x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
"საინტერესო ხედვა მაქვს ამ წუთას. ვხედავ, მერწმუნეთ, ასეა!"- ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

image


ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ქვეყნდება მეცნიერულ აღმოჩენებთან დაკავშირებით სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული მისი წინასწარმეტყველებების ვრცელი კრებული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"მეგობრებო,


ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა გვთხოვა, გამოგვექვეყნებინა ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც მეცნიერულ აღმოჩენებთან დაკავშირებით აქვს წარმოთქმული ქალბატონ ლელა კაკულიას.

რედაქციამ რამდენიმე ძალიან საინტერესო ჩანაწერს მოუყარა თავი, რომლებიც მანამდე ქალბატონი ლელას საავტორო გაზეთის სხვადასხვა ნომრებშიც გამოქვეყნდა და მის წიგნებშიც შევიდა.

მათ შორისაა წინასწარმეტყველება სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოს - ფესტოს დისკოს გაშიფრვაზე.

???? 1996 წელი, 26 მაისი

საოცარია! ადამიანები, ანუ მეცნიერები, ვხედავ, ცვლიან დროს, ანუ ციფრებს... წელთაღრიცხვა იწყება ისევ პირველი საუკუნით.

ძალიან გამიჭირდა ახსნა. ალბათ, ეს პერიოდი როცა მოვა, მიხვდებით, რისი თქმაც მინდოდა.

2008 წელი, 1 მარტი

მომავალში მეცნიერება საოცარ მწვერვალებს აღწევს, ნავთობი საჭირო აღარ იქნება. დიახ, ნავთობს ცვლის ენერგია, რომელიც უფრო კარგად ასრულებს ნავთობის როლს. ეს იქნება ჩვეულებრივი მოვლენა.

***

ჩრდილოეთში, ვხედავ, აისბერგები აღარ დნება. გლობალური დათბობა შეჩერდება. მეცნიერები პასუხს ვერ მოუძებნიან ამ მოვლენას, ვერ იპოვიან მიზეზს. უბრალოდ, დედამიწა სახეს იცვლის პერიოდულად, დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ.

***

მსოფლიოში ჩნდება სამი სახის დაავადება. ამ დროს, ვხედავ, კიბოთი, დიაბეტით და სხვ. დიაგნოზით ხალხი აღარ კვდება. ეს სამი სახის დაავადება კი სისხლში არ ჩანს. მას „უჩინარ სიკვდილს“ შეარქმევენ — მიდი და ებრძოლე!

ამ დაავადების პასუხი, ანუ წამალი, ჯუნგლებშია, ერთ-ერთი ცხოველის სისხლზე მზადდება. ეს იშვიათი ცხოველია, როგორია, ბევრმა არ იცის. თუ მათ ფერმებში მოაშენებენ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება...

???? 2008 წელი, 26 სექტემბერი

საინტერესო ხედვა მაქვს ამ წუთას. ეს ნარკომანიას ეხება. ამ უკურნებელ სენს, ვხედავ, ადამიანები მოერევიან. დიახ, მერწმუნეთ, ასეა!

რასაც ვხედავ, ძალიან მახარებს. ვხედავ უდიდეს გამოგონებას, ანუ სისხლზე დამზადებულ წამალს, რომლის მიღების შემდეგ ავადმყოფს, ანუ ნარკომანს, საერთოდ ეკარგება სურვილი ნარკოტიკის მიმართ. როცა წამალი სისხლს შეერევა, ტვინში შეაღწევს და ზუსტად იმ ნერვიულ ქსოვილში ჩაჯდება, რომელიც აკონტროლებს ნარკოტიკის ძლიერ სურვილს. და სურვილიც მომენტალურად გაქრება.

სამედიცინო ტერმინოლოგია არ ვიცი, როგორც ვხედავ, ისე აღვწერე. თუმცა, ყველაფერი გასაგებია.

განსაკუთრებით მიხარია ის, რომ მომავალში ბევრი დაავადების განმკურნავ საშუალებებს ვხედავ. მედიცინის მიღწევები პიკს აღწევს. გამოიგონებენ სხვადასხვა წამლებს და ყველაზე საშიში დაავადებები თითქმის გაქრება დედამიწაზე. ამ პროცესებს ვერაფერი შეუშლის ხელს.

???? 2011 წელი, 19 აპრილი

რაც შეეხება ატომურ სადგურებს, ამაზე მსოფლიო სერიოზულად იმსჯელებს და საერთოდ, მომავალში ახალი გამოგონებები მსოფლიოს შეარყევს.

