რელიგია როგორ დაიწყო ილია მეორეს სასულიერო ცხოვრება (+ უნიკალური ფოტოები) 4 იანვარი, 11:35 4 იანვარი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს დაბადების დღეა, მას 91 წელი შეუსრულდა. მაინც სად და როდის დაიწყო ირაკლი შიოლაშვილის სასულიერო ცხოვრება? რამ იქონია მასზე ზეგავლენა?ყველაფერს ქვემოთ მოცემულ მასალში გაეცნობით. ილია II-ის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ: მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი — სოფელ სნოდან, დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე კი — სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. ნათლიები იყვნენ: არქიმანდრიტი ტარასი და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). დედა ზოილეს პატარა ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძესაგან სამი წლის ირაკლიმ ლოცვა-კურთხევა მიიღო. 1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც ზაგორსკში მდებარეობს. სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. იმ დროს წმიდა სამების მონასტრის წინამძღვარი იყო მომავალში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი. "მე სიყვარულით ვიხსენებ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებს, როცა სტუდენტებიცა და მასწავლებლებიც სიხარულით დავდიოდით მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძალღონით აღსავსე წინამძღვრის მჭევრმეტყველური და ღრმა შინაარსის მქონე ქადაგებების მოსასმენად... .. განსაკუთრებით ჩვენ ბერად აღკვეცის წესზე დასწრება გვიყვარდა", - იხსენებს საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი. აკადემიის ახალგაზრდა სტუდენტს სწორედ ამან გადააწყვეტინა ბერად შედგომა. 1957 წლის 16 აპრილს, 24 წლის ასაკში კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ეს ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) შეასრულა და ბერს სახელად ილია უწოდა. "ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს", - ასე იხსენებს პატრიარქი ალექსანდრე ნეველის ეკლესიას. იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წლის 10 მაისს კი წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი 1-ელის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მღვდელმონაზონმა ილიამ საკანდიდატო შრომა: "ათონის ივერიის მონასტრის ისტორია" დაწერა, რისთვისაც ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. იმავე 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა. საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. ამიტომ მან უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა. და იღვაწა თითქმის ყველა ხარისხში, ხოლო აჭარაში შვიდი წლის მანძილზე მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში და მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი - (1963-1972 წლები). 1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. 1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში. "ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა", - ბრძანა საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა. 157 2-ს მოსწონს
|