კინო "ლიზას ვუსურვებ, რომ იაროს, მან სიმართლე ჯერ საკუთარი თავისთვის უნდა დაადგინოს და მერე ჩვენც მოგვიყვეს" - კობა ჩოფლიანი 2023, 3 ოქტომბერი, 11:31 ნანა ჯანელიძის ახალ ფილმის "იარე ლიზა“-ს გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება, კინოსურათი ომის რეპორტიორ ქალზე გვიყვება.ფილმს საფუძვლად უდევს ომის მონაწილეებისა და მოწმეების პირადი დღიურები და მოთხრობილი ამბები. აღნიშნულ ფილმს უფლებადამცველი კობა ჩოფლიანიც სოციალური ქსელით ეხმაურება. "იარე ლიზა... არ ვიცი სინამდვილეში რისი თქმა უნდოდა ავტორს და საერთოდ ღირს თუ არა ამ ფილმზე საუბარი. ფილმში ქართველების და აფხაზების ერთმანეთში და ერთმანეთის მიმართ სათქმელი ბუნდოვანია. შეკრებილია იმ დროისთვის ცალკეული ადამიანების აზრების ნაწილი და ზოგად სიმართლედ არის წარმოჩენილი. ფილმში არის პოზიტიურად შესაფასებელი და მავნებლური, შეურაცხმყოფელი ნაწილები. ფილმის მიმართ ინტერესსა და მისი პასუხისმგებლობას ზრდის ავტორების განცხადება, რომ თითქოს ფილმი დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა და ის, რომ აფხაზეთის ომზე ფილმები ძალიან ცოტა არის გადაღებული.
პოზიტიურად შესაფასებლიდან: 1.) განმარტებულია ერთ-ერთი ქართველი სარდლის ძალიან ცუდი ფრაზა/ერთგავრი მუქარა 100 000 ქართველის მიერ 80 000 აფხაზის შესაძლოა დახოცვის შესახებ. ეს ფრაზა ბევრჯერ წამოგვაძახეს ქართველებს. აღწერილია ამ ფრაზის თქმის კონტექსტი და იმ კრიტიკურ მომენტში აფხაზი მეთაურის (ფილმში აგრბა თუ სწორად მახსოვს) ღირსეული საქციელი;
2.) რეპორტიორი გოგოს მამა, რომელიც ომის წინააღმდეგია. მართლაც ძალიან ბევრს არ უნდოდა აფხაზეთში ომი და დაპირისპირება. ამ პერსონაჟს არ მოსწონს ფრაზები “აფხაზები მოღალატეები არიან“ და ა.შ. ხსნის, რომ აფხაზეთი აფხაზისთვისაც სამშობლოა და შვილს ეუბნება არ აჰყვეს პროვოკაციას. ასევე შიგადაშიგ არის ომის სიმართლეები მოყოლილ - აღწერილი.
3. ომის დაწყების და განსაკუთრებით გაგრის დაცემის მერე სოხუმი მართლაც ბევრმა აფხაზმა დატოვა და ამ დიდ ტრაგიკულ ორომტრიალში ეს საკითხი არ ჩანდა.
4. კარგია, რომ აფხაზი მეომარი პოზიტიურად არის გამოყვანილი, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ ქართველი მეომრები ამაზრზენ არაადამიანებად არიან წარმოჩენილი.
5. ოჩამჩირიდან კიტოვანის მიერ რამდენიმე ათასიანი ჯარის უკან გაბრუნება და სოხუმის არ დახმარება ხშირად განიხილება ამ 30 წლის განმავლობაში.
6. კრიმინალი, რომელიც ყველას ძარცავდა და აყაჩაღებდა ეროვნების მიუხედავად (აფხაზს, სომეხს, ქართველს და ა.შ.).
სიცრუე, მავნებლობა და შეურაცხყოფა:
1.) აფხაზეთიდან დევნილები ძალიან უარყოფითად არიან წარმოჩენილი, რომელთაც თითქოს აქვთ უდიდესი ზიზღი აფხაზების მიმართ, აფხაზების ტკივილის მოსმენაც არ უნდათ, მეორე მხარის მდგომარეობის დანახვა არ შეუძლიათ, შურისძიება სწყურიათ მხოლოდ და არ აქვთ არანაირი ადამიანური დამოკიდებულება/განწყობა აფხაზებისადმი. ეს მცდარად წარმოაჩენს რეალობას, არის მავნებლობა, დევნილების მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების კიდევ უფრო გამძაფრება და მათი მარგინალიზაცია. რამდენიმე თვის წინ სხვადასხვა მხრიდან ბევრი გვიკიჟინებდა „სოხუმში გასეირნებას“, მაშინ და ახლაც აფხაზეთიდან დევნილი უამრავი ადამიანი იყო და არის აფხაზეთში ახალი ომის წინააღმდეგი, აფხაზების სატკივარი და მდგომარეობაც ძალიან ბევრს აქვს დანახული-გააზრებული.
