კულტურა რამდენიმე ყველაზე საინტერესო ფაქტი ძველი რომაელების შესახებ 2023, 22 ივნისი, 0:10 ძველი რომი უდიდესი ცივილიზაციის კერა იყო. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში მისმა ფართობმა 6, 5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს მიაღწია. ძველ რომში ცხოვრობდა 90 მილიონამდე მოსახლე და მის უსაფრთხოებას მუდმივად კარგად გაწვრთნილი და გასაოცრად ორგანიზებული 32 ლეგიონი იცავდა, რომელთა წინაშე არცერთ სხვა სახელმწიფოს გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნდა.
ძველმა რომმა უზარმაზარი ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ცივილიზაციის ფორმირების პროცესზე. ჩვენი ანუ დასავლური ცივილიზაციის უამრავი შტრიხი სწორედ ძველი რომიდან იღებს სათავეს. მოდით, გადავხედოთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს ამ გასაოცარი სახელმწიფოს ცხოვრებიდან: 1. ძველი რომის სახელმწიფოებრივი წყობა საწყის ეტაპზე ოლიგარქიული ტიპის დემოკრატია იყო. დასავლეთის ამ ვრცელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ ამბად გახლდათ მიჩნეული საარჩევნო ხმების ყიდვა. ამომრჩევლები იყვნენ მამრობითი სქესის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ ხმებს სენატის წევრობის მსურველ მდიდარ მოქალაქეებზე სიამოვნებით ყიდდნენ. 2. ძველ რომში უმძიმეს ცოდვად ითვლებოდა არჩევნების გაყალბება. არჩევნები ძველ რიმაელთა რწმენით კაპიტოლიუმის იუპიტერის მიერ იყო კურთხეული და ამიტომ მისი გაყალბება უზენაესი ღვთაების წინააღმდეგ ამბოხს და საზარელ მკრეხელობას ნიშნავდა. 3. ნაყინი პირველად ძველ რომში გამოიგონეს. მას თაფლის, ყინულის, თოვლისა და სხვადასხვა ხილის წვენებისგან ამზადებდნენ. 4. გაგიკვირდებათ და ძველ რომში კარგი ჭამა-სმა არ იცოდნენ. სავარაუდოდ ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ეს სამხედრო ცივილიზაცია გახლდათ და რესპუბლიკის არსებობის საწყის ეტაპზე მისი თითქმის პრაქტიკულად ყველა თავისუფალი რომაელი მოქალაქე არმიაში მსახურობდა, რომაელ ჯარისკაცებს კი გემრიელი კვება სამარცხვინოდ მიაჩნდათ. ყველაზე ხშირად ძველი რომაელები ჭამდნენ პურს, ცოტაოდენ ზეთისხილს, ბოსტნეულის სუპს და ფაფას. ხორცი ძალიან იშვიათი დელიკატესი იყო, რაც მხოლოდ იმ ადამიანებს ჰქონდათ, ვინც სოფლად ცხოვრობდა და ნადირობა და თევზჭერა შეეძლო. მოსახლეობის უმეტესობისთვის კი ხორცი და მისგან დამზადებული კერძები მიუწვდომელ ფუფუნებას წარმოადგენდა. 5. ანტიკურ სამყაროში ადამიანები დაბლები და სუსტები იყვნენ. ამიტომ თანამედროვე 100 კილოგრამი წონის და 185 სანტიმეტრის სიმაღლის ადამიანი იქ ნამდვილი გოლიათი იქნებოდა: ძველი რომაელები ხომ საშუალოდ სულ რაღაც 50 კილოგრამს იწონიდნენ, ხოლო სიმაღლით 155-160 სანტიმეტრი გახლდნენ. 202 შეფასება არ არის
|