x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეკობრე ქალები

ზღვის ყაჩაღები იმ დროიდან არსებობენ, რაც ადამიანმა ღია ზღვაში, გადაადგილების საშუალებების გამოყენება დაიწყო. თავდაპირველად, გემებს კრეტელი ყაჩაღები ძარცვავდნენ. შემდეგ, ისინი ხმელთაშუა ზღვაში, ბერძნებმა ჩაანაცვლეს და მათვე შემოიღეს ტერმინი perates (მეკობრე), რაც მძარცველს, ყაჩაღს ნიშნავს. იმ პერიოდში მეკობრეებს შორის, იერარქია არსებობდა და მათ შორის ყველაზე დიდ და გავლენიან ფიგურას, რომელიც დიდი რაოდენობით ხომალდს ხელმძღვანელობდა, არქი-მეკობრე ერქვა. ამ წოდების ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, მეფის ან გუბერნატორის სამსახურში იყვნენ და თავიანთი წოდებით ამაყობდნენ, რადგან წოდება და თანამდებობა, რომელიც მათ ეკავათ, იმ დროს, ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა.
მას შემდეგ, რაც ევროპელებმა ოკეანეების უკიდეგანო სივრცეები აითვისეს, მეკობრეობაც უფრო შემოსავლიანი და მოთხოვნადი პროფესია გახდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საზღვაო რეკეტში სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველებიც იყვნენ ჩართულები. 1288 - 1856 წწ. მეკობრეობის მსურველებზე, გასცემდნენ სპეციალურ ლიცენზიებს, ე. წ. კაპერებს, რომლის მფლობელებს, ღია ზღვაში, ნებისმიერი გემის დაყაჩაღება შეეძლოთ, იმ პირობით, თუ ნაძარცვის ნაწილს მეფის ხაზინას ჩააბარებდნენ. კანონი, კაპერების შესახებ, 1288 წელს არაგონის მეფემ ალფონსო III შემოიღო. მოგვიანებით, ასეთ ლიცენზიებს ევროპის და ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში გასცემდნენ, სადაც საზღვაო ნავიგაცია განვითარებული იყო. მეკობრეობით, ძირითადად, მამაკაცები იყვნენ დაკავებულნი, თუმცა – მხოლოდ, ძირითადად...


image


XVI საუკუნეში, ირლანდიელი ო' მეილების ოჯახის წევრები პროფესიონალი მეკობრეები იყვნენ. მათ ოჯახში დაიბადა გოგონა, რომელსაც, გრეისი დაარქვეს. როდესაც მამამისი გარდაიცვალა, გრეის ო' მეილი (1530-1603) ოჯახურ ბიზნესს სათავეში ჩაუდგა და საქმეებს ისე ოსტატურად უძღვებოდა, რომ ირლანდიელმა მეკობრეებმა, ინგლისის დედოფლის ყურადღება მიიქციეს. ელისაბედ I გრეისის თავისთვის, ჯილდოც კი დააწესა, 500 ფუნტის ოდენობით. მაგრამ, როდესაც ამ მეთოდმა არ გაჭრა, დედოფალმა მეკობრე ქალი თავისთან მიიწვია. გრეისმა მიწვევა მიიღო და მისმა გემმა ინგლისისკენ აიღო გეზი. გზაში ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. გრეისმა ნაადრევად ვაჟი გააჩინა. ამავე დროს, მის გემს, თავს თურქი მეკობრეები დაესხნენ. მან ახალშობილი მიატოვა და ხმლებით ხელში, გემბანზე გავიდა. მისმა ასეთმა საქციელმა, ისე აღაფრთოვანა ეკიპაჟი, რომ შეტევაზე გადავიდნენ, თურქი მეკობრეები დაამარცხეს და ინგლისში ჩავიდნენ.

