x
image
თეონა გორდეზიანი
გამოგონილი პატარა ამბავი, რომელიც უამრავი ადამიანის დღევანდელი რეალობაა...

მ ი ტ ო ვ ე ბ უ ლ ი
საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი
***
-გამარჯობა დედა. - ახალგაზრდა მამაკაცი მისაღებ ოთახში შევიდა და მაგიდასთან მჯდარი დედის მოპირდაპირე მხარეს, სკამზე ჩამოჯდა. -მარტო მოხვედი შვილო? - მიესალმა მოხუცი და მის ზურგს უკან გაიხედა, მონატრებული შვილიშვილების ნახვის იმედად. -ხო, მარტო მოვედი, აქეთ ვიყავი და შემოვირბინე. მინდოდა მეკითხა, რამე ხომ არ გიჭირს? - ჰკითხა ვაჟმა და დედას თვალი მოარიდა. მშობელს არ გამოჰპარვია შვილის უხასიათობა. კარგად იცოდა, ასეთ დროს რაღაცის თქმა რომ სურდა, თუმცა იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ვერ ბედავდა. გული ცუდს უგრძნობდა მოხუცს, მაგრამ მაინც გაუღიმა და მშვიდად მიუგო. -ჩემი მზრუნველი ვაჟის ხელში, რა უნდა მიჭირდეს? - ვაჟმა თავი დამნაშავესავით ჩაქინდრა. -გატყობ რაღაც გაწუხებს, გსურს მითხრა და აშკარად გეტყობა, თავს იკავებ. განა ისეთი რა არის, რომ ასე გიჭირს საიდუმლოს გამჟღავნება. - ვაჟმა უმწეოდ მხრები ასწია, მაგიდაზე თითები ნერვიულად აათამაშა, შემდეგ მტვრევა დაუწყო, რამდენჯერმე კედელზე დაკიდული საათისკენ გაიხედა. ისრები ისე სწრაფად გარბოდნენ, მოსაფიქრებელ დროსაც არ აძლევდნენ. არადა ყველაფერი მოფიქრებული ჰქონდა ისე, რომ დედას გული არ სტკენოდა, მაგრამ სუყველაფერი თავდაყირა დაეწყო, საწყის ვეღარ მოაბა თავი. დაბნეული ხან აქეთ-იქით, ხან ზევით-ქვევით იყურებოდა, მხოლოდ დედას ვერ უყურებდა თვალებში, ერიდებოდა, ეშინოდა, დედამ კვლავ შეახსენა მისი მწუხარების მიზეზი.
-იქნებ რამე საიდუმლოა, რომ ვერ მიმჟღავნებ შვილო? -ეს ჩვენს ოჯახურ მდგომარეობას ეხება, დედა. საიდუმლო აქ არაფერ შუაშია. უნდა გამიგო მოხუცო, ძალიან გაჭირდა ცხოვრება. - როგორც იქნა გაბედა მისმა ძემ. -ამდენ გასავალს ვეღარ ავუდივართ, ამას თან ბავშვების სწავლის საფასურიც დაემატა და.. - კაცი წამით შეჩერდა, ჭიქაში წყალი დაისხა, დალია, სული მოითქვა და გააგრძელა. -აღარც ქალი მუშაობს, დაითხოვეს სამსახურიდან, მისი კომპანია გაკოტრდა, ვართ ასე ჰაერში დაკიდებულივით, როდის დავენარცხებით ძირს, არავინ იცის. -კი მაგრამ, დედამ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ძირს არ დაენარცხოთ.- აღელვება დაეტყო ქალს ხმაში. ცოტა დუმილის შემდეგ ვაჟმა ჩაიბუტბუტა. -მომვლელი უნდა დავითხოვოთ, ხელფასის გადახდას ვეღარ შევძლებთ, შენი პენსია კი მას არ ეყოფა და.. -გასაგებია. აქამდე როდის არ ესმოდა დედას შენი, ახლაც შევდივარ ჩვენი ოჯახის მდგომარეობაში, დავითხოვოთ, თანახმა ვარ, სანამ ჯერ კიდევ შემიძლია და დავჩანჩალებ, თავს თვითონ როგორმე მივხედავ, მაგრამ ის „და...“ რას ნიშნავს შვილო? - თქვა და შეუმჩნევლად თვალზე ცრემლი მოიწმინდა. -ამ ბინასაც ბევრი ხარჯი აქვს დედა. დენი, წყალი, გაზი, შენი კვება, ქირაზე აღარ ვამბობ არაფერს. -გამოსავალი? - შეაწყვეტინა მკაცრი ხმით დედამ. -იქნებ ჯობდეს, მოხუცთა თავშესაფარში რომ გადახვიდე, დროებით მაინც, სანამ ცოტას ამოვისუნთქებთ. - როგორც იქნა გაახსენდა, რის სათქმელადაც იყო მოსული. -გპირდები დედა, მალე უკან დაგაბრუნებთ. - მოხუცს მწარედ გაეღიმა. -არა ეს მისი შვილი არ არის, სხვისი ხმაა, ის ამას არ ეტყოდა. დააჯერეს, დააძალეს, ათქმევინეს. საბრალო ბიჭუნა სულ დაპატარავდა, დაჩიავდა. სადღაა