კინო "გოგრის წაღების სცენა მე თვითონ მოვიფიქრე" - ამირან ქადეიშვილი 4 მარტი, 12:31
4 მარტი ქართული თეატრის და კინოს მსახიობის, ამირან ქადეიშვილის დაბადების დღეა, მსახიობს 87 წელი შეუსრულდებოდა. შეგახსენებთ, იგი 2021 წლის 6 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს 120 როლი აქვს შესრულებული თეატრსა თუ კინოში, მას მაყურებელი უპირველეს ყოვლისა მაინც ხირხალას როლით იცნობს ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა". არა თავად მსახიობი ერთ-ერთ ინტევიუში გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ უკეთესი როლები აქვს ნათამაშები – ეს ჩემი საეტაპო პერსონაჟი გახდა. არადა, მაგაზე უკეთესი როლები მაქვს ნათამაშევი (მაგ., 1976 წელს _ „იტალიამდე არც ისე შორია“). გიორგი შენგელაიამ რამდენიმე სინჯი გააკეთა და უკონკურსოდ დამამტკიცა. ასევე სინჯის გარეშე დამამტკიცა როლზე ნიკოლოზ სარიშვილმა „მოსფილმში“ გადაღებულ ფილმში („სახლი ლესნაიაზე„). „სიყვარული ყველას უნდა“ ხშირად გადის ქართულ არხებზე და მისი პოპულარობის ერთი მიზეზი ესეცაა. ჩემი კინოროლებიდან ყველაზე უფრო მომწონს ლ. ტოლსტიოს მიხედვით გადაღებული „კავკასიელი ტყვე“ (რეჟისორი გიორგი კალატოზიშვილი), რომელშიც მე და გივი ჩუგუაშვილი მთავარ როლებს ვთამაშობთ.“ ამირან ქადეიშვილი: – სიმღერა “შენ ჩემი მზე ხარ”, შესასრულებლად, მე და ლაურამ ავირჩიეთ.გოგრის უკან წაღება ჩემი იმპროვიზაციაა. გიორგის მოეწონა და ეს დუბლი დატოვა ფილმში. ლაურა რეხვიაშვილი: – ამ ფილმის შემდეგ ჩვენ არსად გადავკვეთილვართ. ისე წავიდა ცხოვრება, რომ ამირანი არსად მინახავს. არასოდეს. იმის გამო, რომ ნიჭიერი ადამიანი და კარგი პარტნიორი იყო, ჩვენი ტანდემიც შედგა. მხოლოდ მე ხომ არ გამომივიდოდა. ხირხალას და ბაბულას ტანდემი შედგა, რადგან ის იყო ნიჭიერი, მოერგო სცენას, პარტნიორს…მახსოვს, ზეიმით, სიხარულით და სიცილ-ხარხარით გადავიღეთ ეს ეპიზოდი. ამ სცენის გადაღებისას იმპროვიზაცია წავიდა. (ერთ დუბლში ხომ არ გადაღებულა) ჩვენს შორის კარგი თამაში, პინკ-პონკი წავიდა. კარგად მეთამაშა, რაც იშვიათად გამოდის. ეს იყო კარგად შეწყობილი თამაში. მე ხინჯი არ დამრჩენია, “ასე რატომ გამომხედა, ჩემთან იმდენი არ გააკეთა, რაც სხვასთან, ან რამე ვერ გააკეთა-მეთქი”. ეს იყო ბედნიერება მუშაობის დროს. ჩვენს შორის ქიმია არ გაჩენილა, იყო პერსონაჟების ხასიათების აწყობა. ეს იყო ნამდვილი გარდასახვის მცდელობა, თამაშის გამოსვლა. ჩვენი ტანდემი და პერსონაჟები, მხოლოდ გარდასახვის საშუალებით შედგა. მახსოვს, ვენურ სკამებზე, როგორც ცხენზე, უკუღმა ისხდნენ გიორგი შენგელაია და მიხეილ ჭიაურელი. გადაღებისას რაღაც “ისეთი რამ” ჩავიდინე (ამირანიც ამყვა), რომ რეჟისორებმა, სიცილისგან, უკან გადაიწიეს, ეგონათ, ჩვეულებრივ ისხდნენ და გადავარდნენ. გულიანი სიცილისგან, თვალებიდან ცრემლებს იწმენდნენ. ზუსტად რაზე იცინეს ასე, არ მახსოვს და ბუნებრივიცაა. ჩვენ, სხვადასხვა დუბლში, სხვადასხვანაირად ვაკეთებდით ამ იმპროვიზაციებს. 122 2-ს მოსწონს
|