საქართველო
"ან გაასაჯაროვოს ამ ფარული გარიგების დეტალები ან მე დავწერ"- რა ფარულ შეხვედრაზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
2023, 11 ოქტომბერი, 11:05
"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი რამდენიმე დღის წინ, თბილისში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ჩამოსვლას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მეზობელი ქვეყნის პირველი პირის საქართველოში ჩამოსვლის რეალური მიზეზი ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკება იყო. ნათელაშვილის თქმით, ფარული შეხვედრა ამჯერად, კოჯორში გაიმართა.
ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ფარული გარიგების შესახებ დეტალები გაასაჯაროვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებას ის გასაიდუმლოებული შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას თავადვე მიაწვდის:
"მოსაბეზრებელია, მაგრამ უთქმელობაც საზიანოა ქვეყნისთვის. გუშინ კოჯრის ზონაში ჩამოსულ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბატონ ილხამ ალიევს კვლავ ფარულად შეხვდა პირადად ბიძინა ივანიშვილი.ე.წ პრემიერი კვლავ რჩებოდა გარე თეატრისთვის საჩვენებელ მარიონეტ თოჯინად.განმეორდა მუხრანი, ოღონდ ამჯერად კოჯორში. მთავრობამ ან გაასაჯაროვოს ამ ფარული გარიგების დეტალები ან მე დავწერ შემდგომ პოსტში აღნიშნული სერობის ამბებს."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ჯერ კიდევ დასამყარებელია და ღარიბაშვილთან საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ ეს იყო. მისივე განმარტებით, თუ სომხეთი თანახმა იქნება, საქართველოში სამმხრივი შეხვედრები დაიწყება.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის “სტრატეგიულ პარტნიორობაზე” და თქვა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ყველა სფეროში წარმატებულია.