მისი ვაჟკაცური ხიბლი, ძალა. რა დღეშია? ნუთუ მშობელი უნდა შეეწიროს მსხვერპლად, მაგრამ შვილს თქმით სხვა რამ უთხრა: -განა გინახავს, ან გაგიგონია იქიდან ვინმე დაბრუნებული? - ჰკითხა და ვაჟს დაჟინებით მიაჩერდა. -რას ამბობ ადამიანო, ასე როგორ მეუბნები, იქ სამუდამოდ როგორ დაგტოვებ. ხომ გითხარი უკან დაგაბრუნებ-თქო. მალე რძალიც მოძებნის ახალ სამსახურს და კვლავ ფეხზე დავდგებით. -როდის მივდივართ? - ჰკითხა დედამ და ფეხზე წამოდგა, აღარ სურდა საუბრის გაგრძელება, თავს ძლივს ერეოდა, სადაცაა წაიქცეოდა, ერთი სული ჰქონდა, პირმშო როდის გაეცლებოდა. -უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას დირექტორთან, სამ დღეში ყველაფერი გადაწყდება, მხოლოდ შენი თანხმობაა საჭირო. - ბიჭმა ისევ ჩაქინდრა თავი. -თუ წინააღმდეგი არ იქნები დედა... - ძლივს ამოღერღა ბოლოს. -არა, არ ვიქნები. თქვენ ხომ უკვე აწარმოეთ უჩემოდ მოლაპარაკება, რა ხანია გადაგიწყვეტიათ კიდეც და ახლა ნებას რაღად მთხოვთ, გააგრძელეთ იმ მიმართულებით, როგორც დაიწყეთ. - თქვა და თავისი საძინებლისკენ მუხლების კანკალით გაემართა.
მთელი ღამე თვალი არ მოუღუჭავს, თავზე დაათენდა, წყევლიდა გაჩენის დღეს, ხუთი წელია ქმარი მიწას მიაბარა, მომვლელი მათ ორივეს უვლიდა, ახლა მასთან მარტო დარჩა. არ ტოვებდა, უკეთეს პირობებშიც არ გადადიოდა, შეეჩვივნენ ერთმანეთს, დედა-შვილივით იყვნენ შეხმატკბილებულები და ახლა, ძაღლის უმადური პატრონივით უნდა მოიქცეს, ამ ცივ ზამთარში გარეთ უნდა გააგდოს, უმუშევარი, უბინაოდ, ულუკმაპუროდ ქუჩაში დატოვოს. ვაი სირცხვილო? მაგრამ საკუთარი ვაჟი რამ გამოაშტერა, რამ გაუცია ასე გული, განა მანაც უნდა გააგდოს დედა სახლიდან? განსხვავებული, ტკბილი ენით, მოტყუებით, მლიქვნელურად, ატყუებდეს პატარა ბავშვივით... ხვალ კაკას გიყიდი... დე, არ იდარდო, მალევე უკან დაგაბრუნებთ. „სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს“. ერთიც არ უთქვამს, ჩვენთან გადაგიყვან საცხოვრებლადო. სადმე კუთხეში მივეგდები, საარსებოდ შავი პურიც მეყოფოდა, დედა ვარ და ყველაფერს გავუძლებდი გაჭირვებული შვილის გამო. - ბოლო წუთამდე ჰქონდა იმედი... ცრემლი მოიწმინდა და კვლავ ფიქრებს გაუყვა. -ბავშვები?.. მათ როდისღა ნახავს, აქ თვეში ერთხელ არ მოყავს ბებოს სანახავდ, როგორ ანატრულებს და იქ ვინღა მოიყვანს. - თავი უსუსურად იგრძნო, ასე როგორ გახდა ყველასთვის ზედმეტი და ყველასგან მიტოვებული. -რა მწარე ყოფილხარ სიბერევ. - ცრემლიანი თვალებით გამოემშვიდობა მომვლელს, პატიება სთხოვა ყველას მაგივრად, ტირილით დაშორდნენ ერთმანეთს, სახლს საბოლოოდ შეხედა და მანქანაში უჩუმრად ჩაჯდა. მოხუცთა თავშესაფრამდე ხმა არ ამოუღია, მისტიროდა განვლილ ცხოვრებას და მწარე მომავალს. წინ დირექტორი შეეგებათ გამოწვდილ ქაღალდზე ისე მოაწერა ხელი, არც დაუხედავს. ფიქრებიდან მხოლოდ მაში გამოერკვა, როცა შვილი დაემშვიდობა. -არ იდარდო დედა, აქ კარგ ყურადღებას მოგაგქცევენ, მე ხშირად გინახულებ და მალე დაგაბრუნებ სახლში. - ფაჯნრიდან გაჰყურებდა თუ როგორ პატარავდებოდა ისედაც დაპატარავებული ერთადერთი ვაჟის სილუეტი. ყველასგან მიტოვებულმა მოხუცმა მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვა: -ღმერთო, ნუ დასჯი ჩემს შვილს და ნურასოდეს მოიყვან აქ, ჩემს ადგილას.

ჯაბა ქვლივიძე 2022 წ ე ლ ი.
image
0
62
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0