საწვავს — ნავთობს, სულ სხვა ქიმიური შენაერთები შეცვლის, რომლებიც ადამიანებს არ წამლავს. გამოგონებები, ვხედავ, ძალზე მრავალფეროვანია. ამაზე სერიოზულად იმუშავებენ მსოფლიოს მეცნიერები.

???? 2011 წელი, 20 აპრილი

მოდიან ახალი მეცნიერები, ახალი და მეტად გასაოცარი ტექნოლოგიებით - როგორც სამხედრო, ისე საყოფაცხოვრებო.

***

[ატომური ელექტროსადგურებიდან რადიაციის გაჟონვის შესაჩერებლად] დამცავ საფარებს კი აშენებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მაინც იწყება ჟონვა. რადიაციას მხოლოდ ბეტონის საფარი ვერ აჩერებს. მომავალში ვხედავ მასალას, რომელსაც ურევენ ბეტონს და იქიდან გაჟონვა აღარ მოხდება.

თუკი ატომური ენერგია გამოიგონა ადამიანმა, მისი გაუვნებელყოფაც უნდა შეძლოს. მომავალში ასეც მოხდება. დიახ, ვხედავ, მომავალში უამრავი საკითხია, რაც ჩვენმა დიდმა მეცნიერებმა უნდა მოაგვარონ, გამოიგონონ სიახლეები და ბევრი რამ შეაჩერონ.

ადამიანმა უამრავი დამანგრეველი იარაღი შექმნა, დამცავი კი ნაკლებად. დღეს ეს ჩვენს საუკუნეში ნათლად ჩანს. ამიტომ მსოფლიოს განთქმულ მეცნიერებს ვხედავ, დიდი შრომა მოუწევთ! რა ნაყოფსაც გამოიღებს ეს, ნახავთ!

???? 2011 წელი, 31 ოქტომბერი

ვხედავ, იაპონელი მეცნიერები ეძებენ იმ ნივთიერებას, ანუ მისი მიღების გზას, რომელიც ატომურ ენერგიას შეცვლის.

<...> იაპონელები, და არამარტო იაპონელები, ამერიკელი მეცნიერებიც მიაგნებენ იმ ნივთიერებას, ანუ ენერგიას, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას ასი პროცენტით.

???? 2012 წელი, 21 მარტი

მეცნიერები იგონებენ რაღაც ახალ სითხეს (შესაძლოა ამაზე უკვე იყოს კიდეც ლაპარაკი), რომელიც ბენზინსა და გაზს ნამდვილად შეცვლის. ამაზე მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ, მაგრამ სრულყოფილ შედეგს ჯერ ვერ აღწევენ. მომავალში კი ეს ყოველივე სრულდება.

ვხედავ უამრავ მეცნიერულ აღმოჩენას, რომლებიც ადამიანებს ძნელბედობის ჟამს ძალიან დაეხმარება.

სხვათა შორის, ვხედავ, ქმნიან ატომურ ბომბზე ძლიერ ბომბს… და ეს კარგია. ეს იმდენად შეაშინებს მსოფლიოს, რომ ომზე არასდროს აღარ იფიქრებენ!

???? 2012 წელი, 29 მარტი

ვხედავ ახალი მოდელების თვითმფრინავებს და კატასტროფებიც შეწყდება. საქმე ისაა, რომ ბუნება იცვლება არამხოლოდ მიწაზე, არამედ ჰაერშიც.

ვხედავ, დიდი სამუშაოები ჩატარდება, მთელი მსოფლიო მიიღებს მონაწილეობას.

ვხედავ, რომ ეს ახალი მოდელის თვითმფრინავები ზუსტად ის არის, რაც ადამიანებს სჭირდებათ — უსაფრთხო და საიმედო. ვხედავ, ხალხს აღარ ეშინია საჰაერო მგზავრობისა.

ასევე შეიცვლება ზღვებსა და ოკეანეებში მცურავი ხომალდებიც — ასე ადვილად არ ამოყირავდებიან, არც შეჯახების შედეგად დაიშლებიან.

მოკლედ, მეცნიერების მიერ შემუშავებული სიახლეები დედამიწაზე ყველაფერს შეცვლის. განსაკუთრებით საცხოვრებელ სახლებსა და სხვა შენობა-ნაგებობებზე მახვილდება ყურადღება. ანუ შენობები ისე აიგება, რომ რვა თუ ცხრა ბალიანი მიწისძვრები ვერაფერს დააკლებს.

გამოყენებული იქნება მეცნიერულად მიღებული სამშენებლო მასალები და ბევრი სხვა რამ. შესაბამისად, ასევე იცვლება არქიტექტურაც.