2. ქართველი მეომარი ნარკომან, ამაზრზენ არაადამიანებად არის გამოყვანილი, რომელიც სროლის დროს იფსამდა და ომობდა „წამლის კაიფში“ „თორემ მართლა გმირი კი არ იყო“. თან ეს ქართველ ვეტერანს ათქმევინეს.... ქართველი მეომარი წარმოჩენილია, როგორც მხოლოდ მძარცველი და ყაჩაღი. - აფხაზეთში ომის დროს კრიმინალებმა (მათი დიდი ნაწილი ომამდე სავარუდოდ არ ყოფილა კრიმინალში შემჩნეული) ჩაიდინეს ძალიან ბევრი დანაშაული და უღირსი საქციელი, მათ შორის ბევრი იყო სამხედრო ფორმიანი (დამნაშავების დიდ ნაწილს ფორმა ურბალოდ ეცვა), მაგრამ ყველა მეომრის მძარცველად გამოყვანა ეს უამრავი გარდაცვლილი და ცოცხალი მეომრის მიმართ არის ცილისწამება, მათდამი არსებული უარყოფითი დამოკიდებულების კიდევ უფრო დამძიმება და ცოცხლად დარჩენილების ფსიქოლოგიური განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი (არ გაგიკვირდეთ ამ ფილმის ნახვის შემდეგ ომის ვეტერანს შვილიშვილმა, რომ ჰკითხოს ბაბუ, ომში შენც იფსამდი და ნარკომანი იყავიო?).
უამრავი უაღრესად ღირსეული ადამიანი იყო მეომარი, რომელიც არც ნარკომანი და არც კრიმინალ არ ყოფილა, პირიქით, ეს ის ხალხი იყო ვინც იმ რუსეთის ჯარს და აგენტურას დღეს, რომ ჩვენზე 100 ჯერ დიდი სახელმწიფოები ებრძვიან მარტო ეომა 13 თვე და 13 დღე, ...
3. დედაო/ანუ ქართული ეკლესია თურმე არ ლოცულობს მეორე მხარისთვის. ესეც სიცრუის მხატვრული ტირაჟირებაა. პატრიარქი ხშირად ახსენებს აფხაზებს სხვადასხვა დღესასწაულებზე. თუნდაც ის კასპელი ქალი გავიხსენოთ თუ სწორად მახსოვს გვარად კახიანი, რომელიც სვეტიცხოველში თავისი შვილის მკვლელი აფხაზის სახელზეც, რომ აგზავნის მოსახსენებელს (ამის შესახებ ტაძრის მოძღვარმა ისაუბრა) და სხვა უამრავი ფაქტი ....
4. ქართველების დახვრეტა, წამება, განდევნა აღწერილია, მაგრამ მთლიანობაში ახსნილია, როგორც „ქართველების მიერ ჩადენილი ცოდვის დაბრუნება“ და „საზღაური“. ანუ ფაქტიურად გამოდის, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრები, რომ დახვრიტეს ეს თურმე მისივე თვისტომის (მისთვის უცნობი სხვა პირის) ცოდვების ბრალი ყოფილა.
5. მიუხედავად „ჯორჯ მეისონასთან“ დიალოგისა ფილმს მთლიანობაში შინაარსობრივ ლაიტმოტივად, ერთგვარ მთავარ იდეად გასდევს ე.წ. „ნიუტონას დღიურის ფრაზა“- „ნაბიჭვრები ვართ“ ქართველები. ეს ფილმი ხელს უწყობს ქართველების, ვეტერანებისა და დევნილების მიმართ სიძულვილის გაღვივებას. სხვა ბევრი უარყოფითი და პოზიტიურიც არის ფილმში, მაგრამ ყველაფერზე შეუძლებელია საუბარი.
მთლიანობაში აფხაზეთის ომზე ობიექტური ფილმის გადაღება აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ მასში ქართველის, აფხაზის, სომეხის, ბერძენის და ყველას ტკივილი ჩანდეს. კარგი იქნება, რომ მათ ჰქონდეთ დიალოგი, განიხილონ თავისი სატკივარი, მომხდარი დანაშაულები, მოიწონონ/დააფასონ ღირსეული საქციელები (რაც ამ ომში ძალიან ბევრი იყო - აფხაზეთის ომის დროს ყველა ეროვნების უამრავი ადამიანი დაეხმარა კონფლიქტის მეორე მხარეს მყოფ სხვა ერის წარმომადგნლებს). ამ ფილმით ვერც ჩემი, როგორც ქართველის სატკივარი ითქვა, პირიქით შიგადაშიგ ნათქვამი სიმართლეების მიუხედავად, სიცრუითა და უარყოფითი ფაქტების გააბსოლუტურებით შეურაცხყოფა მომაყენეს და ვერც აფხაზების სათქმელი გავიგე ამ ფილმიდან.
ლიზას ვუსურვებ, რომ იაროს, მან სიმართლე ჯერ საკუთარი თავისთვის უნდა დაადგინოს და მერე ჩვენც მოგვიყვეს", - წერს კობა ჩოფლიანი.
95 2-ს მოსწონს
|