცესს. მისი გმირები მარტოობაში ხეტიალობენ და ფიქრობენ საკუთარ ადგილზე სამყაროში, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე, თავისუფლების და საკუთარი სახლის ქონის ურთიერთგამომრიცხავ სურვილებზე. სად მიდიან და სად მივლენ ბოლოს და ბოლოს? მხოლოდ მათ იციან. სინა დომკე არის ფოტოგრაფი და არტდირექტორი ჰამბურგიდან (გერმანია). დომკე იღებს ფოტოებს Fine Art–ის სტილში, მისი ნამუშევრები მნახველს ზღაპრულობის და მისტიკის ატმოსფეროში ძირავს, მარტოობის და საკუთარი თავის პოვნის თემებს ავლენს. სინას თქმით, ფოტოგრაფიაზე „დამოკიდებული“ გახდა 2013 წლიდან, სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტზე სწავლის დროს. არა იმიტომ, რომ ფოტოგრაფია სინას კვლევის ნაწილი იყო, არამედ იმიტომ, რომ მომავალი ფოტოგრაფი ეძებდა ბალანსს კლიენტზე ორიენტირებულ სამუშაოსა და თვითგამოხატვას შორის: „ჩემთვის ფოტოგრაფია გამოხატვის პირადი ფორმაა. ასე შემიძლია გამოვავლინო ჩემი გრძნობები, ფიქრები, განცდები. სანამ ფოტოების გადაღებას დავიწყებდი, ვხატავდი ჩემი თავის გამოსახატად. ფოტოგრაფიამ ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა ახალი მხატვრული დონე“. სინა ძირითადად ღია ცის ქვეშ იღებს ფოტოებს, რადგან ფოტოგრაფისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოდელსა და პეიზაჟს შორის კონტრასტი. „ყოველთვის ვგრძნობდი ბუნებასთან კავშირს. დრო, როცა ქუჩაში ვარ, ფოტოებს ვიღებ და პეიზაჟს ვსწავლობ, ჩემთვის ფოტოგრაფიის პროცესის განუყოფელი ნაწილია. ზოგჯერ საათობით ველი შესაბამის განათებას, რომ რაღაც ჯადოსნური მომენტი აღვბეჭდო. ასეთი მომენტები ჩემთვის მნიშვნელოვანია და ჩემი ყოველდღიური ურბანული ცხოვრების მნიშვნელოვანი საპირწონეა“ – გვიზიარებს სინა. დომკე არ ცდილობს შექმნას მუდმივი კონტენტი თავისი სოციალური ქსელებისთვის. ზოგჯერ თვეები სჭირდება, სანამ მზად იქნება ფოტოს სრული ისტორია მოჰყვეს და პოსტრედაქტირებას მიხედოს. აქ უკვე საუბარია სინას პიროვნების მეორე მხარეზე – მხატვრის მხარეზე, როდესაც დომკე ცდილობს არა ფოტოს შეცვლას, არამედ გამოსახულების ეფექტის გაძლიერებას. „ჩემი თითოეული ფოტო ისტორიას ჰყვება, თითოეულს რაღაც ემოციას ვუკავშირებ. ჩემთვის საუკეთესო კომპლიმენტია, როცა მაყურებელი საკუთარ თავს ამოიცნობს ჩემს ფოტოებში“ – ამბობს სინა. ასევე დაგაინტერესებთ: მარტო ბუნებასთან: 15 შთამბეჭდავი პეიზაჟი ფოტომხატვარ ბენჯამინ ევერეტისგან მის ხელში მარმარილო ცოცხლდება, რის გამოც ახალგაზრდა იტალიელს მეტსახელად მიქელანჯელო შეარქვეს არგენტინელი ფოტოგრაფი ეწვია 12 ქვეყანას 100 კოცნის კამერაზე აღსაბეჭდად – საუკეთესო ფოტოები 110 შეფასება არ არის |