მომავალში ადამიანებს, ვხედავ, არ ეშინიათ ფრენის, ზღვით მგზავრობისა და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხედვაა.

ვხედავ ასევე, რომ თვითმფრინავებს პარაშუტებს მოარგებენ (ეს სულ სხვანაირი პარაშუტებია) და ამით თითოეულ მგზავრს ასი პროცენტით გარანტირებული ექნება სიცოცხლე.

ბევრი რამ შეიცვლება, ადამიანებო, ისე, ვერც კი წარმოიდგენთ.

???? 2013 წელი, 15 აპრილი

ეგვიპტეში დიდი არქეოლოგიური გათხრები დაიწყება, რაშიც მთელი მსოფლიო ჩაერთვება და მართლაც იპოვნიან, აღმოაჩენენ ძალზე უცნაური წარმოშობის ნივთებს...

ასეთი ნივთები მსოფლიოში სხვაგან არსადაა, მხოლოდ ეგვიპტეშია. ეს იქნება დიდი სენსაცია და ის, რაც ხალხს სწამს და ფიქრობს, ყველაფერი თავდაყირა დადგება.

კოსმოსი ამით ერთ პატარა კარს ხსნის. ეს იმიტომ, რომ იმ დროისთვის ადამიანები დიდ გასაჭირში იქნებიან და კოსმოსს სხვა გზა არ ექნება. დრო არ ვიცი, როდის, მაგრამ, ეს აუცილებლად მოხდება.

ასეთი აღმოჩენები საუკუნეების წინაც კეთდებოდა ხოლმე და მომავალშიც განმეორდება. თუმცა ის, რასაც ამის თაობაზე მეცნიერები ამტკიცებენ, სიმართლესთან ახლოს არ არის!

???? 2012 წელი, 7 ივლისი

საქართველო, მინდა მოგახსენოთ ყველას, რომ ერთ-ერთი უძველესი კულტურის კერაა მსოფლიოში, რაზეც არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენები ილაპარაკებს მომავალში.

ჩვენს წარმომავლობასა და კულტურაზე კიდევ ბევრი რამ ამოიწევს საქართველოს ისტორიიდან. საქართველო და ქართველი ხალხი არ არის ხელწამოსაკრავი. სანამ ამერიკა და ევროპა რამეს მოიფიქრებენ, ქართველებს ის უკვე მოფიქრებული აქვთ საუკუნეების წინ. მხოლოდ ხანდახან, დროის რომელიღაც მონაკვეთში ძალა აღმართს ხნავს. მაგრამ საქართველოში მოდის ძალა, რომელიც აღმართსაც მოხნავს და დაღმართსაც ერთდროულად. ასეთი ძალიან დიდი ძალა დევს ქართულ გენში.

???? ამონარიდები გაზეთიდან „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“

???? 2010 წლის დეკემბერი, №49

— ქალბატონო ლელა, იაპონურმა „ჩიმიზუ კორპორეიშნმა“ საზოგადოებას წარუდინა ფანტასტიკური და ძალიან ლამაზი პროექტი წყნარ ოკენეში მცურავი ქალაქების გაშენების შესახებ. ისინი ამტკიცებენ, რომ მომავლის ადამიანებს წყალზე მოდრეიფე პატარ-პატარა ქალაქებში შეეძლებათ ცხოვრება. რამდენად რეალურია ამგვარი ქალაქების დაარსება, მივა კაცობრიობა აქამდე, ან დასჭირდება კი საერთოდ ასეთი დასახლებები?

— ამ და კიდევ სხვა პროექტებსაც განახორციელებენ მომავალში. მეტსაც გეტყვით, ვხედავ სამგზავრო თვითმფრინავის მსგავს ხომალდს წყალზე, რომელიც საფრთხის შემთხვევაში მყისიერად იჭრება ცაში. მას არც გასარბენი ბილიკი სჭირდება და არც სიჩქარის აკრეფა ასაფრენად.

ხომ ვთქვი, მეცნიერები გასაოგნებელ აღმოჩენებს გააკეთებენ-მეთქი და ეს ასეც იქნება.

???? 2012 წლის იანვარი, №61

— ქალბატონო ლელა, საზოგადოებას აინტერესებს, რამდენად მართებულია ვერსია იმის შესახებ, რომ ფესტოს დისკოს წარწერა ქართველურ ენაზეა შესრულებული და ოდესმე თუ მოხერხდება მისი წარმომავლობის მეცნიერული დასაბუთება?

— ეს წარწერები შესრულებულია მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ანბანით, რომელიც აუცილებლად გაიშიფრება და დადგინდება, რომ ის სწორედაც ქართველური ანბანია!!! ეს ზუსტად ისე ასრულდება, როგორც ვამბობ.

