საქართველო "ეს მამლის ყივილსაც არ დაელოდება, ისე უარყოფს"- ვისზე საუბრობს გია ხუხაშვილი 2023, 17 აგვისტო, 16:15
ექსპერტი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მონანიებასა და შოვის ტრაგედიისას გადარჩენილი დავით ჯელაძისთვის პირადად მოხდილ ბოდიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ოცნების" ლიდერის ფსიქოტიპიდან გამომდინარე სულ არ გამორიცხავს რომ ერთ დღეს მმართველი გუნდის ლიდერმა ივანიშვილს ხელი ყველაფერზე შეაწმინდოს:
"დღეს რაც კობახიძემ გააკეთა, ეს ზედმიწევნით ზუსტად წარმოადგენს მის სინამდვილეში ძალიან მარტივ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, საიდანაც მთავარი დასკვნა ბიძინამ უნდა გააკეთოს – ეს მამლის ყივილსაც არ დაელოდება, ისე უარყოფს და შეახოცავს ხელს ყველაფერზე…
ამას გააკეთებს წარბშეუხრელად და ისეთი დამაჯერებლობით, რომ ვერც შეეკამათები…"- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი, რომელიც რამდენიმე დღეა შოვის ტრაგედიისას გადარჩენილ დავით ჯელაძეს სიცრუეში ამხელდა აღიარა რომ შეცდა. როგორც ჩანს, კობახიძე, ბრიფინგზე გაკეთებული სამარცხვინო განცხადების და საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ მეწყერს სასწაულებრივად გადარჩენილ მოქალაქეს პირადად შეხვდა, რის შემდეგაც საკუთარი დამოკიდებულება შეცვალა და დავით ჯელაძეს ბოდიშიც მოუხადა.
"მე ჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ ასევე შევხვდი მას. პირველი, რაც მინდა გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, პირველ რიგში, ადამიანური. დათო არის გულიანი ვაჟკაცი რაჭველი კაცი, ეს პირველ რიგში მინდა გითხრათ. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა და ნუ, წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა. რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. და, ნუ, თავის თავს აჯობა ისეთი გზა აქვს მას გამოვლილი ამისათვის თავის პატარა დისშვითან ერთად, უბრალოდ თავის თავს აჯობა, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული და ეს მინდა აუცილებლად გითხრათ…
პირველ რიგში, მე მინდა განვმარტო, რაზე იყო საუბარი – ჟურნალისტმა მე მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული ფოტოზე. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს თვითონ ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო იყო დათო ჯელიძის მიერ დადებული და ასევე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პირადად მე დეტალურად მომიყვა ისტორია იმასთან დაკავშირებით, რა გადაიტანა…
სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ჩვენ გვქონდა საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით – მანაც განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარი არის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და, რა თქმა უნდა, ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად."- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 26 მოქალაქის ცხედარი, მათგან 23 იდენტიფიცირებულია. სამძებრო სამუშაოები 7 პირთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს. რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
|