სხვა გერანი – სახეობები და სასარგებლო თვისებები 2023, 24 აგვისტო, 13:39 გერანი (ბალბა), ალბათ, ერთ-ერთი პირველია, რომელიც სახლის მცენარე გახდა. ის ორანჟერეებიდან და სათბურებიდან, სადაც ადრე ზრდიდნენ, ბინებში "გადაბარგდა" და რატომღაც, მიიჩნევენ, რომ ის ძველმოდურია, რომ ბებიების სახლის ფანჯრის რაფებთან ასოცირდება და თანამედროვე სახლებში, მისი ადგილი არ არის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მცენარის საოცარი თვისება მას, უბრალოდ, უნიკალურს ხდის. გერანი ეთერზეთებით არის გაჯერებული და მძაფრ სურნელს გამოსცემს, რომელიც ძალიან არ უყვართ მავნე ბაქტერიებს და თვალით უხილავ პარაზიტებს, რომლებიც ადამიანთან ცხოვრობენ. გარდა ამისა, ოთახში სადაც გერანია, არასოდეს გაჩნდება ჩრჩილი. ეს მცენარე განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დაძინება უჭირს, ვინც ნერვული სისტემის გამოფიტვას უჩივის, ან არასტაბილური წნევა აწუხებს – ყველა ეს დაავადება გაქრება, თუ ოთახში პელარგონია (ლათ. Pelargōnium – გერანის სამეცნიერო სახელი) გამოჩნდება. მაგრამ, მცენარეს უკუჩვენებაც გააჩნია. იმის გამო, რომ ის ჰაერში ეთერზეთებს აფრქვევს, არ შეიძლება მისი გაჩერება იმ ოთახში, რომელშიც ალერგიული ადამიანი დიდი ხნის მანძილზე იმყოფება. გარდა ამისა, ის მავნებელია კატებისთვისაც – ცხოველის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, ფაღარათს იწვევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულში გერანის ძალიან უყვარს სუფთა ჰაერზე ყოფნა (თან ამ დროს, ვირუსების სეზონიც დამთავრებულია). ამიტომ, ის აივანზე უნდა გაიტანოთ, ან ბაღში, ღია გრუნტში გადარგოთ. პირველ ხანში, ახალი გარემოთი გამოწვეული სტრესის გამო, გერანს ფოთლები გაუყვითლდება და ჩამოსცვივდება. მაგრამ შემდეგ, უხვი ყვავილობით გაგახარებთ. გარეთ მცენარე, უფრო ღია ფერის არის, ვიდრე სახლში – ეს მისთვის ნორმალური მოვლენაა და ავადმყოფობაში არ ითვლება. მცენარის გარეთ გაჩერება მანამდე შეიძლება, ვიდრე ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე არ დაეცემა. ამის შემდეგ, ის ქოთანში უნდა გადაიტანოთ და სახლში შეიტანოთ. დადგით გრილ ადგილზე (ტემპერატურა, დაახლოებით, 10-12 გრადუსი რომ იყოს) და სითბოს ნელ-ნელა შეაჩვიეთ. მხოლოდ ამის შემდეგ, შეიტანეთ ოთახში, სადაც ცივ სეზონს გაატარებს და ჰაერს მავნე ბაქტერიებისგან გაასუფთავებს. გერანის არაერთი სახეობა არსებობს. მათ შორის, ისეთიც, განსაკუთრებული სილამაზით რომ გამოირჩევა და აქ სწორედ 7 მათგანს წარმოგიდგენთ: Lord Bute (სამეფო გერანი) სამეფო გერანის დიდი ზომის, მუქი ბორდოსფერი, ხავერდისებური ყვავილი აქვს, რომელიც ძალიან ჰგავს იაჟუჟუნას – ფურცლები ერთმანეთს ფენებად, მარაოსებრად ედება. მცენარის სიმაღლე 20-30 სმ-ს არ აღემატება. არა აქვს სუნი, ხოლო მოსავლელად, ძალიან ჭირვეულია – არასათანადო პირობებში, შეიძლება ყვავილები დასცვივდეს და დაიღუპოს კიდეც. Ardens (არდენსი) გერანის ამ სახეობას წითელი ფერის, ძალზე დახვეწილი, ქოლგისებური ყვავილი