ინგლისის დედოფალსა და მეკობრე ქალს შორის, სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შემდეგ, კიდევ დიდ ხანს იცოცხლა სახელოვანმა მეკობრე ქალმა და გემი, ხანდაზმულობის ასაკშიც არ დაუტოვებია. ის 60 წლის იყო, როდესაც მის გემს, ესპანელი მეკობრეები დაესხნენ თავს. გრეისი საღამურით გამოვარდა გემბანზე და მტრის მოგერიება ხმლით დაიწყო. მას ჭაღარა თმას ქარი უწეწდა. ამის შემყურე ესპანელებმა იფიქრეს, რომ თავად ეშმაკი გამოეცხადათ და გემი დატოვეს.


image


თუ მეკობრე ქალების თემას გავაგრძელებთ, XVIII საუკუნეში, ამ სფეროში, კიდევ ორმა მანდილოსანმა გაითქვა სახელი. ერთი მათგანი, ირლანდიური წარმოშობის, ამერიკელი ფერმერის შვილი, ენი ბონი იყო, ხოლო მეორე – კუბელი მერი რიდი. მეკობრე ქალებმა ერთმანეთი კუბაზე გაიცნეს და გემების ერთობლივად ძარცვა გადაწყვიტეს და იამაიკაზე, რამდენიმე წარმატებული ოპერაციაც განახორციელეს. 1720 წ. ერთ-ერთი ყაჩაღობის დროს, მათი გემი ტყვედ აიყვანეს და ეკიპაჟის წევრები სასამართლოს გადასცეს. მოსამართლემ ყველას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მაგრამ, როდესაც გაიგო, რომ მეკობრეებს შორის ქალებიც იყვნენ, დაიბნა და აღარ იცოდა რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო... ბოლოს, სიტუაცია ისევ მერიმ განმუხტა. მან მოსამართლეს თხოვნით მიმართა – შეებრალებინა, მისი ჯერარდაბადებული შვილი. ის მართლა ფეხმძიმედ იყო და ორივე ქალი ციხეში გადაიყვანეს. მერი მშობიარობის დროს დაიღუპა, ხოლო ენი იამაიკელმა პლანტატორმა გამოისყიდა.

კიდევ ერთი ქალი, რომელმაც სახელი მეკობრეობით გაითქვა, ჩინელი ჩინგ შიმი იყო.


image


XIX საუკუნის დასაწყისში, ჩინგ შის პირველი სამუშაო ადგილი საროსკიპო — «ყვავილოვანი ნავი» იყო. გემი ამ სახელწოდებით, სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპირო წყლებში ცურავდა და კლიენტებს მხოლოდ მეძავების მომსახურებას კი არა, თეატრალურ წარმოდგენებსაც სთავაზობდა.

26 წლის ჩინგ ში, თავისი ოცნების მამაკაცს სწორედ ამ გემზე შეხვდა. მას ჩჟენ ი ერქვა და ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეკობრე იყო, რომელიც სამხრეთ ჩინეთის წყლების უმეტეს ნაწილს აკონტროლებდა. მაგრამ, ქორწინების წინ, ჭკვიანმა ჩინგ შიმ პირობა დააყენა: ის მისი ერთგული მეუღლე იქნებოდა, მაგრამ ქმარს, მისთვის, ფლოტის მართვის თანაბარი უფლება უნდა მიეცა.

იმ ეპოქაში, ქალის მიერ, მამაკაცთან თანაბარ პირობებში, ათასობით ადამიანისგან შემდგარი არმიის მართვა, წარმოუდგენელი რამ იყო. მაგრამ, მეკობრეთა სამყაროში, ხმელეთის კანონები და წესები არ მოქმედებდა...

მთავარი მეკობრეების ოჯახურმა ბედნიერებამ დიდ ხანს არ გასტანა — 2 წლის შემდეგ, ჩჟენი გარდაიცვალა და ქალბატონი ჩჟენი მეკობრეების მეთაური გახდა. ასე მოხვდა მის ხელში 70 000 ზღვის ავაზაკი და 400 გემი, რაც საკმაოდ დიდი ფლოტი იყო!

