x
image
ელენე გუმა
„ეს იქნება დაახლოებით შვიდთვიანი პერიოდი 2024 წლის 2 ივლისამდე, როდესაც ბევრი ტყუილი გამოაშკარავდება“ - რამაზ გიგაური ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
„მზე-იუპიტერის გავლენით ბევრმა ადამიანმა შესაძლოა 2023 წელი მაჟორულ ნოტზეც კი დაასრულოს და მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სწორედ წლის ბოლოს შეძლოს“, - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს და იმ ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას რაც მომავალ წელს იქნება აქტუალური ზოდიაქოს ნიშნებისთვის.


„ინგრესია:
* 1 დეკემბერი > მერკური თხის რქის ზოდიაქოში
* 4 დეკემბერი > ვენერა მორიელის ზოდიაქოში
* 22 დეკემბერი > მზე თხის რქის ზოდიაქოში
* 23 დეკემბერი < მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოში (რეტროგრადულად)
* 30 დეკემბერი > ვენერა მშვილდოსნის ზოდიაქოში
რეტროგრადული პლანეტები:
* 6 დეკემბერი > ნეპტუნის დირექტიულად მოძრაობის დაწყება
* 13 დეკემბერი > მერკურის რეტროგრადულად მოძრაობის დაწყება
* 31 დეკემბერი > იუპიტერის დირექტიულად მოძრაობის დაწყება
* დეკემბერში რეტროგრადულია: მერკური, იუპიტერი, ურანი.
* ახალმთვარეობა - 13 დეკემბერი (3:32 საათზე)
* სავსემთვარეობა - 27 დეკემბერი (4:33 საათზე)

დაძაბული დღეები: 3, 4, 9, 10, 13, 21, 23, 27, 28, 29, 31

ჰარმონიული დღეები: 7, 8, 27, 30


დეკემბერი - ასტროლოგიური მოვლენებით საკმაოდ დატვირთული თვეა. ბუნებრივია, დეკემბრის დასაწყისში საგრძნობი იქნება მზე-მარსის შეერთების გავლენა, რომელიც ადამიანებში გამოხატული იქნება ენერგიულობით, აქტიურობით და გარკვეულწილად, აგრესიული ფონითაც (ეს ყველაფერი აქტიური იყო ნოემბერშიც და გაგრძელდება დეკემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით).


უნდა აღინიშნოს, რომ 2-9 დეკემბრის შუალედში ჯერ მზე და შემდეგ უკვე მარსი შეუერთდება ვარსკვლავ ანტარესს.


ეს ერთი მხრივ მიანიშნებს ამ დღეებში ხანძრების, ტექნიკური ავარიების, აფეთქებების, ტერორისტული აქტების მაღალ ალბათობაზე და ასევე შესაძლოა იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკურად დაძაბული სიტუაციაა, ვიხილოთ რომელიმე თანამდებობის პირზე თავდასხმა ან საერთოდ, სახელმწიფო გადატრიალება (ან ამის მცდელობა მაინც).


დეკემბრის პირველ დეკადაში უნდა გამოვყოთ ორი ინგრესია:


მერკური - თხის რქის, ვენერა კი - მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს.


პირველი მათგანი მიანიშნებს, რომ ადამიანებში გაძლიერდება პრაქტიკული, პრაგმატული აზროვნება. წინ წამოიწევს ლოგიკურობა, თუმცა მოიმატებს კონსერვატიზმიც. ყოველ შემთხვევაში, დეკემბრის პირველ და მეორე დეკადაში (სანამ მერკური რეტროგრადული მოძრაობით მშვილდოსანში არ დაბრუნდება), ბევრი ადამიანი ობიექტურად შეაფასებს შექმნილ მდგომარეობას და ზუსტად დაინახავს მის ცხოვრებაში შექმნი რეალობას.


ეს კარგი დროა სწავლის დაწყებისთვის ან განახლებისთვის, იდეების შეჯერებისთვის და მომავლის დაგეგმვისთვის.


რაც შეეხება ვენერას ინგრესიას.


მისი გავლენა თითქმის მთელი დეკემბერი გაგრძელდება და ბუნებრივია, ეს დაუკავშირდება გაძლიერებულ ვნებიანობასა და სექსუალურობას.


ვენერა მორიელში ე. წ. „გამოძევებულ“ პოზიციაში იმყოფება, სადაც ის კარგავს თავის სტაბილურობას და რომანტიკულობას, თუმცა ის ვლინდება უფრო „შიშველი“ ფორმით, რომელიც სწორედ სექსუალურ ურთიერთობების მიმართ გაძლიერებულ ინტერესს უკავშირდება.


გარდა ამისა, გაძლიერდება პარტნიორის მიმართ ეჭვიანობაც და შესაძლოა, ის ურთიერთობები, რომლებიც დაძაბული და ბუნდოვანია, გარკვეული გამოცდის წინაშე დადგეს.


ბუნებრივია, ვენერას ეს გავლენა ხელს შეუწყობს ახალ სასიყვარულო ურთიერთობების განვითარებას (ვენერას გავლენით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ინტენსიური და ემოციური პერიოდი იქნება, რომელიც ძირითადად პირად ცხოვრებაში გამოვლინდება).


დეკემბრის ძირითად ასტროლოგიურ მოვლენად ალბათ ნეპტუნის დირექტიულად მოძრაობის დაწყება უნდა ჩავთვალოთ (მისი რეტროგრადული ფაზა 4 დეკემბერს დასრულდება და 6 დეკემბერს დირექტიულად მოძრაობას დაიწყებს).


