x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351979
  • სურათი:508430
ცისტიტი – სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და პრევენცია
image

ცისტიტი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ის ორივე სქესის წარმომადგენელთან გხვდება, თუმცა ანატომიური აგებულების გამო, ცისტიტის შემთხვევები ქალებში უფრო ხშირია.


რა არის ცისტიტი? როგორია მისი სიმპტომები და პრევენციის გზები? – ამ და სხვა კითხვებს ბლოგში ვუპასუხებთ და მოგცემთ რეკომენდაციებს, რომლებიც ცისტიტის მართვას ან/და თავიდან აცილებას გაგიმარტივებთ.


რა არის ცისტიტი?



ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა. როგორც წესი, მას ბაქტერიული ინფექცია იწვევს, ყველაზე ხშირად კი ნაწლავური ჩხირი (E. coli). ის, ჩვეულებრივ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბინადრობს, მაგრამ შეუძლია შეაღწიოს შარდის ბუშტში და ანთება გამოიწვიოს.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცისტიტი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში მეტად არის გავრცელებული. საქმე ის არის, რომ, კაცებთან შედარებით, ქალების შარდსადენი მილი უფრო მოკლეა, რაც შარდის ბუშტში ბაქტერიების შეღწევას აადვილებს.

image

ცისტიტის ნიშნები



ცისტიტზე შეიძლება მიგვანიშნებდეს:


  • ხშირი შარდვა;
  • ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვის დროს (დიზურია);
  • მუქი, მღვრიე ან/და სისხლიანი შარდი;
  • მუცლის ქვედა ნაწილის ან მენჯის ტკივილი;
  • შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება;
  • მსუბუქი ცხელება (ზოგიერთ შემთხვევაში).

თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეამჩნიეთ, დროულად მიმართეთ სპეციალისტს დიაგნოსტიკისა და შესაბამისი მკურნალობისთვის.


ცისტიტის მკურნალობა


ცისტიტის დიაგნოსტირებისთვის ინიშნება ლაბორატორიული ანალიზი, რომელიც ადასტურებს ან გამორიცხავს ინფექციის არსებობას. ბაქტერიული ცისტიტის შემთხვევაში, მკურნალობა ანტიბიოტიკებით წარიმართება. ექიმები ხაზს უსვამენ სრულფასოვანი მკურნალობის აუცილებლობას, რისთვისაც საჭიროა სრული კურსის დასრულება იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები შემსუბუქდება ან გაქრება.


ანტიბიოტიკების გარდა, ცისტიტის დროს აუცილებელია, ბევრი წყლის დალევა და ხშირი შარდვა, რათა საშარდე გზებიდან ბაქტერია სწრაფად გამოიდევნოს. ასევე, სასურველია ისეთი გამღიზიანებლების თავიდან არიდება, როგორებიცაა კოფეინი, ალკოჰოლი და ცხარე საკვები. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არ არის მიზანშეწონილი შარდის ხანგრძლივი დროით შეკავება.


იმ შემთხვევაში, თუ ცისტიტის ეპიზოდები მკურნალობის დასრულების შემდეგ ისევ განმეორდა, აუცილებელია დაინიშნოს დამატებითი გამოკვლევები ინფექციის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.


წაიკითხეთ ჩვენი ბლოგი უროლოგი – თუ სპეციალისტს ეძებთ, გაიცანით თოდუას კლინიკის მაღალკვალიფიციური უროლოგები და დაჯავშნეთ ვიზიტი თქვენთვის სასურველ სპეციალისტთან.


ცისტიტი ბავშვებში


შედარებით იშვიათად, თუმცა ცისტიტი გვხვდება ბავშვებშიც. მას ხშირად „პედიატრიულ ცისტიტს“ უწოდებენ და მოზრდილთა ასაკში განვითარებული შარდის ბუშტის ანთების მსგავსი სიმპტომებით ვლინდება.