ამ ანბანის გასაღები თავად დისკოზეა და მას აუცილებლად მიაგნებენ მეცნიერები, ოღონდ ამას ცოტა სხვა ტვინი სჭირდება, სხვაგვარი, ასე ვთქვათ, მიდგომა.

— გაშიფვრას ქართველები შეძლებენ თუ უცხოელები?

— ქართველები! და იცით, რას აღმოაჩენენ? რომ დისკოზე დატანილია კოსმოსიდან წამოსული ინფორმაცია. შედარებისთვის: აი, როგორც მე ვიღებ ინფორმაციას კოსმოსიდან, სწორედ ისეთი რამაა მასზე ამოტვიფრული, რაც ხალხს უნდა სცოდნოდა. ეს იქნება დასტური კოსმოსთან ურთიერთობისა, ანუ იმისა, რომ კოსმოსს ნებისმიერ დროსა და ეპოქაში აქვს უწყვეტი კავშირი დედამიწასთან.

— რამდენად მნიშვნელოვანი შინაარსისაა ეს ინფორმაცია?

— ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან. ეს არის დასტური დედამიწაზე სიცოცხლის გაგრძელებისა და კიდევ, ცოტა მიჭირს, სახელი დავარქვა იმას, რასაც ვხედავ, მაგრამ ეს წარწერა არის რაღაც სწავლებისმაგვარი, თითქოს დარიგებასავით, რომ არის დედამიწაზე რაღაც ისეთი, რასაც ადამიანი არ უნდა შეეხოს.

???? 2013 წლის ივნისი, №75

— ქალბატონო ლელა, ცოტა ხნის წინ დასავლელმა მეცნიერებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს. მათი მტკიცებით, 15 ათასი წლის წინ ევროპელებისა და აზიელების წინაპრები საერთო ენაზე საუბრობდნენ, ენაზე, რომელიც კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში წარმოიშვა. რამდენად ახლოსაა ეს მოსაზრება რეალობასთან?

— მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს ისტორია იმდენად ძველია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია იმ თარიღის თუნდაც დაახლოებით დასახელება, საიდან იწყება საქართველოს არსებობის ათვლა.

ენასთან დაკავშირებით კი უფრო მეტსაც გეტყვით, ვიდრე ეს მეცნიერებმა ბრძანეს: ქართული ენა — ეს ღმერთების ენაა! და მე ამას გადატანითი მნიშვნელობით არ ვამბობ.

დიახ, ბატონებო, ქართული ენა ზეკოსმიური განზომილებიდან მოდის! ეს ვიცი ზუსტად და ამაში გარწმუნეთ თქვენც.

სხვათა შორის, არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენები დაადასტურებს, რომ მსოფლიოში ბევრი რამ

საქართველოს უკავშირდება.

???? 2014 წლის იანვარი, №80

— ქალბატონო ლელა, ამერიკულ რადიოსთან ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ, რომ უძველეს წარსულში არსებობდა თანამედროვე მსოფლიოზე ბევრად მეტად განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც რადიაციამ გაანადგურა და... ამის შემდეგ გამოჩნდნენ ადამი და ევა. ანუ <...> ეგვიპტის პირამიდები და სხვა ბევრი უცნაურობა დედამიწაზე ძველი ცივილიზაციის ნაშთებია?

— ნამდვილად ასეა. ეგვიპტის პირამიდები არც ჩვენს წელთაღრიცხვაში აშენებულა და არც ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ანუ ისინი კიდევ მეტად ძველია, ბევრად ძველი.

— ახლახან ორმა გერმანელმა არქეოლოგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ხეოფსის პირამიდა, მაგალითად, 4.5 ათასი კი არა, როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი, არამედ 20 ათასი წლისაა.

— არა. კიდევ უფრო ძველია. პირამიდები სწორედ იმ მაღალგანვითარებულ ცივილიზაციას ეკუთვნის, რომელზეც მე ამერიკულ რადიოში ვისაუბრე.

— მაშ, რატომ ჰქვიათ მათ ფარაონების სახელები?

— ფარაონებმა თავ-თავიანთი მმართველობის დროს ისინი უბრალოდ შეაკეთეს, გაარემონტეს, ასე ვთქვათ, და საკუთარი სახელები უწოდეს: ჯოსერის, ხეოფსისა და ასე შემდეგ. ეგვიპტელებს მათ აგებასთან ხელი არ აქვთ..."- ვკითხულობთ ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

0
1026
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1026