საქართველო რა ოდენობის თანხებს მიიღებს საქართველო ევროკავშირისგან წევრად გახდომის შემთხვევაში? 2023, 23 ივნისი, 11:29 ევროკავშირში ინტეგრაცია რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის უსწრაფესად ფეხზე წამოსაყენებლად სრულიად უნიკალური შესაძლებლობაა, ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა საინტერესოა, როგორ გამოიხატება ეს ყოველივე კონკრეტულ რიცხვებში?
დღეს საქართველოს ევროკავშირი უკვე ეხმარება; სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად ევროკავშირისგან ყოველწლიურად ჩვენ უკვე 290 მილიონ ლარამდე თანხას ვიღებთ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად გახდომის შემდეგ მოეცემა. ამ საკითხზე საუბარი ამჟამად მხოლოდ ვარაუდის დონეზეა, მაგრამ თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, საკმაოდ ცხად და რეალისტურ დასკვნებს გავაკეთებთ. ასე მაგალითად ბულგარეთმა ევროკავშირისგან 2014-2021 წლებში 15 მილიარდი ევრო მიიღო. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ და ამ რიცხვს მისაღებ თანხასთან შევაფარდებთ, ევროკავშირის წევრი რომ ვყოფილიყავით, იმავე წლებში ჩვენ 8 მილიარდი ევრო უნდა მიგვეღო — ანუ წელიწადში 1 მილიარდი ევრო. ეს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3, 5 %-ია წელიწადში. ანუ რეალურად ევროკავშირის წევრობა ნიშნავს +3, 5 %-ით ეკონომიკის დაბუსტვას. ანუ დამოუკიდებლად თუ გვქონდა ეკონომიკის წლიური 10 %-იანი ზრდა (როგორც ეს გასულ წელს დაფიქსირდა) ევროკავშირთან ერთად ეს რიცხვი 13, 5 %-მდე იქნებოდა. მაგრამ მოდით, მომავალსაც შევხედოთ და ვნახოთ, თუ რა მოცულობის თანხას მიიღებს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით საქართველოს სიდიდის ხორვატია 2022-2027 წლებში. 30 მილიარდი ევრო — ასეთია ხორვატიისთვის ევროკავშირის მხრიდან დახმარების სახით დროის აღნიშნულ მონაკვეთში გამოყოფილი თანხის სრული მოცულობა. ანუ საუბარია წელიწადში 5 მილიარდ ევროზე, რაც ჩვენი ამჟამინდელი წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის მეექვსედს შეადგენს (ანუ დაახლ. 16, 67 %-ს წელიწადში). მაგრამ ეს რასაკვირველია კიდევ არ არის ყველაფერი. ევროკავშირი არის თავისუფალი გასვლა მსოფლიოს უმდიდრეს ბაზარზე და უსაფრთხოებაც, რაც გაცილებით უფრო მეტ ინვესტიციას გულისხმობს. ცნობილი ფაქტია, რომ ინვესტორები თანხას ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ბევრად უფრო დიდი ენთუზიაზმით აბანდებენ, ვიდრე არაწევრ ქვეყანაში. ამას დავუმატოთ სწავლის, დასაქმების, სამედიცინო სერვისების და სხვა ათასგვარი სარგებლის მიღების სრულიად უნიკალური და ფანტასტიკური შესაძლებლობებიც ევროკავშირის ათეულობით წევრ ქვეყანაში და კარგად მიხვდებით, თუ რას ვკარგავთ, ჯერჯერობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა რომ არ ვართ. 325 1-ს მოსწონს 1-ს არა
|