პროფილაქტიკა "ცოფი 100%-ით მომაკვდინებელი დაავადებაა, გარდა ამისა, გზა სიკვდილამდე არის საშინელი" - ვაქცინოლოგი ნინუკა გიგიჩაძე 2023, 30 აპრილი, 12:45 როგორც ცნობილია, მარტვილში ძაღლი, რომელმაც სხვადასხვა ადგილას 22 ადამიანი დაკბინა, მოკვდა. მას ანალიზის შემდეგ ცოფი დაუდასტურდა, თუმცა, 22 -დან ორი პირი უარს აცხადებს ვაქცინაციის ჩატარებაზე. "დადასტურებულად ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი ადამიანებიდან 2 აცხადებს უარს ვაქცინაციაზე. ცოფი 100% სასიკვდილო დაავადებაა, მისი მკურნალობა არ არსებობს, ის ფაქტიურად წამებით სიკვდილით მთავრდება თუ არ მოხდა ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება. 21-ე საუკუნეში ანტივაქსერული ნარატივის პირდაპირი ან ირიბი გავრცელება არის ბოროტება და გონებაჩლუნგობა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება", - წერს სოციალურ ქსელში ექიმი არჩილ მარშანია.
ვიდეოგანმარტებას აკეთებს ვაქცინოლოგი ნინუკა გოგიჩაძეც:
მისი თქმით ქუჩის ძაღლის ან ტყის ცხოველის კბენის შემთხვევაში, აუცილებელია აცრა. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც უარი უნდა თქვას აცრაზე. ცოფი არის ერთადერთი დაავადება, სადაც ასიდან ასივე შემთხვევა ცუდად მთავრდება და ადამიანები იღუპებიან. გარდა ამისა, გზა სიკვდილამდე არის საშინელი. ამიტომ, როდესაც ადამიანს ქუჩის ძაღლი უკბენს ან გაკაწრავს, აუცილებელია აცრა.
არსებობს ქვეყნები, სადაც არ ფიქსირდება ცოფის შემთხვევები, ასეთ ქვეყნებში არ ცრიან, მაგრამ ისეთ ქვეყნებში როგორიც საქართველოა, სადაც ცოფი ცირკულირებს და ძაღლები არიან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამტანები, აცრა აუცილებელია. ჩვენს ქვეყანაში ცოფის ვაქცინა არის დემონიზირებული. არსებობს მოარული ჭორები, რომ აცრის შემდეგ არ შეგიძლია ალკოჰოლის მიღება. არ არსებობს არანაირი კვლევა და მტკიცებულება, რომ ცოფის ვაქცინით აცრის შემდეგ, ალკოჰოლის მიღება იწვევს გაურკვეველ სიმპტომებს. ჭარბი ალკოჰოლის მიღება, თრობა, ხშირად დალევა არ არის რეკომენდირებული. თუ ადამიანს აქვს ალკოჰოლიზმი, ყოველდღე არის მთვრალი ან ნასვამი, ეს ნიშნავს, რომ მისი იმუნური სისტემა კარგად არ მუშაობს". ცოფზე აცრა სასურველია დაიწყოს ძაღლის(კატის, ვირთაგვის, ტურის, გარეული ცხოველის, ძირითადად ტურა, მელა, მგელი) კბენისთანავე, საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება, თუ შესაძლებელია ცხოველზე დაკვირვება, ეს უნდა მოხდეს ვაქცინაციის დაწყების პარალელურად. ცოფის სტატისტიკა საქართველოში: 1996 წელს დაფიქსირდა ცოფის 21 შემთხვევა; 1997 წლიდან 2006 წლამდე - 96 შემთხვევა; 2007 წლიდან 2015 წლამდე - 42 შემთხვევა; 2015 წლიდან 2021 წლის სექტემბრამდე - 3 შემთხვევა. შემთხვევათა კლება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ვაქცინაციის დამსახურებაა. 91 4-ს მოსწონს
|