ისტორია ტოტლებენის ღალატი აწყურის ციხესთან 2023, 18 აპრილი, 14:21
საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმს, რომელსაც ამიერკავკასიის ფრონტზე ოსმალთა ძალების ნაწილი უნდა მიეზიდა, ერეკლე II-მ შესთავაზა რუს-ქართველთა ერთობლივი ძალით ახალციხეზე გალაშქრება. მისი მიზანი იყო მესხეთის განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან.
1770 მარტში სურამში რუსებისა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ. რუსთა სამხედრო რაზმს (1200 კაცი) გენერალი გოტლიბ ტოტლებენი მეთაურობდა, ქართულ ლაშქარს (დაახლოებით 7 ათასი კაცი) - ერეკლე II. 24 მარტს შეერთებული მხედრობა ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ დაიძრა და 14 აპრილს აიღო სადგერის ციხე, 17 აპრილს კი ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს. აქ ერეკლე II-მ უშუალოდ ახალციხეზე გალაშქრება მოითხოვა, რადგან აწყურის ძნელად მისადგომი ციხის მცირერიცხოვანი გარნიზონის წინააღმდეგ ბრძოლა დროისა და ძალის დაკარგვად მიაჩნდა, ხოლო ციხის ღრმა ზურგში მოტოვება, მისი აზრით, თავისთავად გადაწყვეტდა აწყურის საკითხს.ტოტლებენი შეუძლებლად თვლიდა გამაგრებული ციხის ზურგში მოტოვებას და ამიტომ საიერიშო ღონისძიებათა მომზადებას შეუდგა. ერეკლე აწყურის გარემოცვის წინააღმდეგი იყო. ამიტომ ტოტლებენის ჯიუტი საქციელის გამო ხელი აიღო საკუთარ ინიციატივაზე და იძულებული გახდა, საქმე რუსი სარდლისთვის მიენდო. როგორც მეფის წერილებიდან ჩანს, ტოტლებენს პირობა დაუდვია, რომ ციხეს დაუყონებლივ აიღებდა. შესაძლებელია, მეფემ ჯერ კიდევ არ იცოდა რუსეთიდან ჩამოტანილი ზარბაზნების საცეცხლე შესაძლებლობები და მიენდო კიდეც ტოტლებენის დაპირებას. ერეკლე წერს, რომ “ტოტლებენმა პირობა დასდო ჯარში, რომ მტერს დღესვე ციხეს წავართმევო, და ეს ვერ შევიტყვეთ _ ვერ შეძლო თუ არ ინებაო~. რუსთა მოქმედებიდან ჩანს, რომ 1770 წლის 17-18 აპრილს აწყურის ციხისთვის ბრძოლა სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან მიმდინარეობდა. მტკვრის გაღმა არ იყო არცერთი კაცი რუს-ქართველთა ჯარისა და ახალციხიდან მომავალი გზა გადაუკეტავი იყო. რადგანაც სრული გარემოცვა არ მოხერხდა, მტერს საშუალება ჰქონდა, ციხეში შეეგზავნა დამხმარე ჯარი საჭურვლითა და სურსათით. თუ ტოტლებენს ციხის აღება ნამდვილად სურდა და ეს მას შესაძლებლად მიაჩნდა, მაშინ მას ციხეზე ალყა მთლიანად უნდა შემოერტყა. რადგანაც ციხეზე მისასვლელი გზა გადაკეტილი არ იყო, ახალციხის ფაშას უსარგებლია და 18 აპრილს 2000 კაცი შეუგზავნია ციხეში. 19 აპრილს ტოტლებენი მოულოდნელად თავის რაზმითურთ უკან დახევის სამზადისს შეუდგა, რამდენჯერმე აწყურის ციხეს ზარბაზანი ესროლა და სურამისაკენ გამობრუნდა. სამი კვირის შემდეგ ერეკლე II რუსეთის ვიცე-კანცლერ გოლიცინს წერდა: `მე მოველ და ღრაფს დიდად ვევედრე და ჩემი თავი ვითა ერთი მისისა კომანდის აფიცერი ეგრეთ კამანდაში ვაძლივე და მრავალს ვევედრე გამობრუნებას მტერზედ... იმ ჩემს ვედრებაზედ ორი ზარბაზანი ამოაბრუნა და ერთს მაღალ გორაზედ აიტანეს, რომელიც დიდად შორევდა მტერზედ, მუნითგან 4 - 5 ზარბაზანი ესროლა და გაბრუნდა, და აღმითქვა რომ აქავე ახლო ერთს ბალახიან ადგილს ჩამოვხდებიო და ამ სახით გამობრუნდა." მოგვიანებით ტოტლებენმა თავის ლაჩრული ღალატი "სურსათის ნაკლებობით" ახსნა, თუმცა ეს სრული სიცრუე იყო. საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული ერეკლე მეფის განკარგულებები (1769-1770 წლებისა) ნათლად ადასტურებენ, რომ მეფე დიდ ყურადღებას აქცევდა რუსეთის ჯარის მომარაგების საქმეს და მათთვის სურსათის მიყიდვა ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა. ალ. ცაგარელის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით ცნობილია, რომ ერეკლე უსასყიდლოდაც აძლევდა რუსეთის ჯარს სურსათს, ამიტომ სურსათის ნაკლებობის მომიზეზება ტოტლებენს მხოლოდ 19 აპრილს "მოაგონდა". როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები? მტერმა დრო იხელთა, ციხიდან გამოიჭრა და თავს დაესხა ქართველებს. ერეკლე II-მ სწრაფი კონტრშეტევით უკუაგდო მტერი და ასპინძისკენ დაიძრა. ქართველთათვის გზა რომ გადაეჭრა, ახალციხის ფაშამ 1500 მეომარი გამოიყვანა ახალქალაქისა და ხერთვისის ციხეებიდან, მაგრამ ერეკლემ ეს რაზმი დაამარცხა და უკუაქცია. მალე ასპინძასთან მტრის ძირითადი ძალები გამოჩნდა. ოსმალ-ლეკთა 8-ათასიანი კორპუსის დიდ ნაწილს ერეკლემ მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა, ღამით კი აღაბაბა ერისთავს, სვიმონ მუხრანბატონსა და ხუდია ბორბაჩალოელს მალულად გადაახერხინა ხიდის თავხეები ("ისრები"). ამით მტერს უკანდასახევი გზა მოეჭრა. 20 აპრილს ქართველები მტრის პირისპირ საბრძოლო წყობით განლაგდნენ: მარჯვენა ფლანგს დავით ორბელიანი სარდლობდა, მარცხენას - გიორგი ბატონიშვილი (შემდგომში გიორგი XII), ცენტრს – ერეკლე II, რომელიც საერთო ხელმძღვანელობასაც ახორციელებდა. ბრძოლა ქართველთა შეტევით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო დარტყმას და უწესრიგოდ იწყო უკან დახევა ხიდისაკენ. თავხეებგადახერხილი ხიდი ჩაინგრა და ასობით ოსმალ-ლეკი თან ჩაიტანა ადიდებულ მტკვარში. მტერმა ბრძოლის ველზე 4 ათასი მოკლული დატოვა. დაღუპულთა შორის იყვნენ ოსმალთა კორპუსის მთავარსარდალი, რამდენიმე ცნობილი ფაშა და ბეგი. ერეკლემ ორთაბრძოლაში მოკლა ლეკთა ბელადი მალაჩილა (კოხტა-ბელადი). ქართველებმა ხელთ იგდეს ტყვეები, დროშები, ცხენები და დიდძალი იარაღი. 581 2-ს მოსწონს
|