x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139046
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
საცივი, სოუსი, მურაბა და კიდევ 4 საინტერესო კერძი, რომელიც ხურმით შეგიძლიათ მოამზადოთ 
ხურმა ლათინურიდან ითარგმნება, როგორც "ღმერთების საკვები" და ეს გასაკვირი არაა! ტკბილი ნარინჯისფერი ნაყოფი ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს, ვიტამინების და მინერალების რაოდენობით აჭარბებს ლეღვს, ყურძენს და ვაშლს. გარდა ამისა, ძალიან გემრიელია. ასეთივე გემრიელი გამოდის კერძი მისი დამატებით. გიზიარებთ საინტერესო რეცეპტებს.



image



სველი პეროგი ხურმით

ძალიან გემრიელი, ნაზი და არომატული გამოდის. დაგჭირდებათ:


500 გ ხურმა
2 კვერცხი
150 გ შაქარი
45 მლ ზეთი
350 გ ფქვილი
15 გ გამაფხვიერებელი
1 ლიმონის ცედრა



image


ხურმა გარეცხეთ, კანი მოაცალეთ და კურკები მოაშორეთ. რბილობი ჩანგლით დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ. ცალკე შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ თეთრი ქაფის მიღებამდე (5 წუთი). კვერცხის მასას დაუმატეთ ზეთი, ლიმონის ცედრა და ხურმის რბილობი.



მიქსერით ათქვიფეთ და გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი თანდათან დაუმატეთ. ცომი ოდნავ სქელი უნდა იყოს, ვიდრე ოლადები. ცომი ფორმაში ჩაასხით, ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ და 1 საათი აცხვეთ.



ხურმის სოუსი

იდეალურად უხდება როგორც ხორციან კერძებს, ასევე ფანქეიქებს. მარტივად მზადდება, კაშკაშა ფერი და ნაჯერი გემო აქვს. სოუსის მოსამზადებლად აიღეთ:


200 გ ხურმა
75 მლ წყალი
100 გ შაქარი


image


ხურმა კარგად გარეცხეთ, კურკები მოაშორეთ. კანის გაცლა აუცილებელი არაა. წყალი ქვაბში ჩაასხით, შაქარი დაუმატეთ და ნელ ცეცხლზე ადუღეთ. შაქარი ბოლომდე უნდა გაიხსნას.



შაქრის სიროფს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხურმა და 10 წუთი ხარშეთ. მუდმივად ურიეთ. ამის შემდეგ საცერზე გახეხეთ. მიღებული მასა ისევ ქვაბში გადაიტანეთ და 5 წუთი ხარშეთ. სოუსი უნდა გასქელდეს.



გამომცხვარი ქათამი ხურმით

ღუმელში გამომცხვარი ქათამი სადღესასწაულო სუფრის მთავარ ელემენტად ითვლება. არომატული ხურმის და ვაშლის დამატებით არა მხოლოდ ლამაზი, არამედ საოცრად გემრიელი გამოვა. დაგჭირდებათ:


1 საშუალო ზომის ქათამი
5 ხურმა
5 ვაშლი
200 მლ წყალი
1, 5 ს/კ შაქარი
75 მლ ზეთი


image

2 ვაშლი და 2 ხურმა კარგად გარეცხეთ, გათალეთ და პიურეს მისაღებად დააბლენდერეთ. 3 ვაშლი და 3 ხურმა ნაჭრებად დაჭერით. შემდეგ ქათამში ჩავდებთ.



ქათამი მოამზადეთ: შიგნეული და ზედმეტი ცხიმი მოაშორეთ. კარგად გარეცხეთ, მარილი წაუსვით. სანელებლებიც შეგიძლიათ წაუსვათ. ქათამში ჩადეთ ხილის ნაჭრები, საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და ზემოდან ხილის პიურე კარგად წაუსვით. 200 მლ წყალი დაასხით და ღუმელში გამოსაცხობად მოათავსეთ.



ბოსტნეულის სალათი ხურმით

ხურმა საკმაოდ ტკბილი ხილია, მაგრამ იდეალურად ეთავსება ბოსტნეულს და ბევრი სალათის ინგრედიენტია. ამ სალათისთვის აიღეთ:


2 საშუალო ზომის ხურმა
2 პომიდორი
1 ავოკადო
1 სალათის ხახვი
150 გ მოცარელა
სალათის ფურცლები, ქინძი, რუკოლა, ისპანახი – გემოვნებით
1 მუჭა ნიგოზი


image


პომიდორი, ავოკადო და ხურმა კარგად გარეცხეთ და ნაჭრებად დაჭერით. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, სალათის ფურცლები ხელით პატარა ნაჭრებად დააქუცმაცეთ. ინგრედიენტები აურიეთ და ზეითუნის ზეთი მოასხით. ნიგოზი დააქუცმაცეთ და სალათს დაუმატეთ.



თუ სურვილი გაქვთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი, მდოგვი და თაფლი. 2 ს/კ ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ მდოგვის მარცვლები და 2 ჩ/კ თაფლი აიღეთ და ცოტა ზეითუნის ზეთს აურიეთ. პიკანტური საწებელი გამოვა, რომელიც ბოსტნეულის და "ღვთაებრივი" ხურმის კომბინაციას ხაზს გაუსვამს.



