საზოგადოება "ერთადერთი შეცდომა, რაც მან დაუშვა, ალბათ, 16 წლის ასაკში იმ ნაძირალაზე გათხოვება იყო" - რას ამბობს ყოფილი ქმრის მიერ მოკლული გოგოს ახლობელი? 2023, 7 ივნისი, 15:22
ორიოდე დღის წინ ჩვენ ქვეყანაში კიდევ ერთი საზარელი ფემიციდის შემთხვევა დაფიქსირდა, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩოშვილმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი აიძულა მის ავტომობილში ჩამჯდარიყო, რის შემდეგაც ბრალდებულმა ყოფილი ცოლი თოკით გაგუდა, მეორე დღეს ლაჩოშვილმა გვამი ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო.
საქმე მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გარდაცვლილს დარჩა 11 წლის ქალიშვილი, იგი ქმარს დაახლოებით 7 წლის წინ დაშორდა, ამ ხნის განმავლობაში ის მშობლებთან თემქაზე ცხოვრობდა ქირით, თუმცა მამა შარშან დაეღუპა და დედა ემიგრაციაში წავიდა. სახლი ჰქონდათ, მაგრამ ვალი დაედოთ და გაყიდეს. "კვირის პალიტრამ" მარიტა მაზიაშვილის ერთ-ერთი ახლობელი ჩაწერა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: - არა მგონია, მხოლოდ მე ვიყო შოკში მარიტას გარდაცვალების გამო. ვინც მას იცნობდა, დამეთანხმება, რომ ასეთი ლაღი, სიკეთით სავსე, მუდამ დასახმარებლად მზადმყოფი ადამიანი იშვიათია, ასევე - უსაზღვროდ მშრომელი და მოსიყვარულე დედა. თავისი 11 წლის თეკლასთვის არაფერი ენანებოდა. ერთადერთი შეცდომა, რაც მან დაუშვა, ალბათ, 16 წლის ასაკში იმ ნაძირალაზე გათხოვება იყო, რომელმაც შეიწირა. მარიტა მას შემდეგ ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა თავისი შრომით. ბოლოს ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში მუშაობდა, სადაც ასევე ყველას სიყვარული დაიმსახურა. შვილის გაზრდაში კი მას მშობლები ეხმარებოდნენ. ქმართან განქორწინების შემდეგ ის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. რაც შეეხება მკვლელს, მასთან მარიტა დიდი ხნის გაშორებული იყო. ამ დროს პატარა თეკლა საბავშვო ბაღის დაბალ ჯგუფში დადიოდა. მარიტა მაშინ ამბობდა, თეკლა ბაღს ჯერ კიდევ შეუჩვეველია, ალბათ, მე ვენატრებიო და ბავშვი ბაღიდან დროზე ადრე გამოჰყავდა, სამსახურში მიჰყავდა ხოლმე, შემდეგ დედა-შვილი ერთად მიდიოდა შინ. - ამ დროს ყოფილი ქმარი თუ კონტაქტობდა მასთან, თუ მიდიოდა მარიტას სამსახურში? - გაშორების შემდეგ მას მარიტასთან მისვლა-მოსვლა არ შეუწყვეტია. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ სამსახურში აკითხავდა. მარიტას არ სიამოვნებდა, მაგრამ კონტაქტს ვერც შეწყვეტდა, რადგან საერთო შვილი ჰყავდათ, სხვა მასთან საერთო არაფერი ჰქონდა. თანაც, ეს ნაძირალა არც ემუქრებოდა, უბრალოდ, მიდიოდა და მარიტას ამაზე ნერვები ეშლებოდა. მუქარები, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაიწყო, თუმცა, სხვებმა ამაზე არაფერი იცოდნენ, მარიტა ამაზე არ ლაპარაკობდა. - გარდაცვლილის ყოფილმა ქმარმა აიყვანა ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდებული ფსიქიკურად არის დაავადებული და ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. - თუ ამას იმიტომ აკეთებს, რომ პატიმრობა აარიდოს, მაშინ უსამართლო კანონმდებლობა გვქონია და ყველა საფრთხის ქვეშ ვართ. პირადად ვიცნობ ამ კაცს, ის გამორჩეული იმით არის, რომ არამზადა და უსაქმურია; თავის სიცოცხლეში, კომპიუტერთან ჯდომის გარდა, არაფერი გაუკეთებია და არც აპირებდა გაკეთებას. ფსიქიკურად გაუწონასწორებლობას არ ამჟღავნებდა. ყოველ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ადამიანმა ამდენი რამ მოიფიქროს - ავტომანქანა იქირაოს, თოკი მოიმზადოს ყოფილი ცოლის დასახრჩობად; მანამდე კი ისე დატკბეს, რომ ყოფილი ცოლი, რომელსაც მასთან კონტაქტი არ სიამოვნებს, ავტომანქანაში ჩაჯდომაზე დაითანხმოს.(განაგრძეთ კითხვა>>>) 485 3-ს მოსწონს
|