x
image
intermedia.ge
Mediator image
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ევროპაკონცერტი წინანდალში
image


1-ელ მაისს წინანდლის მამულის ამფითეატრში კონცერტს გამართავს ბერლინის ფილამრონიული ორკესტრი ლეგენდარული მაესტრო დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.


ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი 1882 წლის პირველ მაისს დაარსდა. ამ დღის აღსანიშნავად ყოველ წელს ორკესტრი ევროპის სხვადასხვა ქალაქში მართავს ევროპაკონცერტს (Europakonzert), რომელიც მსოფლიოს მუსიკალური სამყაროსთვის გამორჩეულ კულტურულ მოვლენას წარმოადგენს. 2024 წლის ევროპაკონცერტი ეძღვნება ევროპაში მშვიდობიან თანაარსებობას დაევროპაკონცერტის მასპინძლობას წელს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც საქართველომ გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება იზეიმა.


„1-ელ მაისს გერმანიის და საქართველოს ურთიერთობაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მოწმენი გავხდებით. პირველად ჩვენს ქვეყანაში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ლეგენდარული მაესტრო ბარენბოიმის ხელმძღვანელობით, საქართველოს კაშკაშა ვარსკვლავთან, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილთან, ერთად წინანდლის მამულში ბრამსის და ბეთჰოვენის მუსიკას გააჟღერებენ. წინანდალი ამისთვის საუკეთესო ადგილია და ახლა საუკეთესო მომენტია ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად. როგორც ყველა ქართველი, მე ვამაყობ, რომ ამ ისტორიული მომენტის მონაწილე ვარ და ამას გარდა, წილად მხვდა პატივი ვუმასპინძლო მუსიკის ამ ზეიმს მშვიდობისთვის და ერთიანობისთვის, რაც დღევანდელ დღეს ასე აუცილებელია“, - ამბობს გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.



„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ევროპა-კონცერტი 2024 გაგვემართა საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ევროპული კულტურის ნაწილად მიგვაჩნია და რომელიც ბევრი შესანიშნავი ხელოვანის სამშობლოა, ვინც საერთაშორისო კულტურულ ლანდშაფტს ამდიდრებს. მოუთმენლად ველით ბევრ ახალ შეხვედრას წინანდალში და თბილისში და ორმხრივი დიალოგის გაძლიერებას" - ამბობს ანდრეა ზიცმანი, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის გენერალური დირექტორი.


„ბერლინ ფილარმონიკის ევროპაკონცერტი, რომელიც ჩემს სამშობლოში, საქართველოში, გაიმართება, უდავოდ განუზომელი მნიშვნელობის ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა ასეთი პრესტიჟული და გლობალური მასშტაბის ღონისძიება და არც ისე ბევრი მაღალი რანგის უცხოურ სიმფონიური ორკესტრი ჩამოსულა. 1960-იან წლებში კლივლენდის ორკესტრმა გამართა თბილისის ოპერაში, რაც ჩვენი მშობლების თაობას კვლავაც ახსოვს. 2017 წელს სილქ როუდ ჯგუფის ორგანიზებით ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა სწორედ წინანდალში გამართა კონცერტი და ახლა წინანდალი ევროპაკონცერტს უმასპინძლებს. პირადად ჩემთვის, ჩემი ორი სამშობლოს ჰარმონიული ერთიანობა ასეთ მაღალ მუსიკალურ დონეზე, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მომენტია“, - ამბობს მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.


ევროპაკონცერტის წინანდალში ჩასატარებლად მუშაობა სილქ როუდ ჯგუფმა 2021 წელს დაიწყო. ორკესტრის მასპინძლობას უზრუნველჰყოფს საქართველოში სტუმარმასპინძლობის დარგის ერთ-ერთი წამყვანია კომპანია სილქ ჰოსფითალითი, რომელიც ევროპაკონცერტის გენერალური სპონსორია.


ღონისძიების წარმდგენია TBC Concept, მხარდამჭერები Visa და Mercedes-Benz Georgia.


ბილეთების შეძენა შესაძებელია TKT.ge-ზე: https://tkt.ge/event/400058/europakonzert



R



0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0