ჩჟენის გემებზე რკინის დისციპლინა სუფევდა — ეს ერთადერთი გზა იყო, ქალის მიერ, მამაკაცების დიდი რაოდენობის კონტროლისთვის. მაგ., თუ ვინმე არ შეასრულებდა წოდებით უფროსის ბრძანებას, მას თავს აჭრიდნენ.

სიკვდილით ისჯებოდა დატყვევებული ქალების გაუპატიურება და ხაზინის ქურდობით. ტყვე–ქალის გემზე დატოვება, ცოლის ან ხარჭის სტატუსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ამაზე, თავად ქალი იყო თანახმა. ქალბატონი ჩჟენი მეკობრეების სხვა ფლოტებსაც დაუკავშირდა და უდიდესი მეკობრული კოალიცია შექმნა.

XVIII — XIX სს. მეკობრეების დაჯგუფებები ჩინეთში, მხოლოდ ცალკეული სუბიექტების კავშირი კი არა, სრულფასოვანი პოლიტიკური ერთეულები იყო, რომელზეც ხელისუფლება ნადირობდა. მათ საკუთარი გავლენის ზონები, საკუთარი კულტურა ჰქონდათ და მხოლოდ საკუთარი კანონებით ცხოვრობდნენ და ხელმძღვანელობდნენ.

მეკობრეების ასეთი ძლიერი ფლოტის არსებობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ აწყობდა და 1808 წელს მისი განადგურება გადაწყდა. მაგრამ, მეკობრეებმა ხელისუფლების თავდასხმა მოიგერიეს, მათი გემები ჩაძირეს, ხოლო გადარჩენილებს, ნაპირზე მეთევზეების გემებით მოუხდათ დაბრუნება.

მრავალი წლის მანძილზე, ე. წ. წითელი ფლოტის განადგურებას ბევრი ცდილობდა, დაწყებული მეკობრეების მოწინააღმდეგეებიდან და პორტუგალიის და ბრიტანეთის ხელისუფლებით დამთავრებული. მართალია, მეკობრეების ფლოტი დასუსტდა, მაგრამ მისი განადგურება ვერ მოხერხდა. ამიტომ, ცინის იმპერატორმა ქალბატონ ჩჟენს ზავი შესთავაზა, შემდეგი პირობით: ის და მისი მეკობრეები ყაჩაღობაზე ხელს აიღებდნენ და საზოგადოების ღირსეული წევრები გახდებოდნენ. სამაგიეროდ, ხელისუფლება მათ მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე "თვალს დახუჭავდა".

1810 წელს ჩჟენი ხელისუფლების მხარეს გადავიდა, ხოლო მისმა II ქმარმა ჩინეთის მთავრობაში ადმინისტრაციული თანამდებობა მიიღო. ორიოდე წლის შემდეგ, წყვილს ვაჟი შეეძინა. ხოლო, კიდევ 10 წლის შემდეგ, ჩჟენი ისევ დაქვრივდა და საცხოვრებლად გუანჯოუში გადავიდა, სადაც ხელისუფლებისთვის მიცემული დაპირების მიუხედავად, აზარტული თამაშების დაწესებულება გახსნა, სადაც უმეტესწილად, კრიმინალები იკრიბებოდნენ.

ჩჟენი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც მეკობრული სტანდარტით — ღრმა სიბერე იყო.



image

არხის სხვა სიახლეები:


* უძველესი შუმერული ტექსტებით, დედამიწის ყველაზე საშინელი საიდუმლო გაიხსნა

* მაღაროელების აღმოჩენამ სამეცნიერო სამყარო საგონებელში ჩააგდო

* ერთის გარდა, ყველა პლანეტას ღმერთის სახელი ჰქვია



3
317
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
317
  
2023, 25 მაისი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 0:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3