x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს ძალიან მალე გამოჩნდება"- რა ინფორმაციას ავრცელებს ირინა სარიშვილი

image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მიერ შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილებზე მორიგ ღია შეტევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სასწაულებრივად გადარჩენილ ადამიანებს ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ განიხილავს:


"ყურადღებით მოუსმინეთ გადარჩენილი ადამიანები რას ყვებიან.


ყველა მათგანის მონათხრობით ცხადზე ცხადი ხდება რომ არა წამებში და წუთებში, არამედ დროის უფრო დიდ მონაკვეთში წყდებოდა უმრავლესობის ბედი და მათთვის დროულ შველას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.


სწორედ ამიტომ ხელისუფლებისთვის უმთავრესი პრობლემა სწორედ გადარჩენილებია და დღეს მათზე ღია შეტევა დაიწყო. ფარულ მუქარებსა და შევიწროვებაზეც იოლად წავლენ და ეს ძალიან მალე გამოჩნდება.


ყველაზე დიდი საფრთხე ხელისუფლებისთვის გადარჩენილი ხალხია როგორც უტყუარი სამხილი მათ წინააღმდეგ. არავითარი თავისმართლება და რაიმეს მტკიცება არ შეიძლება არც ჩვენგან და არც გადარჩენილებისგან – ეს ხელისუფლების თამაშში ჩართვაა.


დამნაშავე ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს და მორჩა!"- წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, შოვში დატრიალებული ტრაგედიისას გადარჩენილებზე შეტევა კობახიძის შემდეგ ამჯერად "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატებმაც განახორციელეს, მათ შორის მიხეილ სარჯველაძემ და მამუკა მდინარაძემ. მათ კობახიძის ნათქვამი გაიმეორეს და სტიქიის ზონაში მოყოლილი და გადარჩენილი ადამიანების სიმართლეში ეჭვი შეიტანეს.


"აპრიორი ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოს ვერტმფრენებმა ან დრონებმა დაიგვიანა - ვერტმფრენის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა აიხსნა ისიც, რომ ვერტმფრენის ადგილზე მისვლა ობიექტურად საჭირო დროზე უფრო ადრე რომ მომხდარიყო, ეს დამატებით რეზულტატის მოტანას ვერ გამოიწვევდა", - აღნიშნული განცხადება შოვის სტიქიასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა. მისივე თქმით, "შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ როცა 4 მეტრის სიმაღლის მასა ჩამოვიდა, მიწაზე მდგარი ადამიანი მასის ზედაპირზე ცოცხალი აღმოჩნდა".


"რაც იქ მოხდა, ყველამ კარგად იცის. დაახლოებით ხომ ვიცით რა სიმაღლის იყო ჩამოსული ღვარცოფის მასა იმ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ. არ იყო არც ერთი და არც ორი მეტრი - გაცილებით მაღალი იყო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთ დროს ადამიანები ამ მასის ზედაპირზე მოექცნენ და მათ იმ წუთას, მყისიერად შველა სჭირდებოდათ, იქ განვითარებული მოვლენების სწორი აღქმა არ არის. გაითვალისწინეთ, რომ საუბარია უზარმაზარ მასაზე, რომელმაც მიწაზე მდგარ ადამიანებს გადაუარა. ჩამოსული მასის განაპირა მხარეებში, სადაც მასა იმ დონის სიმაღლის არ იყო, როცა, მაგალითად, სახლის სიმაღლეს აჭარბებს, შეიძლება ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომ ვიღაც არ ჩაეფლო და არ დაიღუპა.

ასე ვერ წარმომიდგენია, რომ მთელს პერიმეტრზე იდენტური მდგომარეობა იყო და თავდაპირველად ადამიანი ამ მასის ზედაპირზე მოქცეულიყო და შემდეგ ჩაფლულიყო. ეს ჩემი აზრით ფიზიკურად წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაში სპეციალისტების განმარტებებსა და მოვლენის რეალურ აღწერას ვეყრდნობი", - განაცხადა სარჯველაძემ.


ცნობისთვის, ზვავში მოყოლილი და სასწაულებრივად გადარჩენილი ადამიანები ირაკლი კობახიძის გუშინდელ შეურაცხმყოფელ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ, მათ შორის კი ერთ - ერთმა გადარჩენილმა, მარიამ ბე­რი­ა­ნი­ძემ "ოცნების" ლიდერის განცხადებას "ფსკერი" უწოდა და მას ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდა:


"3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე. როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა რომელმაც დაგვარტყა 20 სანტიმეტრიანი კი არა 3 მეტრიანი იყო, მეწყრის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია, ტალახის კიდეზე კი არა მეწყრის შუაგულში ვიყავით და დიახ, 3 საათი!


3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყრის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას, იქნებ 112 ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ. ან იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ სად არის ის ნაპირი სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყრის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს!


იმ ადგილზე ვიყავით გაჭედილები, რომლის გაწმენდა დღეისთვის არ მომხდარა რადგან მეწყრის ყველაზე დიდი ნაწილი მანდაა ჩამოტანილი და მაშველებისთვისაც საშიში ზონაა! ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც მაგრამ ამის აღიარება არა! მთლიანად სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა", - დაწერა მარიამ ბე­რი­ა­ნი­ძემ სოციალურ ქსელში.










0
432
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
432