საქართველო ''სახალხოდ გაძლევ სიტყვას, შენ დაიწყე ახალი "დარდუბალა"-ს გადაღება და მე დავაფინანსებ'' - გავიხსენოთ რას წერდა ბიძინა ივანიშვილი შალვა რამიშვილს 2011 წელს 2023, 11 აპრილი, 14:45 2011 წელს როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთვის ემზადებოდა ხშირად აქვეყნებდა ვრცელ საჯარო წერილებს, რომლითაც ის საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს მიმართავდა და ამით ცდილობდა დარწმუნებას არსებული ხელისუფლების მცდარობაში. ერთ-ერთი ასეთი წერილია 2011 წლის 12 ოქტომბრის განცხადება (ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ ), რომელიც ახლაც დევს civil.ge-ზე. წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მონაკვეთი, სადაც ბიძინა ივანიშვილი შალვა რამიშვილს მიმართავს და სთავაზობს დაფინანსებას თუ ის მასთან ითანამშრომლებდა. გთავაზობთ ამ ფრაგმენტს: "აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო „მაესტროს“ წამყვან ჟურნალისტს შალვა რამიშვილს.შალვა, შენ როდესაც „დარდუბალას“ აკეთებდი, მე ჩემი ოჯახით პარიზში ვცხოვრობდი.„დარდუბალა“–ს ყოველი გასვლა ეკრანზე ჩვენთვის იყო ნამდვილი დღესასწაული, ნიჭიერების, ტალანტის ნამდვილი ფეიერვერკი. შენ, მაშინ როგორც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის კუმირი იყავი, რომელმაც გასაოცარი ნიჭიერებით წარმოაჩინე ქვეყანაში არსებული დამყაყებულ-დაჭაობებული გარემო და ადამიანებს პირდაპირ უთხარი, რომ ამ ჭაობში ცხოვრება შეურაცხმყოფელია ადამიანის ღირსებისათვის.დღეს რა მოგივიდა, დღეს რა დაგემართა, შალვა? შენ, ასეთი ელვარე ნიჭით დაჯილდოვებული კაცი უნიჭოს როგორ ემსახურები? ნიჭი ღვთისაგან ბოძებული მადლია და შენ ამ მადლს უღირსთა და უკეთურთა სამსახურში როგორ ფლანგავ?შალვა, როგორ ვერ ხვდები, რომ შენს მიერ შექმნილი "დარდუბალა"-ს პერსონაჟებს დაემსგავსე თანდათან?შენ ახლა ახალ "დარდუბალა"-ს უნდა ქმნიდე და ამ დროს სააკაშვილთან გარიგებული "მაესტროს" მეპატრონეები დაგარბენინებენ აღმა-დაღმა ხელისბიჭივით.წამოდი შალვა და ახალი "დარდუბალა"-ს გადაღება დაიწყე, რომლის გამზადებული სიუჟეტი, ძველი "დარდუბალა"-ს სიუჟეტზე გაცილებით მძაფრი სიუჟეტი, ახალი ოდიოზური პერსონაჟებით, ცხოვრებამ მაგიდაზე დაგიდო, შენ კი მისი აღება გეზარება.სახალხოდ გაძლევ სიტყვას, შენ დაიწყე ახალი "დარდუბალა"-ს გადაღება და მე დავაფინანსებ!" -მიმართავს ბიძინა შალვას. 497 1-ს მოსწონს
|