x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მართლა გგონიათ, ხალხო, რომ ჩვენ ქვეყანაში მშობლები ზრდიან შვილებს?" - რას წერს ჟურნალისტი თამარ კეშელავა

image

"ხშირად იმოძღვრებიან, რომ ბავშვები უნდა გაზარდონ მშობლებმა.

კარგი, გავიგე.
და როვორ? სად არიან მშობლები? ვინ არიან? დაწესებულებაა სადმე შპს მშობლები და იმათ? ზოგადად მშობლებმა? სხვისმა მშობლებმა, თუ საკუთარმა მშობლებმა?
იმ მშობლებმა, აი, თქვენი მეზობელი რომაა, თქვენი ბიძაშვილი რომაა, თუ თქვენი მეგობარი?
მართლა, ვის გულისხმობთ?
ემიგრაციაში რომ გავაქციეთ, რათა შვილები, თავისი და სხვების ფიზიკურად გადაარჩინონ, იმ მშობლებს გულისხმობთ?
აბა?
დღეში 12 საათს რომ მუშაობენ 700 ლარად და საკვებადაც არ ჰყოფნით, იმ მშობლებს?
45-50 წლის ადამიანს გაღიმების კომპლექსი რომ აქვს, იმიტომ რომ სტომატოლოგი მიუწვდენელი გახდა საშუალო ფენისთვის - იმ მშობლებს?
თუ იმ მშობლებს საკუთარი თავის მოსმენა რომ დაივიწყეს და აღარ იციან როგორია კინოთეატრში წასვლა, მაშინაც კი ვერ მიდიან კაფეში, თუ სხვა პატიჟებთ, იმიტომ რომ ფეხსაცმელი დაეხათ და თმა ვერ შეიღებეს?
მამას გულისხმობთ, უეჭველი, იმ მამას მშენებლობაზე რომ დღეში 30-40 ლარს უხდიან და ცოცხალი თუ მივა სახლში არ იცის და ცოცხალი თუ მივიდა, ჭამის თავი არ აქვს და ელოდება ახალ წელს, დაბადების დღეს, შობას, აღდგომას ელოდება დაუძლებელი შიშით და მბჟუტავი იმედით.
იმ მამას გულისხმობთ, არჩევანის წინაშე რომ დგას, შვილს პური უყიდოს, თუ სპორტზე ატაროს, შვილს პური უყიდოს, თუ გული რომ აწუხებს წლებია, ექიმთან წავიდეს?
იმ მამებს, მერე რომ ორივე შემთხვევაში პურს ამჯობინებენ?
იმ მშობლებს გულისხმობთ ლოთებს, უსაქმურებს, უსარგებლოებს რომ ეძახით ხოლმე უმუშევრობის გასამართლებლად?
თუ იმ მშობლებს, საკუთარი უფლებები რომ დაავიწყდათ, თუ არც იციან, რადგან, წლებია ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები არაა დაცული?
იმ მშობელს გულისხმობთ, რომელიც არ იბრძვის, აღარ იბრძვის უკეთესი მომავლისთვის, რადგან ჯერ ერთი, ჩვენ დროში ომი და ბრძოლა ხიხიაა და მეორე - მან საკუთარ ჯანმრთელობასა და პურს შორის, შვილის სპორტზე ტარებასა და პურს შორის უკვე გააკეთა არჩევანი და პური აირჩია და ახლა იმ პურის დაკარგვის ეშინია ყველაზე მეტად, რადგან ყველა ოცნება იმ პურში გადაიხადა - ამ მშობელს გულისხმობთ?
ვის გულისხმობთ, ხალხო?
ბიზნესმენებს და ჩინოვნიკებს?
ეგენი თავად ყვებიან ამაყად, შვილებისთვის დრო არ გვრჩებაო.
მართლა გგონიათ, ხალხო, რომ ჩვენ ქვეყანაში მშობლები ზრდიან შვილებს?
ქვეყანაში, სადაც მარტოხელა დედას არანაირი დახმარება არ აქვს?
