მსოფლიო დღის ფოტო: დონალდ ტრამპი საჯაროდ ნიღბით პირველად გამოჩნდა 2020, 12 ივლისი, 19:09 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეკამერების წინ ნიღბით გამოჩნდა. ეს პირველი შემთხვევაა პანდემიის არსებობის მანძილზე, როცა ის მსგავსი სახით წარდგა პუბლიკის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უკვე ძალიან დიდი ხანია, დაჟინებით ცდილობენ აუხსნან მასაც და სხვა ძალიან ბევრ ადამიანსაც, ატარონ ნიღბები უსაფრთხოების მიზნით, კორონავირუსისგან საკუთარი თავის და ირგვლივმყოფების დასაცავად.
ტრამპი კვირას გაემგზავრა უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს, სადაც დაჭრილი სამხედროები და ის სამედიცინო მუშაკები მოინახულა, რომლებიც კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებს უვლიდნენ.
“ვფიქრობ, კარგია ნიღბის ტარება. არასოდეს ნიღბების წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. მაგრამ მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს”, - განაცხადა ტრამპმა, სანამ თეთრ სახლს დატოვებდა და ჰოსპიტალში შვეულმფრენით გაემგზავრებოდა. წინათ ტრამპი აცხადებდა, რომ არ აპირებდა, ეტარებინა ნიღაბი და ხუმრობდა იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა სახეშეხვეული თავად. ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიღბის ტარება სავალდებულო არ არის და არც ყოფილა არასოდეს. ამან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ კორონავირუსი უკვე აღმოაჩნდა აქაური მოსახლეობის 1 %-ზე მეტს - 3 357 974 ადამიანს, საიდანაც 137 429 პირი უკვე გარდაცვლილია. ისიც აღსანიშნავია, რომ აქედან 61 719 ადამიანს კოვიდ-19 მხოლოდ გასული დღე-ღამის მანძილზე დაუდასტურდა, რაც რეკორდული რიცხვია. 41 შეფასება არ არის
|