კინო კახი კავსაძე და ისტორია ერთი ფოტოს გარშემო 2023, 27 აპრილი, 12:36
2 წლის წინ, 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, დღეს ერთ პატარა შტრიხს გავიხსენებთ, შესანიშნავი მსახიობის ხანგრძლივი შემოქმედებიდან.
მთავარ ფოტოზე აღბეჭდილია ფილმის „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასის" გადაღების პროცესი, "დონ კიხოტი"(კახი კავსაძე) მძღოლს გზას ასწავლის, გვერდზე რა თქმა უნდა უცვლელი მარჯვენა ხელი სანჩო პანსა უდგას, რომელსაც მამუკა კიკალეიშვილი ასრულებდა. ეს არის1988 წლის ქართულ( საბჭოთა)-ესპანური 9 ეპიზოდიანი დრამატული მხატვრული ფილმი, დადგმული კინოსტუდია „ქართული-ფილმის“ და ბასკეთის ტელევიზიის მიერ მიგელ დე სერვანტესის უკვდავი რომანის, „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი“ მიხედვით. ფილმის სათაური ნასესხებია მიგელ დე უნამუნოს ამავე სახელწოდების წიგნიდან. კახი კავსაძემ დონ კიხოტის როლის განსახიერებისთვის დიდი მსხვერპლიც გაიღო – მთელი 9 სერიის გადაღების პერიოდში შიმშილობდა და დაახლოებით 35 კილოგრამი დაიკლო! აღსანიშნავია, რომ თავიდან დონ კიხოტის როლზე რეჟისორ რეზო ჩხეიძეს ოთარ მეღვინეთუხუცესი ჰყავდა გათვალისწინებული, თუმცა როგორც თავად რეჟისორი იხსენებს, ვერიკო ანჯაფარიძემ გადააფიქრებინა: "დონ კიხოტის როლზე თავიდან ოთარ მეღვინეთუხუცესს ვფიქრობდი. არაერთი სინჯი გადავუღე. მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, ვყოყმანობდი. ერთხელ ვერიკო ანჯაფარიძე შემოვიდა ჩემთან კაბინეტში. სტუდიაში იყო მოსული და შემოიარა. დავიწყეთ ლაპარაკი. სხვათა შორის მკითხა, დონ კიხოტზე რას შვებიო? მე ვუთხარი, ალბათ ოთარი იქნება-მეთქი. „რეზო, დაფიქრდი, არც შენ გაქვს ტკბილი ხასიათი, არც ოთარს, ამხელა ფილმი გაქვთ გადასაღები და გაუძლებთ ერთმანეთს?“ – ეს ჩამრჩა მეხსიერებაში. გავაგრძელე სინჯების გადაღება და კახი კასვსაძე გამოიკვეთა. ორივე მომწონდა და ვერ გადამეწყვიტა, ვინ ამერჩია. ისიც კი ვიფიქრე, სცენარს გადავაკეთებ-მეთქი. გიგა ლორთქიფანიძემ ჩემი მდგომარეობა რომ ნახა, მითხრა: რეზო, შენ ამ საქმეს მარტო ვერ გადაწყვეტ, დაუძახე სამხატვრო საბჭოს და ყური დაუგდე, რას გეტყვიანო. შევკრიბე სამხატვრო საბჭო, ვაჩვენე ორივეს სინჯი, დავურიგე ფურცლები და ჩაყარეს ყუთში. კახიმ ძალიან ბევრი ხმა მიიღო. წავიღე ეს მასალა მოსკოვში. ისინი არ მთხოვდნენ სინჯების ჩაბარებას, მაგრამ მაინც. თანაც არ მითქვამს, მე ვინ მინდოდა. ყველამ კახის დაუჭირა მხარი. ჩემს თავში დღემდე არის ბრძოლა, კახი სჯობდა თუ მეღვინეთი? კახი ძალიან მომწონს, ძალიან მადლობელი ვარ, მაგრამ დღემდე ვფიქრობ და ოთარი მენანება. კახის აქვს ისეთი დამაჯერებლობა, რომ მისი გიჟური საქციელიც გჯერა." რაც შეეხება სანჩო პანსას როლს, ჩხეიძემ თავიდან ფრუნზიკ მკრტჩიანი დაამტკიცეს, თუმცა მან პირობა წამოუყენა, ჩემი ცოლიც გადაიღეთო. "სანჩოზე გავსინჯეთ მკრტიჩიანი, ძალიან კარგი იყო, მაგრამ პირობა დაგვიყენა, ჩემი ცოლიც გადაიღეთო. ცოლი კი მსახიობი არ იყო. მერე გამოჩნდა მამუკა კიკალეიშვილი, რომელიც ვნახე სტუდენტურ სპექტაკლში „სამოთხის ჩიტი“, გიზო ჟორდანიამ დადგა. მამუკა ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, ამხელა როლს გაართვა თავი. ჩანდა, რომ დიდი მსახიობი დადგებოდა, სართულებს მოიმატებდა. კახისა და მამუკას კაცური ურთიერთობა ჰქონდათ, ამავე დროს, კახი წვრთნიდა მას, გადაღების შემდეგ ელაპარაკებოდა, რეპეტიციას გადიოდა."(ნაწყვეტი წიგნიდან "რეზო ჩხეიძე- კინოს დიდ გზაზე“) მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმი „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასი“ ეკრანზე 1989 წელს გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ქართულ-ეპანური ერთობლივი ნამუშევარი იყო, როლებს თითქმის მთლიანად ქართველი მსახიობები ასრულებდნენ კახი კავსაძე დონ კიხოტის როლის განსახიერებისთვის „ოქროს ვერძით“ დაჯილდოვდა, როგორც წლის საუკეთესო მსახიობი. მიღებული ჰქონდა ჟიურის სპეციალური დიპლომი კინოფესტივალ „სოზვეზდიეზე“ – დიდებული სახის ხორცშესხმისთვის; პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის – დუშანბეს სატელევიზიო ფილმების ფესტივალზე 963 2-ს მოსწონს
|