სხვა გარი დალი: ამერიკელი, რომელიც რიყის ქვების გაყიდვით მილიონერი გახდა 2023, 2 ივნისი, 23:18 ნათქვამია, ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს, ზოგისა კი ოქროც ვერაო. არადა, ის, რასაც გარი დალი ყიდდა, მართალია ჩხრიალებდა, მაგრამ მთლად ოქროც ვერ იყო: რიყის ჩვეულებრივი ქვები გახლდათ.
დიახ, რიყის ჩვეულებრივი ქვები. თქვენ სწორად კითხულობთ, რაც ტექსტში წერია. ამერიკა ისეთი ქვეყანაა, სადაც თურმე შეიძლება, რომ რიყის ნაცრისფერი ქვების გაყიდვით მილიონერი გახდე. ყველაფერი 1975 წელს, “ნიუ-იორკ თაიმსში” გამოქვეყნებული ერთი ჩვეულებრივი სტატიით დაიწყო. ავტორი იუწყებოდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოველები უყვარდათ, მაგრამ მათი შენახვის შესაძლებლობა არ გააჩნდათ, ოთხფეხა მეგობრების და ჩიტუნიების ნაცვლად… ქვები შეეძლოთ “ჰყოლოდათ.” თუმცა მოგვიანებით გარი დალი ირწმუნებოდა, ეს იდეა თავდაპირველად მე მომივიდა თავში და მის შესახებ მეგობრებთანაც კი ვილაპარაკე, როცა შინაური ცხოველების შესახებ ჩამოვარდა საუბარიო. ასეა თუ ისე, Pet Rock-ების ანუ “ქვის შინაური ცხოველების” იდეა სწორედ 1975 წელს გაჩნდა. იდეის გაჩენის შემდეგ მისმა რეალიზაციამაც აღარ დააყოვნა: გარი დალმა ქვები თივის ბულულებზე დააწყო და მუყაოს ყუთებში შეფუთა, რომლებსაც ცხოველების გადასაყვანი ყუთებივით ჰქონდა ხვრელები დატანილი. ყუთებში იდო ასევე რამდენიმეგვერდიანი ბროშურები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოევლო პატრონს თავისი ახალი “შინაური ცხოველისთვის” და რა უნდა ჩაეცმია. სწორედ ამგვარი ფორმით შეიტანა რიყის ქვები გარი დალმა სავაჭრო ქსელში. შეიტანა და ფურორიც მოახდინა: მომხმარებლებმა ქვები მაღაზიების დახლებიდან ააორთქლეს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. გარი მალე შეკვეთებს ვეღარ აუდიოდა. 1976 წლის ბოლომდე მან 1 მილიონ დოლარზე მეტის გამომუშავება შეძლო. ეს არნახული წარმატება გახლდათ, თუმცა თივის ბულულში მოთავსებული ქვების მიმართ ინტერესი მალევე დაეცა. რა აღარ სცადა გარიმ, მაგრამ ქვების პოპულარობა ვერანაირად ვეღარ აღადგინა: ადამიანებს უბრალოდ მობეზრდათ ახალი სათამაშო და ინტერესი დაკარგეს მის მიმართ. აღსანიშნავია, რომ გარი დალი ქვებს მექსიკაში თითოს რამდენიმე ცენტად ყიდულობდა და შემდეგ რამდენიმე დოლარად ყიდდა. ანუ თითოეულ ქვაში მას ასმაგი მოგება რჩებოდა. ისიც ძალიან საინტერესოა, რომ “Pet Rock”-ს დღეს ინგლისურ ენაში ისეთ რაღაცას უწოდებენ, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მოდიდან გადადის და სრულიად უაზრო და უსარგებლო ხდება. ბიზნესის სამეცნიერო ლიტერატურის უამრავ ავტორს დღემდე ძალიან აინტერესებს, თუ რანაირად შეძლო ერთმა ჩვეულებრივმა კალიფორნიელმა მამაკაცმა რიყის არაფრით გამორჩეული ქვები ნახევარი კალიფორნიისთვის მიეყიდა და მილიონერი გამხდარიყო, თუმცა ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ზოგი ამ გაუგონარ წარმატებას “ნიუ-იორკ თაიმსის” ცნობილ სტატიას მიაწერს, ზოგი კი იმ ბროშურას, ქვების შესაფუთ ყუთებში რომ იდო, მაგრამ დანამდვილებით ამ უცნაურ მოვლენას დღემდე მაინც ვერავინ ხსნის. 411 შეფასება არ არის
|