მსოფლიო ვასილი ბლოხინი: სტალინის საზარელი ჯალათი, რომელიც დღეში 350 ადამიანს ხვრეტდა 21 მარტი, 13:09 საბჭოთა კავშირი ჯალათების და ადამიანის გარეგნობით მოვლენილი ამაზრზენი ურჩხულების ნამდვილი სამჭედლო იყო, თუმცა ვასილი ბლოხინის ისტორია აქაც კი გამორჩეული და თავისებურად ნიშანდობლივია. ეს ცხოველი 1921 წელს, 26 წლის ასაკში ჩაეწერა “ჩეკას” რიგებში და მას შემდეგ არაერთი სისხლიანი ფურცელი ჩაწერა საკუთარი სამსახურის ისტორიაში.
ამბობენ, რომ მან დანდობა არ იცოდა. არ სჩვეოდა ყოყმანი და “ზემოდან” მიცემული დავალების განხილვა. რასაც ეტყოდნენ, ყოველთვის უსიტყვოდ ასრულებდა. სამსახურის დაწყების პირველ წლებში ბლოხინი დღისით საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა, ღამღამობით კი “ხალხის მტრებს” ხვრეტდა. როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაცია “მემორიალი” იტყობინება, ის სტალინის პირადი ჯალათი იყო და საბჭოთა დიქტატორის უშუალო ბრძანებით სპობდა ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ ინტელექტუალებსა და რეჟიმით უკმაყოფილო პირებს. 30-იანი წლების დასაწყისში ბლოხინს მეგობრები (თორმეტი მისივე მსგავსი ჯალათი) ჰყავდა, რომლებთან ერთადაც საზარელ ბრძანებებს ასრულებდა. შემდეგ ახალი ბრძანება მიიღო და მან ამ ბრძანების საფუძველზე საკუთარი მეგობრები დახვრიტა — დახვრიტა უკლებრივ ყველა, ვისთანაც კი ოდესმე რაიმე შეხება ჰქონია. მოგვიანებით მანვე დახვრიტა ჰენრიხ იაგოდა, ნიკოლაი ეჟოვი და მიხაილ ტუხაჩევსკი. ამბობენ, რომ ბერიას ბლოხინის ლიკვიდაცია სურდა და სტალინისგან დაჟინებით მოითხოვდა სათანადო ნებართვის მიღებას, მაგრამ ამ უკანასკნელმა “რკინის ლავრენტის” ამის უფლება არ მისცა. საბჭოთა ტირანმა თავისი ხელით გადახაზა ბერიას მიერ დასახვრეტთა სიაში შეტანილი ბლოხინის გვარი. ბლოხინი დავალების შესასრულებლად ყოველთვის ყასბის ტყავის წინსაფრით ცხადდებოდა, რითაც უნიფორმას იცავდა სისხლის შხეფებისგან, რომლებიც მისი დაჟინებული მეცადინეობების შედეგად უხვად იფრქვეოდა ყველა მიმართულებით. 1940 წლის გაზაფხული განსაკუთრებით “წარმატებული” აღმოჩნდა საარაკო წითელი ჯალათის კარიერაში: ამ წელს მან საკუთარი გერმანული “ვალტერით” კალინინის ჯურღმულებში მრავალი ათასი პოლონელი ოფიცერი და ინტელექტუალი გამოასალმა წუთისოფელს, რომლებიც მანამდე ოსტაშკოვის ბანაკის ტყვეებს წარმოადგენდნენ. ამ პერიოდში ის დღეში 200-დან 350-მდე პოლონელს სპობდა ფიზიკურად. ამ ყოველივეს ბლოხინის დაწინაურება მოჰყვა: მას 1945 წელს გენერალ-მაიორის ჩინი მიანიჭეს და სტალინის სიკვდილამდე სრულიად უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა. მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც სტალინი ტვინში სისხლის ჩაქცევით დაიღუპა. ახალმა საბჭოთა ხელისუფლებამ ბლოხინი “ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო” პენსიაზე გაუშვა, რამაც მძიმე დაღი დაასვა ჯალათის ფსიქიკას. თავისი სიცოცხლის ბოლო თვეებში ბლოხინი ალკოჰოლიზმით და მენტალური პრობლემებით იტანჯებოდა: მას ხომ 1954 წელს გენერლის წოდებაც ჩამოართვეს, ხოლო მიზეზად დაუწერეს, რომ “წარსული საქმიანობის პროცესში მან საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა.” გენერლის ჩინის ჩამორთმევიდან რამდენიმე თვეში ბლოხინი დაიღუპა. ოფიციალური ცნობის თანახმად ინფარქტით, თუმცა სუკ-ის ყოფილი გენერალი, დმიტრი ტოკარევი ამტკიცებდა, რომ სტალინის პირადმა ჯალათმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვასილი ბლოხინი პატივით დაკრძალეს დონსკოის მონასტრის სასაფლაოზე, სადაც ასევე ბევრი მისი მსხვერპლი განისვენებს. საზარელ ჯალათს დღემდე პატივს მიაგებენ რუსეთში. ცნობილი ფაქტია, რომ 2021 წელს, ბლოხინის “მოღვაწეობის” მე-100 წლისთავზე რუსეთის კომპარტიის დელეგაციამ მისი საფლავი ყვავილების თაიგულით შეამკო. 210 შეფასება არ არის
|