საცივი ხურმით და გარგარის ჩირით

ქართული სამზარეულოს მოყვარულები ამ კერძს ნამდვილად დააფასებენ. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


800 გ ინდაურის ხორცი
400 მლ ქათმის ბულიონი
400 გ ხურმა
1 ხახვი
1 სტაფილო
3 კბილი ნიორი
200 გ გარგარის ჩირი
100 გ ნიგოზი
30–30 გ ქინძი, კურკუმა, ლიმონის ცედრა და შაქარი
50–50 მლ ზეითუნის ზეთი და ღვინის ძმარი
100 მლ ტკბილი ხერესი


image


ინდაურის ხორცი პატარა ქვაბში მოათავსეთ, ქათმის ბულიონი დაასხით. დაუმატეთ სტაფილო, ხახვი, ქინძი. ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ნელ ცეცხლზე 60 წუთი ხარშეთ. მიღებული ბულიონი სუფთა ქვაბში გადაწურეთ, დაუმატეთ კურკუმა და ნიგოზი, აურიეთ.



ცალკე ტაფაში ზეითუნის ზეთი გააცხელეთ. დაუმატეთ შაქარი, მარილი და კუბებად დაჭრილი გარგარის ჩირი. 5 წუთი ამზადეთ, მუდმივად ურიეთ, შემდეგ ტკბილი ხერესი დაუმატეთ. ხურმა ნაჭრებად დაჭერით, გარგარის ჩირს დაუმატეთ და მსუბუქი "კარამელის" ქერქის მიღებამდე შეწვით.



ბულიონს დაუმატეთ ნიორი, ღვინის ძმარი და ქინძი, დააბლენდერეთ. მოხარშული ხორცი ნაჭრებად დაჭერით, მიღებული პიურე დაასხით და ხურმით და გარგარის ჩირით გააფორმეთ.



ღორის ხორცი ხურმით

დახვეწილი კერძი სუფრას დღესასწაულზეც გაალამაზებს. მოსამზადებლად აიღეთ:


800 გ ღორის ხორცი
1 ხურმა
1 პატარა ხახვი
1 ს/კ თაფლი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
ცოტა ბეგქონდარა და როზმარინი


image


ღორის ხორცს წაუსვით მარილი, წიწაკა და ზეითუნის ზეთი. ძლიერ ცეცხლზე მოწითალო ქერქის მიღებამდე შეწვით. ხახვი რგოლებად დაჭერით, ხურმა – პატარა ნაჭრებად. ხორცი რამდენიმე ადგილას ჩაჭერით და მასში ხურმა და ხახვი ჩადეთ.



კერძს ზეთი და თაფლი მოასხით, გვერდით მოუწყვეთ ბეგქონდარა და როზმარინი. ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ და 50 წუთი აცხვეთ.



მურაბა ხურმით და ფორთოხლით

რა თქმა უნდა, მურაბაც! ამ კაშკაშა არომატული ხილით გამოდის მზიანი და მათბობელი მურაბა. ფორთოხლის ნოტები ციტრუსის გემოს ანიჭებს. აუცილებლად სცადეთ! აიღეთ:


400 გ ხურმა
1 პატარა ფორთოხალი
1 ჭიქა შაქარი


image


ხურმა გარეცხეთ, გათალეთ, პატარა ნაჭრებად დაჭერით. ფორთოხლის ცედრა აიღეთ და წვენი გაწურეთ. ინგრედიენტები ქვაბში აურიეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და ნელ ცეცხლზე 20 წუთი ხარშეთ.



ხილი დააბლენდერეთ და ისევ ხარშეთ, 10 წუთი. მიღებული მურაბა გასტერილებულ ქილებში ჩაასხით. გრილ ადგილას შეინახეთ ან მაშინვე დააგემოვნეთ!



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვაშლის ღვეზელს კაკლის შიგთავსით 15 წუთში ვამზადებ

2. თითებს ჩაიკვნეტთ! ქათმის რეცეპტი ლაიმის საწებელში

3. გერმანული ყველის წვნიანი ლუდით: უფრო გემრიელი, ვიდრე რესტორანში

4. ლიმონი-ყაყაჩოს კექსი: მსუბუქი და გემრიელი

5. შემწვარი ბრინჯი ანანასით: ტაილანდური რეცეპტი

6. „დაჭრაც მენანება“ – პოპ–კულტურა ღვეზელებში

7. ორიგინალური სასუსნავის რეცეპტი მათთვის, ვისაც კულინარიული ექსპერიმენტები უყვარს!

8. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თაფლი, ნიორი და სოიოს სოუსი ერთმანეთს ასე მოუხდებოდა

9. შემწვარი ორაგული ჰარისას სოუსით: მეგობრის საფირმო რეცეპტი, რომელიც გამიზიარა

10. ცხარე, პიკანტური და არომატული ეთიოპიური წვნიანი ოსპით: ჩემს ოჯახში ლობიოთი ამზადებენ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
32