გლობალურად, ეს იქნება დაახლოებით შვიდთვიანი პერიოდი (2024 წლის 2 ივლისამდე), როდესაც ბევრი ტყუილი გამოაშკარავდება და ის მიზანმიმართული არასწორი ინფორმაცია, რომელიც 2023 წლის მეორე ნახევარში დაგროვდა, 2024 წლის პირველ ნახევარში გამოაშკარავდება. 2023 წლის დეკემბერიც ამ „სიცხადის“ ერთგვარი დასაწყისი წერტილია. ბუნებრივია, ეს ახალი რეალობა, ბევრი ადამიანისთვის მოულოდნელი და შესაძლოა მიუღებელიც აღმოჩნდეს. ნეპტუნის მოძრაობის ფაზის ცვლილების გამო, დეკემბრის პირველ დეკადაში მოსალოდნელია ბევრ ადამიანს პრობლემები შეექმნას ძილთან დაკავშირებით, თუმცა მეორე დეკადიდან ეს ყველაფერი ალაგდება.


13 დეკემბრიდან მერკური რეტროგრადულად დაიწყებს მოძრაობას და გაგრძელდება 2024 წლის 2 იანვრამდე.


ბუნებრივია, უპირველესად ეს დაუკავშირდება ინფორმაციასთან, კომუნიკაციასთან, ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაძლოა გარკვეული მიმართულებით ეს ყველაფერი დამუხრუჭდეს, ვერ განვითარდეს ისე, როგორც დაგეგმილი იყო. თუმცა ეს ნამდვილად არ უნდა გახდეს პანიკის მიზეზი (საერთოდ, „რეტროგრადულ მერკურს“ ბევრ არასასიამოვნო მოვლენას მიაწერენ, რასაც მე პირადად არ ვეთანხმები).


უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ის ინფორმაცია, რომლის მიღება-გადაცემა ამ პერიოდში ვერ მოხერხდება ან ის ურთიერთობა, რომელიც თუნდაც მცირე დოზით პრობლემური გახდეს, ახალი წლის შემდეგ დარეგულირდება.


ეს პერიოდი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს გადადებული საქმეების დასრულებისთვის, იმ საბუთების მოწესრიგებისთვის, რომელთა მოგვარება ადრე იქნა დაწყებული, ასევე იმ ურთიერთობის გარკვევისთვის, რომელიც წარსულში დამუხრუჭდა.


საერთოდ, ეს კარგი პერიოდია წარსულისკენ „მიტრიალებისთვის“ და იქ იმ ყველაფრის გამოსწორებისთვის, რომელიც აწმყოს განვითარებას ამუხრუჭებს. ამ პერიოდში არასასურველია შეთანხმება და საბუთებზე ხელის მოწერა (ბუნებრივია, გარდა გადაუდებელი შემთხვევისა). ამ შემთხვევაშიც, ყველა შესაძლო გართულება კარგად უნდა იქნეს გააზრებული და ყველა საბუთი კარგად უნდა იქნეს წაკითხული, სანამ მისი ხელმოწერა მოხდება.


მით უმეტეს, რომ 13 დეკემბერი - ახალმთვარეობის პერიოდია და შეიძლება ითქვას, რომ ეს ორმაგად არასასიკეთო დღეა.


22 დეკემბერს მზე თხის რქის ზოდიაქოში გადავა და მოვლენები შედარებით დასტაბილურდება. მშვილდოსნის „ცეცხლოვანი“ ენერგია გადავა თხის რქის „მიწიერ“ ფორმაში. ადამიანებში შინაგანი აჩქარება შედარებით შენელდება, ხოლო შინაგანი შფოთვა და მოუსვენრობა თავდაჯერებაში და მომავლის რწმენაში გარდაისახება. ადამიანებში ხასიათის თვისებებიდან წინ წამოიწევს პრაქტიკულობა, პრაგმატულობა, რეალიზმის განცდა და დისციპლინირებულობა. მოიმატებს მიზანსწრაფვა და წარმატების მიღწევის სურვილი.


31 დეკემბერს კიდევ ერთი საინტერესო ასტროლოგიური მოვლენა მოხდება - 2023 წლის ბოლო დღეს წარმატების, გამარჯვების, განვითარების პლანეტა იუპიტერი დირექტიულად მოძრაობას დაიწყებს. ეს ყველა მოვლენას, რომელიც უცხოეთს, უცხოელებს, საერთაშორისო საკითხებს, სწავლას, საბუთებს მოწესრიგებას, ცნობიერებისა და ჰორიზონტის გაფართოებას უკავშირდება, ასე ვთქვათ, „მკვდარი წერტილიდან“ დაძრავს. ბევრ რამ, რაც ამ მიმართულებით დამუხრუჭებული იყო, ნელ-ნელა განვითარდება და ახალ პერსპექტივებს გამოაჩენს (ეს გაგრძელდება 2024 წლის შემოდგომის პირველი ნახევრის ჩათვლით).


საერთოდ, უნდა ითქვას, რომ დეკემბრის ბოლო კვირა მზე-იუპიტერის სასიკეთო ასპექტის გამო საკმაოდ პოზიტიური იქნება.


მზე-იუპიტერის გავლენით ბევრმა ადამიანმა შესაძლოა 2023 წელი მაჟორულ ნოტზეც კი დაასრულოს და მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სწორედ წლის ბოლოს შეძლოს.


მით უმეტეს, რომ 27 დეკემბრის სავსემთვარეობის გავლენა მათ დაეხმარება ბევრი რამის გაცნობიერებაში და მომავლის მკაფიოდ დანახვაში.


სწორედ ამ დროს გამოჩნდება ახალი ჰორიზონტი და პრობლემების მოგვარების გასაღებსაც მიაგნებენ, ოღონდ მის გამოყენებას, უკვე 2024 წლის დასაწყისში შეძლებენ“, - წერს ასტროლოგი.

image
0
151
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0