სხვა ბანაობა და ჰიგიენა: ფაქტები გასული საუკუნეების წიაღიდან, რომლებიც გაგაოცებთ 2023, 10 ივნისი, 0:53 ბანაობას და სხეულის ჰიგიენის დაცვას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ბევრ რელიგიასა და კულტურაში აღწერილია განბანვის რიტუალები, რომლებიც განწმენდის და განახლების ფუნქციის მატარებელი იყო. ძველ საბერძნეთში არსებობდა მითი ქალღმერთ აფროდიტეზე, რომელსაც ყოველი განბანვის შემდეგ ქალწულობა უბრუნდებოდა.
საქართველოში დღემდე აღმოჩენილთაგან უძველესი არის არმაზისხევის აბანო, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეებით თარიღდება. ძველ რომში, იმპერატორ კონსტანტინეს დროს (ახალი წელთაღრიცხვის 275-337 წლები) 900 საჯარო აბანო იყო. თითოეულ ამ აბანოს რომის მოქალაქეთა ჭუჭყისგან დაცვის გარდა ორთოპედიული დანიშნულებაც ჰქონდა. ძველ რომში აბანოების შენობაშივე არსებობდა სილამაზის სალონები და აქვე იყვნენ მოცეკვავე ქალებიც, რომლებიც აბანოებში გამართულ საუბრებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. რომაელებმა სხეულის დაბანვის კულტურა მთელ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში გაავრცელეს, თუმცა შუა საუკუნეები დაიწყო და სხეულის დაბანვის კულტურა დავიწყებას მიეცა. ეს მთელი 700 წელი ანუ მე-5 საუკუნიდან მე-12 საუკუნემდე გაგრძელდა, სანამ ჯვაროსნები აღმოსავლეთში აბანოთა კულტურას ხელმეორედ ეზიარებოდნენ. მათ ეს კულტურა ევროპაშიც ჩამოიტანეს, თუმცა რელიგია სასტიკად აღუდგა წინ მის დანერგვას. რელიგიის მსახურებმა საზოგადოებრივი აბანოების კულტურა “გარყვნილებად” მონათლეს და ბრძოლა გამოუცხადეს მას. ამას დაემატა მე-15 საუკუნეში სამხრეთ ამერიკიდან შემოტანილი სიფილისის ეპიდემიაც და უფრო მოგვიანებით 30-წლიანი ომიც, რომელსაც მე-17 საუკუნეში მძვინვარე შავი ჭირის ეპიდემია დაერთო თან. სწორედ ამ უბედურებათა გამო ის საზოგადოებრივი აბანოებიც დაიხურა, რომლებიც მანამდე აქა-იქ ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. ამიტომ მთელი საუკუნეების მანძილზე ევროპაში ტანს არ იბანდნენ. იგივე ხდებოდა რუსეთშიც. არმაზისხევის აბანოს ნაშთი საქართველოში კი ამ პერიოდში საზოგადოებრივი აბანოები არსებობდა. ცნობილი ფაქტია, რომ მე-18 საუკუნის მიწურულს აღა-მაჰმად ხანმა თბილისურ გოგირდოვან აბანოში იბანავა. მას უთხრეს, რომ თბილისური აბანო მამაკაცურობას დაუბრუნებდა, მაგრამ ეს რომ ასე ვერ მოხდა (აღა-მაჰმად ხანი საჭურისი გახლდათ), გაცოფებულმა ყაჯარმა დამპყრობელმა თბილისურ აბანოთა დანგრევის ბრძანება გასცა. მე-19 საუკუნემდე ევროპასა და რუსეთში ტანს იპუდრავდნენ და პარფიუმერული საშუალებებით იმუშავებდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ებანავათ. “ფხანა ბანაობის ნაცვლად” — ეს იმ პერიოდის დევიზია. ევროპასა და რუსეთში მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აღორძინდა ბანაობის კულტურა, რადგან ადამიანები მიხვდნენ, რომ სხეულის ჰიგიენის დაცვით რიგ დაავადებათა თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. სწორედ ამიტომ აღორძინდა საზოგადოებრივ აბანოთა კულტურა. ამის პარალელურად შეძლებულმა ადამიანებმა საკუთარ სახლებშიც დაიწყეს სააბაზანოების და საშხაპეების მოწყობა. 296 შეფასება არ არის
|