x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134783
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509139
"არ ვიცი ამ კაცის მიმართ რატომ მაქვს სიმპათია, მაგრამ ...."- ვისზე საუბრობს დომენიკ მანგო

image


სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე იგივე დომენიკ მანგო ორწლიანი ძებნის შემდეგ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სამართლადმცველების მხრიდან მისი აყვანის გამო სინანულს გამოთქვამს:


"მე გული მიგრძნობს, ბოლო სერიაში ბადრი ესებუას ვერაფერს დაუმტკიცებენ და ბრალსაც ვერ წაუყენებენ. არ ვიცი ამ კაცის მიმართ რატომ მაქვს სიმპათია, ზოგადად კრიმინალზე წითელი შუქები მენთება, მაგრამ რაღაცნაირად გული დამწყდა რომ დაიჭირეს. ეგეც კაი ტიპია ???? თავისი სახლიდან 2 კმ-ში რას დაჯდა? (იმედია საქართველოს ბანკი სამუდამოდ არ გამაძევებს ბანკიდან ????)"- წერს დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე დღის წინ სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. სამართალდამცველებისთვის დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ესებუას ადვოკატის განცხადებით, "საქართველოს ბანკის" ძარცვაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ესებუა აცხადებს, რომ თავდასხმის დღეს ბანკის შენობაში საერთოდ არ ყოფილა.


ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებას.






0
265
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
265