x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სენსაციური კვლევა: ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, დიდხანს ცოცხლობენ
როგორც ჩანს, არ ღირს, რომ წიგნების კითხვის მნიშვნელობა დავაკნინოთ, რადგან როგორც რამდენიმე წლის წინ შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთ-ერთი სერიოზული და ამასთანავე სენსაციური სამეცნიერო კვლევა ცხადჰყოფს, ტექსტების მეშვეობით მწერალთა შინაგანი სამყაროსა და პერსონაჟების ცხოვრების გაცნობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს.


კვლევა სრულფასოვნად არის გამოქვეყნებული ჟურნალში Social Science and Medicine. აღნიშნული კვლევის ფარგლებში იელის უნივერსიტეტის მკვლევარები 2008-2016 წლებში 50 წელს გადაცილებულ 3635 მონაწილეს დააკვირდნენ. მკვლევარებმა მონაწილეები დაყვეს 3 ძირითად ჯგუფად: პირველ ჯგუფში შემავალი ადამიანები სრულებით არაფერს არ კითხულობდნენ. მეორე ჯგუფში შემავალი ადამიანები კითხვას კვირაში 3, 5 საათს უთმობდნენ, ხოლო მესამე ჯგუფში შემავალი ადამიანები კითხულობდნენ 3, 5 საათზე მეტხანს.


მკვლევარები მთელი 12 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ სამივე ჯგუფში მყოფ მონაწილეებს. საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტს კითხულობდნენ, აღმოჩნდნენ ქალები უმაღლესი განათლებით, რომლებსაც მაღალი შემოსავლები ჰქონდათ.


კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მკითხველთა ორივე ჯგუფში შემავალი ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე დანარჩენები. ამასთანავე, მკითხველებმა, რომლებიც კვირაში 3, 5 საათზე მეტს კითხულობდნენ, მთელი 23 თვით უფრო დიდხანს იცოცხლეს, ვიდრე იმ ადამიანებმა, რომლებიც არაფერს არ კითხულობდნენ. მკითხველებმა იცოცხლეს დიდხანს - განურჩევლად სქესისა, მატერიალური შეძლებისა, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა. გაირკვა, რომ კვლევის 12 წლის განმავლობაში წიგნების მკითხველებმა მთელი 20 %-ით შეიმცირეს საკუთარი სიკვდილიანობის რისკი.



გარდა ამისა კვლევამ ისიც გამოავლინა, რომ წიგნებს ვინც კითხულობს, მათ სერიოზული უპირატესობა აქვთ იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც ჟურნალებს კითხულობენ.


მიზეზი, თუ რატომ არის წიგნების კითხვა სიცოცხლის გახანგრძლივების თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჟურნალების, მდგომარეობს იმაში რომ წიგნი მეტ კოგნიტურ შესაძლებლობებს მოითხოვს. წიგნების კითხვას ადამიანი მაღალი კოგნიტური შესაძლებლობებით იწყებს და გარდა ამისა, წიგნების კითხვა თავის მხრივაც ამაღლებს ინტელექტს, რაც ადამიანს გადარჩენაში ეხმარება.


ამგვარად, წიგნი რომ ადამიანის ერთგული მეგობარია, ეს რა ხანია უკვე სამეცნიერო კვლევითაც არის დადასტურებული. ამიტომ იკითხეთ წიგნები და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე.


კითხვა

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0