ქვეყანაში, სადაც მრავალშვილიან ოჯახებს აღდგომას და ახალ წელსაც კი აღარავინ კითხულობს, ხალხის გარდა?
ქვეყანაში, სადაც ტაძრები იკეტება და მამაოების ერთი ნაწილი ფუფუნებაში იხრჩობა და მეორე ნაწილი ხმას არ იღებს?
ქვეყანაში სადაც პროფკავშირებს ძინავს და მხოლოდ არასამთავრობო პროფკავშირები იბრძვიან?
სადაც ექთანს თვეში 300 ლარი აქვს ხელფასი?
სადაც კარგ ქიმიკოსს, მაგალითად, ან ისტორიკოსს ეუბმებიან, წადი, მძღოლად იმუშავეო? ან მტვირთავადო?
არც ერთი სამუშაოა სამარცხვინო, მაგრამ თუ წლები შეალია ადამიანმა წიგნს და მეტი არაფერი უკეთებია, ბოლოს რატომ ეუბნები, სხვაგან იმუშავეო, თავიდანვე უთხარი, ამ ქვეყანაში მეცნიერები არ გვინდა, არ გვჭირდება, მომსახურების სფეროში იმუშავებთ ყველა კაპიკებადო.
ქვეყანაში, სადაც თითქმის უმრავლეს მომსახურების სფეროს მხოლოდ ფასი აქვს მაღალი და რძის პროდუქტების ქარხანას რომ ვკითხე, მოსვენების და სამრეცხაო კუთხე თუ ჰქონდა, ვერ მიხვდა რა ვკითხე.
შვილების მშობლების მიერ გაზრდა გახდა დიიდი ფუფუნება, ადამიანებო.
რამდენი ოჯახი ვიცი მხოლოდ ძილის წინ და დილით ადრე ნახულობს შვილს მცირე დროით.
ჩვენი შვილების სრული უმრავლესობა თავისით იზრდება, ხალხო, მარტო ეძებს როგორ და რით აინაზღაუროს მშობლებთან ურთიერთობის დანაკლისი, მარტო უმკლავდება იმაზე ფიქრს, რატომ ვერ მიდის თავადაც ზაფხულში ზღვაზე და ზამთარში მთაზე, რატომ ვერ გადიან პიკნიკზე, რატომ არ აქვთ ფული, როცა მისი მშობლები მუშაობენ, რატომ ვერ დადის სპორტზე და კარგია, თუ ოცნებობს, ძალიან კარგია, საუკეთესოა, ყველაზე მეტად იმის მეშინია, ღმერთმა არ ქნას და ასე ცხოვრება ნორმა არ ეგონოთ, სწორი არ ეგონოთ არჩევანის გაკეთება პურს და განათლებას, პურს და ჯანმრთელობას შორის, ნორმალური არ ეგონოთ ყველა ოცნების პურში გადახდა და მერე ისევ იმაზე ფიქრით დაძინება, ხვალინდელი დღე როგორ გადააგორონ...
ახლა მოდის თაობა რომლის უმრავლესი ნაწილი თავისით გაიზარდა, რომლის უმრავლეს ნაწილს არ ჰქონდა ფუფუნება გაეზარდა მშობლებს და მათზე არ უზრუნია არც სკოლას, არც სახელმწიფოს და სკოლაში ცხელი წყალიც რომ არ შეიყვანეს
ხელის დასაბანად, იმ მთავრობის დასაცავად საზოგადოების ნაწილმაც ამ თავისით გაზრდილ თაობას მიუბრუნა პასუხი, მშობელმა მოგხედოსო!
მისცა საშუალება ქვეყანამ მშობელს შვილის გაზრდის?
ტყუილია, ხალხო, ჩვენ შვილების გაზრდის საშუალება არ დაგვიტოვეს და არც ჩვენ შვილებს დაუტოვეს საშუალება, მშობლებმა გაზარდონ.
ფარისევლობაა მშობლებისკენ ხელის გაშვერა, რადგან მშობლების უმრავლესობას შვილების გაზრდა სანატრელად აქვს ქცეული, ესაა რეალობა!"-წერს სოციალურ ქსელში "ალიას" ჟურნალისტი თამუნა კეშელავა.
0
372
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0