ბავშვებში ცისტიტის გამომწვევი მიზეზებია:


  • ბაქტერიული ინფექცია – მას იწვევს ბაქტერიები, როგორიცაა E. coli. საშარდე გზებში ბაქტერიის შეღწევა შეიძლება მოხდეს არასათანადო ჰიგიენის, ტუალეტის გამოყენების შემდეგ უკნიდან წინ გაწმენდის ან შარდის ბუშტის სრულად არდაცლის გამო;

  • სტრუქტურული დარღვევები – ზოგიერთ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს სტრუქტურული დარღვევები საშარდე გზებში, რაც მათ უფრო მიდრეკილს ხდის ცისტიტის განვითარებისკენ. ასეთი დარღვევაა, მაგალითად, საშარდე გზების ობსტრუქცია და ვეზიკოურეთერალური რეფლუქსი (VUR), რომლის დროსაც შარდი მიედინება უკან, შარდის ბუშტიდან თირკმელებში;

  • შარდვის დისფუნქცია – ზოგიერთ ბავშვს შეიძლება უჭირდეს შარდის ბუშტის სრულად დაცლა, რამაც შეიძლება გაზარდოს ცისტიტის განვითარების რისკი.

რადგანაც ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები ვერ გადმოსცემენ სიმპტომებს ან უჭირთ ჩივილების აღწერა, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ ნიშნებს, როგორებიცაა:


  • გახშირებული შარდვა ან ჭარბად შარდის გამოყოფა;
  • ტირილი ან დისკომფორტი შარდვის დროს;
  • უსიამოვნო შარდი;
  • სისხლი შარდში;
  • ცხელება;
  • გაღიზიანება;
  • ცუდი კვება (ჩვილებში).

ცისტიტი ორსულობისას


ცისტიტის ან საშარდე გზების ინფექციის (UTI) რისკი ორსულობისას იზრდება, რაც ჰორმონალური ცვლილებებითაა განპირობებული. ასევე, მზარდი საშვილოსნოს ზეწოლამ შარდის ბუშტზე შეიძლება შეაფერხოს შარდის ნაკადი და გაზარდოს ბაქტერიებით ინფიცირების ალბათობა.


ორსულობისას ცისტიტი განსაკუთრებულ ყურადღებასა და დროულ რეაგირებას მოითხოვს. არანამკურნალებმა ცისტიტმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული გართულებები, მაგალითად, თირკმლის მწვავე ანთება.


ორსულობის დროს ცისტიტის სამკურნალოდ, სხვა შემთხვევების მსგავსად, ანტიბიოტიკები ინიშნება, თუმცა აუცილებელია პრეპარატები ექიმმა სიფრთხილით შეარჩიოს. ასევე, მნიშვნელოვანია პაციენტმა დაასრულოს მკურნალობის სრული კურსი ინფექციის ბოლომდე აღმოსაფხვრელად.


ცისტიტის პრევენცია


ცისტიტის პრევენცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი დროული მკურნალობა. ცისტიტის განვითარების რისკის შესამცირებლად ექიმის ძირითადი რჩევები ამგვარია:


  • შეინარჩუნეთ ჰიდრატაცია დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყლის დალევით;
  • მოშარდეთ რეგულარულად და ყოველ ჯერზე სრულად დაცალეთ შარდის ბუშტი;
  • ტუალეტის გამოყენების შემდეგ საწმენდი საშუალება გამოიყენეთ წინიდან უკან, რათა ბაქტერიები არ გადავიდეს ანუსიდან ურეთრაში;
  • მოერიდეთ უხეშ საპონს ან სხვა პოტენციურ გამღიზიანებლის გამოყენებას სასქესო ორგანოზე;
  • ატარეთ ნატურალური ბოჭკოებისგან დამზადებული თავისუფალი, სუნთქვადი საცვალი.

გახსოვდეთ ისიც, რომ უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად, დაგეხმარებათ პროფილაქტიკური გამოკვლევები – Check-Up. იმ შემთხვევაში კი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნები თქვენთვის უკვე ნაცნობია, გადადით ბმულზე და ახლავე დაჯავშნეთ ვიზიტი ექიმთან.



R

0
184
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0