აქვს. ხოლო, ფოთოლი დიდი ზომის, მუქ-მწვანე ტონებშია. მცენარე საკმაოდ მაღალი იზრდება, მაგრამ ფოთლების ძირითადი ნაწილი ქვედა ნაწილში აქვს განლაგებული. არდენსის გერანი თავს ყველაზე კარგად ნახევრად ბნელ გარემოში გრძნობს. საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ყვავილობს. ხოლო, ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, მისი გასხვლა და ბუჩქის ფორმირება არის საჭირო. Westdale Appleblossom (ვესტდეილის ვაშლის ყვავილი) მცენარე მთელი სეზონის მანძილზე ყვავილობს. ხოლო თეთრი კვირტები, ღია ვარდისფერი კანტებით, პატარა ზომის ვარდს მოგაგონებთ. ყვავილების გარდა, მას ძალიან ლამაზი, დეკორატიული ფოთლებიც აქვს – მუქი მწვანე გულით და თეთრი კანტებით. გერანის ამ სახეობას გაბნეული სინათლე და სითბო უყვარს. არის ძალიან ჭირვეული: ვერ იტანს მშრალ ჰაერს და გამომშრალ ნიადაგს, ასევე ჭარბ სინოტივეს და ორპირ ნიავს. Norrland (ნორლანდი) ზონალური გერანი, დიდი ვარდისფერი ყვავილებით, პიონს წააგავს. მცენარის ბუჩქი საკმაოდ დიდი ზომის იზრდება, ამიტომ გასხვლას და ფორმის მიცემას საჭიროებს. ნორლანდი იმდენად უპრეტენზიოა, რომ მისი დარგვა ღია გრუნტზეც კი შეიძლება. მთავარია, რომ ადგილი ნახევრად მოჩრდილული, ხოლო ნიადაგი მიკროელემენტებით მდიდარი იყოს. PAC Viva Maria (ვივა მარია) ზონალური გერანი დიდი ხავერდოვანი, ღია ვარდისფერი ყვავილებით, მხოლოდ 15 დღის მანძილზე ყვავილობს. თუმცა, იმდენად ლამაზია, რომ მისი აყვავების მოლოდინისთვის, ესეც საკმარისია. მცენარე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და მუდმივ ყურადღებას. მას მხოლოდ რეგულარული მორწყვა, წყლის მისხურება და მისთვის შესაფერისი კუთხის მონახვაა საჭირო – არ უყვარს კაშკაშა სინათლე და თავს ჩრდილში უფრო უკეთესად გრძნობს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არ უყვარს ჭარბი რაოდენობის წყალი. როგორც კი ნიადაგი შეშრება, საკმარისია სულ ცოტა წყლის დასხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ფესვი დალპეს და მცენარე დაიღუპოს. Fairy Phlox (ზღაპრული ფლოქსი) ვარსკვლავოვანი გერანის ჯიშის ვარდისფერი ყვავილი, პეპელას უფრო ჰგავს, ვიდრე ყვავილს. მცენარე სინათლის მოყვარულია და განსაკუთრებულ ზრუნვას არ საჭიროებს. ხოლო იმისთვის, რომ ლამაზად იყვავილოს, უნდა გაისხლას. Denise (დენიზი) ზონალური გერანი, ულამაზესი გრადიენტული ფერთა ცვლის ყვავილებით გამოირჩევა, რომლის ფურცლები ღია ვარდისფერი კიდეებით იწყება და ძირისკენ, – თეთრ ფერში გადადის. მცენარეს ძალიან უყვარს სინათლე, ამიტომ ის მზის მხარეს მდებარე ფანჯრის რაფაზე უნდა იდგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ აყვავდება და შეიძლება, ფოთოლიც კი დასცვივდეს. საჭიროებს ზომიერ და რეგულარულ მორწყვას. არხის სხვა სიახლეები:* აზრების მანძილზე გადაცემა – მითი, თუ რეალობა?* გახდომა, დიეტის გარეშე და თან "გემრიელად"* მთვარე, შეიძლება, ხელოვნური ობიექტი იყოს...* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?117 2-ს მოსწონს
|