კულტურა ვინ იყვნენ პირველი “უკვდავები,” რომლებიც უძველეს წერილობით წყაროებში მოიხსენიეს? 2023, 18 ივლისი, 23:46 უკვდავება ადამიანთა მოდგმის მრავალსაუკუნოვანი ოცნებაა. ამიტომ მანაც ისევე, როგორც ყველა სხვა ოცნებამ, საკუთარი ასახვა უპირველეს ყოვლისა მითებში, ლეგენდებსა და ზღაპრებში ჰპოვა. ისტორიაში ყველაზე პირველი “უკვდავი” მესოპოტამიელი ურუქია, რომელიც სხვა ყოველმხრივ ჩვეულებრივი ადამიანი იყო და საკუთარი თანამედროვეებისგან მხოლოდ იმით გამოირჩეოდა, რომ უკვდავი გახლდათ. ლეგენდის თანახმად არსთაგამრიგემ მას ადამიანთა ცხოვრებაზე დაკვირვება არგუნა ბედად. ურუქი გვხვდება თქმულებაში გილგამეშის შესახებ, სადაც ის ამ უკანასკნელის სამეფო კარზე მსახურობს და მონარქის მასწავლებლადაც კი გვევლინება, მიუხედავად იმისა, რომ გილგამეშზე მთელი 20 საუკუნით უფრო ხნიერია.
გარდა ურუქისა, მესოპოტამიური მითოლოგია ასევე იცნობს ცხრა უკვდავ ქალსაც, რომლებიც ახლად დაბადებული ჩვილის სასთუმალთან იკრიბებოდნენ და მის მომავალს წინასწარმეტყველებდნენ. ამაზეა საუბარი ენქიდუს ისტორიაში, სადაც ეს ცხრა უკვდავი წინასწარმეტყველი ქალი პირველად არის მოხსენიებული. უკვდავების თემა არც უძველესი დასავლური კულტურებისთვის იყო უცნობი. მაგალითად ეტრუსკული მითოლოგია იცნობს შარონს — კაცს, რომელსაც ერთადერთი სურვილი სტანჯავდა: სიკვდილი სურდა, თუმცა ვერ მომკვდარიყო. უკვდავები არიან ასევე ძველი ბერძენი და რომაელი ღმერთებიც. მათი უკვდავების საიდუმლო საკვებში მდგომარეობდა, რომელსაც ამბროსია ეწოდებოდა. სწორედ ამბროსია უნარჩუნებდა ძველ ბერძენ ღმერთებს უკვდავებასაც და მარდიულ ახალგაზრდობასაც. დასავლურ მითოლოგიაში უკვდავები მაქციები და ვამპირებიც არიან. არსებობს სახალისო მოსაზრება, რომ ისტორიები მსგავსი მითოლოგიური არსებების შესახებ ნამდვილი უკვდავების მიერ არის მოგონილი, რათა მათ საკუთარი უსასრულო სიცოცხლის საიდუმლო არავის გაუმხილონ. მაქციების და ვამპირების არსებობას ერთი არსებითი მიზანიც აქვს: უკვდავების იდეის გაუფასურება, რათა ადამიანებმა უსასრულო სიცოცხლე აღარ მოისურვონ, როცა ისეთ თავზარდამცემ არსებებზე დაიწყებენ ფიქრს, როგორებიც ჩვენს მიერ ამ აბზაცში მოხსენიებული ქმნილებანი გახლავან. ძველ თქმულებათა ძალიან საინტერესო პერსონაჟია ასევე აჰასფერი — მარადიული ურია, რომელსაც მაცხოვარმა საკუთარ მეორედ მოსვლამდე ხეტიალი მიუსაჯა. გადმოცემის თანახმად აჰასფერი გადაეყარა გოლგოთას გზაზე შემდგარ იესო ქრისტეს და დასვენებაში ხელი შეუშალა მას. ამის გამო ის მაცხოვარმა დაწყევლა და ზუსტად ეს წყევლაა მისი უკვდავება. საუკუნიდან საუკუნემდე მთელ პლანეტაზე დაძრწის აჰასფერი და ცდილობს, მოსვენება იპოვოს, თუმცა ვერ პოულობს. უკვდავება შუა საუკუნეების თქმულებების ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი თემაც იყო. იმჟამინდელ ევროპაში ალქიმიკოსები დაჟინებით ეძებდნენ ფილოსოფიურ ქვას, რომლის მეშვეობით მათი აზრით უკვდავების მოპოვება იყო შესაძლებელი. უკვდავების შესახებ დღესაც ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა ასეთი მოსაუბრეებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ მათ მარადიული სიცოცხლე არ სურთ და როცა ამის დრო მოვა, საფლავში სამუდამო განსვენება ურჩევნიათ. ძნელია, ასეთი ადამიანების აზრებს ჩასწვდე, რადგან სიკვდილი უდავოდ ცნობიერების პროცესის შეწყვეტაა, ხოლო ამაში სანატრელი და მიმზიდველი რა უნდა იყოს, სრულიად გაუგებარია. 278 შეფასება არ არის
|